ახალი ამბები

ახალაია სააპელეციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო, შამათავა და გორგაძე დარბაზში დააკავეს

4 დეკემბერი, 2013 • • 2095
ახალაია სააპელეციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო, შამათავა და გორგაძე დარბაზში დააკავეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს დარბაზშივე დააკავეს ზურაბ შამათავა და ალექსანდრე გორგაძე. მათ ამნისტიის შედეგად სასჯელის ზომად განესაზღვრათ 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ალექსანდრე გორგაძე და ზურაბ შამათავა სასამართლო დარბაზში დააკავეს
ალექსანდრე გორგაძე და ზურაბ შამათავა სასამართლო დარბაზში დააკავეს

 


ალექსანდრე გორგაძის და ზურაბ შამათავას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ’’ბ’’ და ’’გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაზე.


ამას გარდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გენერალი გიგი კალანდაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ვაზიანის ეპიზოდში, რისთვისაც მას 3 თვით აეკრძალა სამხედრო სამსახურში თანამდებობის დაკავება.


 

“გიორგი კალანდაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით [სენაკის ეპიზოდი] გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან”, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.


 

“რა თქმა უნდა, ამ განაჩენს გავასაჩივრებთ, მინდა მივულოცო პროკურატურას, სამართლიანობამ იზეიმა და დააკავეს გორგაძე და შამათავა,” – განაცხადა გიგი კალანდაძემ.

 

მოსამართლის თქმით, ეს იყო ძალიან მძიმე, მაგრამ სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. ახალაიას ბრალი ედებოდა: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ორი ეპიზოდის ჩადენაში. (საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით). აგრეთვე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორ ეპიზოდში, აქედან ერთი ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით (საქართველოს სსკ-ს 25-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით), ხოლო მეორე ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ს 25-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით) და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ს 25-ე მუხლით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით).

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ბაჩანა ახალაია გაამართლა.

 

ამავე საქმეზე ბრალდებულები – მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარსალია, გიორგი კინწურაშვილი და გაგა მკურნალიძე სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო.


ადვოკატები და ბრალდებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს და უკანონოს უწოდებენ:


“გმირებს იჭერენ და ქურდებს და მამაძაღლებს თანამდებობებს აძლევენ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ ველოდი”, – განაცხადა ბაჩო ახალაიას მამამ, როლანდ ახალაიამ.

 

“საქმე არ ეხება სამართლებრივ შეფასებას, მათ დაიჭირეს გმირები, ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ჯარისკაცობიდან და მიაღწიეს იმას, რომ ერთი გახდა სერჟანტი, მეორე გახდა მე–4 ბრიგადის ხელმძღვანელი, მათ საკუთარ სხეულზე გადაიტანეს 2008 წლის მოვლენები, ეს ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ”, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ონიანი.

 

პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგა:

 

“სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ აღდგა დაზარალებულთა შელახული პატივი და ღირსება. საზოგადოებაში დაბრუნდა ის განცდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში მოახერხა და დაამტკიცა წარდგენილი ბრალდებები. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ ვერ შეძლეს, რომ სრულად მოეხვიათ სააპელაციო სასამართლოსთვის თავიანთი ვერსია, რაც წარმატებით განახორციელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე გიორგი დარახველიძის შემთხვევაში. რაც შეეხება დანარჩენ ეპიზოდებს, სადაც გამამართლებელი განაჩენი დადგინდა, ჩვენ გადმოგვეცა განაჩენის ასლი და დასაბუთება და მხოლოდ ამის გაცნობის შემდეგ იქნება მიღებული შემდგომი გადაწყვეტილება”, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა 5 სხდომა.


 

ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,”ა” და ,”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ალექსანდრე გორგაძე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

 

ხოლო ბრალდებულ ზურაბ შამათავას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით (ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის, პაატა პაატაშვილის ცემას სხვა ჯარისკაცების თვალწინ, ბაზაზე ტელეფონის უნებართვო შეტანის გამო) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.


მასალების გადაბეჭდვის წესი