ახალი ამბები

თამარ სალაყაიამ განცხადებით მიმართა პროკურორს მერაბიშვილთან პაემნის თხოვნით

26 სექტემბერი, 2013 • 1985
თამარ სალაყაიამ განცხადებით მიმართა პროკურორს მერაბიშვილთან პაემნის თხოვნით

“გთხოვთ დამრთოთ ნება მოკლევადიანი პაემნის მეუღლესთან, ივანე მერაბიშვილთან, რომელიც ამჟამად მოთავსებულია #9 დაწესებულებაში. ასევე გთხოვთ დამრთოთ ნება პაემანზე შევიყვანო ჩვენი ვაჟი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი განმარტავს, როდესაც პირი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, როგორც ეს არის მერაბიშვილის შემთხვევაში, მასთან პაემნის ნებართვას იძლევა სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუმცა ამისათვის საჭიროა თანხმობა იმ ორგანოდან, ვინც აწარმოებს გამოძიებას, ანუ პროკურატურიდან:


“ქალბატონმა თაკო სალაყაიამ ორჯერ უკვე მიიღო ნებართვა შეხვედრაზე, თუმცა ამ შეხვედრებს შვილი არ ესწრებოდა. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა თხოვნა, რომ ვანო მერაბიშვილისთვის მიეცათ სატელეფონო საუბრის საშუალება ოჯახთან, თუმცა უარი მივიღეთ. ამჯერად არ მაქვს ინფორმაცია, დაუკმაყოფილეს თუ არა თხოვნა შეხვედრის თაობაზე”, – აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.

 

“თაკო სალაყაიას ჰქონდა ორი მოკლევადიანი პაემანი ვანო მერაბიშვილთან, არც ერთ პაემანს შვილი არ ესწრებოდა. ამჯერად არ ვიცით, დაუკმაყოფილდა თუ არა მოთხოვნა, ამის თაობაზე უნდა მიმართოთ პროკურატურას”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.


პროკურორ რევაზ თოფურიას თქმით, მათ დააკმაყოფილეს თამარ სალაყაიას განცხადება და იგი შვილთან ერთად უახლოეს პერიოდში განახორციელებს მოკლევადიან პაემანს ვანო მერაბიშვილთან. მისივე თქმით, ასევე, დაკმაყოფილდა ვანო მერაბიშვილის დის – მარინე მერაბიშვილის თხოვნა მოკლევადიან პაემანთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი