ახალი ამბები

არასამთავრობოები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად კითხვარებზე მუშაობენ

26 დეკემბერი, 2013 • • 1413
არასამთავრობოები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად კითხვარებზე მუშაობენ

აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით ორივე ორგანიზაციის წარმომადგენელმა დღეს, 26 დეკემბერს “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” ოფისში განცხადება გააკეთა.

 

“ამ პროექტის ფარგლებში ვიმყოფებოდით ჩეხეთში, შეხვდით ადგილობრივ პოლიციას, სადაც გაგვაცნეს მოდელი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად. ეს არის სპეციალური კითხვარი 15 კითხვით. როდესაც ხდება გამოძახება, მაშინ ივსება ეს კითხვარი, როგორც მოძალადის, ასევე მსხვერპლის მიერ. შემდეგ სპეციალური ფორმულით ირკვევა, ვინ არის მოძალადე, და ვინ – მსხვერპლი. ეს კითხვარი არის საკმაოდ მარტივად შესავსები, ამასთან, პოლიციას არ სჭირდება სპეციალურად დიდი დრო ამისთვის. ეს მოდელი გამორციხავს რისკს, რომ არასწორად იყოს შეფასებული მსხვერპლი და მოძალადე,”- ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნინო ჩიხლაძე.


იურისტის განმარტები, ის ფორმა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში არსებობს [შემაკავებელი ორდერის გამოწერა], გულისხმობს ხანგრძლივ პროცედურებს, რაც ართულებს მსხვერპლის დაცვას.


“გარკვეული პრობლემები არის მის შევსებასთან დაკავშირებით. ეს ორდერი უნდა გადაიგზავნოს 24 საათის სასამართლოში, სადაც უნდა დაამტკიცდეს ის. საპატრულო პოლიცია ხშირად არ გამოსცემს ორდერს, აწერინებს ხელწერილს, რასაც იურიდიული ძალა არ აქვს და შესაბამისად, მერე ვერ მტკიცდება რა სიტუაცია იყო ძალადობის ფაქტის დროს. ეს იქნება მარტივი პოლიციისთვისაც, დროც ნაკლები დაიხარჯება მათ მიერ,”- აცხადებს ჩიხლაძე.


სწორედ იმისთვის, რომ ეს რისკები აცილებული იყოს თავიდან და და პოლიციისთვის უფრო გამარტივებული იყოს მუშაობა, არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ახალი მოდელის დანერგვის ინიციატივით გამოდიან.


“სპეციალისტებმა ჩეხეთიდან, რომლებიც საქართველოში იყვნენ ჩამოსულები, გამოიკვლიეს ამ მხრივ ხარვეზები და შესაბამისად, შემოგვთავაზეს ამ მოდელის დანერგვა ჩვენთანაც. ეს მოდელი შვედეთში, კანადასა და ჩეხეთში დაინერგა თავდაპირველად,”- ამბობს საიას იურისტი. 

 

ელისო ამირეჯიბი, ძალადობისგან ეროვნული დაცვის ქსელის კოორდინატორი ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ მიმართავს, რომ ოჯახური ძალადობის დროს, პოლიციელები არ წერენ შემაკავებენ ორდერს.

 

“რითაც ვუბრუნდებით ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მიღებამდე მდგომარეობას, რაც მსხვერპლის დაცვის ხარისხს ამცირებს. არსებობს გაეროს კვლევა საქართველოში, თუ რატომ არ წერენ პოლიციელები ორდერს. სამართალდამცავების თქმით,  პროცედურაა გართულებული, პოლიციას უწევს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სასამართლოში ყოფნა იმისთვის, რომ დამტკიცდეს ეს ორდერი. 2 წლიანი პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მხარდაჭერით, ჩვენ და საია პოლიციელებისთვის ტრენინგს ვატარებდით. ვაცნობდით ამ მოდელს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ გამოძახების დროს რისკის შეფასების ფურცელი,”- აცხადებს ელისო ამირეჯიბი.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი აღნიშნული მოდელის საქართველოში დანერგვაზე, ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტრის მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი