ახალი ამბები

ავსტრია თანახმაა დავით ჩაგინავას საქართველოში ექსტრადირებაზე

24 ოქტომბერი, 2013 • • 1607
ავსტრია თანახმაა დავით ჩაგინავას საქართველოში ექსტრადირებაზე

ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას ავსტრიის რესპუბლიკის  იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ  ოფიციალურად აცნობა.

 

2013 წლის 10 სექტემბერს ჩაგინავას მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 30 სექტემბერს იგი ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე  დააკავეს.  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური იუსტიციის სამინისტროს ჩაგინავას ექსტრადიციის მოთხოვნით 16 ოქტომბერს მიმართა. 2013 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს მთავარ პროკურატურას ავსტრიის რესპუბლიკის  იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა, რომ დავით  ჩაგინავას საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. 

 

დავით ჩაგინავას ეტაპირება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 

დავით ჩაგინავას 2013 წლის 29 ივლისს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ).

 

საქართველოს სსკ 144მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდა. 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავამ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისადმი დაქვემდებარებული შს სამინისტროს თანამშრომლებისა და სხვა პირებისგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა დანაშაულების ჩადენა. დავით ჩაგინავა წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. მეგის ქარდავას უშუალო დავალებით, ჯგუფის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, ტყის მასივებში კონკრეტულ პირთა წამების, დაშინების და სხვა უკანონო ქმედებების ჩასადენად მოწყობილი ქონდათ ე.წ. „მიწურები“ და ხის სადგომები.

დავით ჩაგინავა, 2011 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, აღნიშნული ადგილების გამოყენებით, თანამზრახველებთან ერთად, მეგის ქარდავას დავალებით უშუალოდ მონაწილეობდა ორი პიროვნების გატაცებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაში. ზემოხსენებულ ქმედებებს ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ, რათა უდანაშაულო პირებისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით, დავით ჩაგინავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი