ხელოვნება

“გრძელი, ნათელი დღეები” – პრემიერამდე ერთი დღით ადრე

18 სექტემბერი, 2013 • 2937
“გრძელი, ნათელი დღეები” – პრემიერამდე ერთი დღით ადრე

როგორც რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ 90–იანი წლების თემა საქართველოში იმდენად აქტუალური აღარ იყო, მან მაინც გადაწყვიტა სცენარის სწორედ ამ პერიოდის შესახებ დაწერა:

ნანა ექვთიმიშვილი
ნანა ექვთიმიშვილი

“არ მინდა ლოზუნგივით გამომივიდეს, მაგრამ არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც, ჩემი აზრით, მაყურებელმა ფილმი უნდა ნახოს. პირველი ის, რომ  ჩვენ ვიყავით ნაწილი ამ ყველაფრის, ეს არ არის მარტო ჩემი ისტორია, ეს არის ყველას ისტორია, იმიტომ, რომ ეს დრო შეეხო ყველას. ასევე ფილმის ორი მთავარი გმირის გამო, ნათია და ეკა, მე მგონია, რასაც ეს გმირები გადმოსცემენ ეკრანზე, ეს არის კინოშთაბეჭდილება და ამიტომ ღირს ამ ფილმის ნახვა”, – აცხადებს ნანა ექვთიმიშვილი.

როგორც ფილმის მეორე რეჟისორი, სიმონ გროსი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მას 90–იანი წლების საქართველოში არ უცხოვრია, ეს ისტორია მისთვისაც ძალიან ახლობელი გახდა:

“ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი იყო ნანას ისტორია, ჩვენ 10 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და მისი ისტორია ჩემთვისაც ძალიან

სიმონ გროსი
სიმონ გროსი

ახლობელი გახდა. ზუსტად იგივე იქნებოდა, მე რომ გამეკეთებინა გერმანიაში ფილმი მეორე მსოფლიო ომზე ან 60–იან წლებზე, რომელიც მე არ გამომიცდია და არ მახსოვს. მომიწევდა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ლაპარაკობდნენ, რა ეცვათ ადამიანებს, როგორი გარემო იყო, რა ხდებოდა მაშინ”, – აცხადებს სიმონ გრასი.

ფილმის მთავარი გმირები, მარიამ ბოკერია და ლიკა ბაბლუანი, რომლებსაც ფილმში აღწერილ პერიოდში არ უცხოვრიათ, ამბობენ, რომ გადაღებების ორი თვე მათთვის 90–იან წლებში მოგზაურობას ჰგავდა:

“თავიდან სცენარი წაკითხული არ გვქონდა, ნანამ გვითხრა იდეა და შემდეგ ეს იდეა განვახორციელეთ. ჩვენ 90–იან წლებს არ მოვსწრებივართ, მაგრამ გადმოცემით ვიცით ჩვენი მშობლებისგან. ეს ორი თვე ჩვენთვის იყო მოგზაურობა 90–იან წლებში”, – ამბობს მარიამ ბოკერია.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოდან კანდიდატ ფილმად “გრძელი ნათელი დღეები” წარადგინეს. სხვადსხვა ქვეყნებიდან “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” ნომინაციაში მოსახვედრად 70–მდე ფილმი იბრძვის. რეჟისორები პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებენ:

“ნაწილობრივ ვიცი იმ ფილმების ჩამონათვალი, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ გაგზავნილი. ბევრი ფილმი იმ ფესტივალებზეც აჩვენეს, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობდით, ზოგი ფილმის რეჟისორიც გავიცანით, ძალიან კარგი ფილმებია. წინასწარ ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ ფილმს ხვდა პატივი წელს საქართველო ოსკარზე წარადგინოს”, – ამბობს ნანა ექვთიმიშვილი.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც უახლეოს მომავალში “გრძრელ, ნათელ დღეებს” აჩვენებენ, რეჟისორების განცხადებით, ჩამონათვალი დიდია. უახლოეს მომავალში ფილმი მაროკოს ფესტივალზე გაემგზავრება, ფესტივალზე დასასწრებად მთავარი გმირები მარიამ ბოკერია და ლიკა ბაბლუანი რეჟისორების გარეშე წავლენ:

“ასევე მალე იქნება პრემიერა ამერიკაში. საფრანგეთში და ბელორუსში ფილმი გამოვა 27 სექტემბერს, ასევე იქნება ესპანეთში, ახლახანს იყო იტალიაში, მილანში, სადაც ორი პრიზი დავიმსახურეთ, ერთი არის მაყურებლის პრიზი, რაც ძალიან გასაკვირია და გასახარია, რადგან მაყურებლელი არის ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი, ეს რთულად მოპოვებადი პრიზია, ასევე ფილმი წავა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყაზახეთში, მონღოლეთში. სანკტ–პეტერბურგში ახლახან გადიოდა”, – აცხადებს ნანა ექვთიმიშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებებ იმის თაობაზე, აჩევნებენ თუ არა ფილმს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

თბილისში “გრძელი, ნათელი დღეების” პრემიერა ხვალ, 19 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. ფილმის ნახვა მაყურებელს კინოთეატრებში ერთი თვის განმავლობაში შეეძლება, რეჟისორების განცხადებით, მაყურებელთა აქტიურობიდან გამომდინარე შესაძლოა ფილმის ჩვენება ერთი თვის შემდეგაც გაგრძელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი