ახალი ამბები

ბესელია – აქციის მონაწილეს: არ ვარ ის დეპუტატი, რომელსაც მეგაფონებით უნდა ელაპარაკონ

18 სექტემბერი, 2013 • • 855
ბესელია – აქციის მონაწილეს: არ ვარ ის დეპუტატი, რომელსაც მეგაფონებით უნდა ელაპარაკონ

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი კაჩმაზოვმა ბესელიას მეგაფონით მიმართა და ჰკითხა – დღეს მიიღებს თუ არა პარლამენტი აღსრულების შეჩერებაზე და გრძელვადიანი სესხების გაცემაზე კანონს, რაზეც მან უპასუხა, რომ არ არის ის დეპუტატი, რომელსაც მეგაფონებით უნდა ელაპარაკონ:

 

“ვისაც რა აინტერესებს, მე ინდივიდუალურად ველაპარაკები. მე არ მინდა მეგაფონებით ლაპარაკი, მე არ ვარ ის დეპუტატი, რომელსაც მეგაფონებით უნდა ელაპარაკონ. არ გვინდა შოუების მოწყობა. რუპორი არ მოქმედებს ჩემზე, გაჭირვებული ადამიანი მოქმედებს.”


გედევან ფოფხაძის თქმით, მთავრობასთან პოზიციების შეჯერების გარეშე პარლამენტის გადაწყვეტილებას აზრი არ ექნება:

 

“იმდენად, რამდენადაც მთავრობას განსხვავებული პოზიცია აქვს და მთავრობასთან პოზიციების შეჯერების გარეშე ჩვენ გადაწყვეტილებას აზრი არ ექნება, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას მთავრობასთან. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ თუ გამოსახლების ფონზე შევეცდებით ამ პრობლემის გადაწყვეტის ძებნას, ეს იქნება ძალიან მძიმე, რადგან ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ მათ სახლებიდან ასახლებენ, ისინი ელემენტარულად ვერ დაიჯერებენ იმას, რომ ვინმეს მათი პრობლემების გადაწყვეტა უნდა და რაიმეს მაგ კუთხით ფიქრობს.”

 

ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ რაღაც ფორმით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება:

 

“არ არის აუცილებელი კანონით გაკეთდეს ეს, შეიძლება შიდაუწყებრივი გადაწყვეტილება იყოს და, უბრალოდ, სანამ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვიპოვით ამ ხალხისთვის, საუბარია ელემენტარულზე, რომ ეს ხალხი არ გამოასახლონ. გასაგებია, რომ მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებმაც სესხი გასცეს, მაგრამ აქაც გასარკვევია, ვინ არის ის ხალხი, რატომ ეწევიან მსგავს კომერციულ საქმიანობას. თუ იურიდიული პირია, რამდენად კეთილსინდისიერი იყო ეს ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, და ბოლოს თუ დადგინდება, რომ რაღაც ჯგუფი მაინც რჩება გამოსასახლებელი, მათ მიმართ სახელმწიფომ რაღაც ვალდებულებები უნდა აიღოს. ბოლო-ბოლო იყიდოს ეს სახლები და სარგებლობაში მისცეს ამ ხალხს.”

 

ფოფხაძე აცხადებს, რომ თუ იპოთეკით მოსარგებლეები მისგან დეპუტატობაზე უარის თქმას მოითხოვენ, ის ამას გააკეთებს:

 

“თუ ეს ხალხი იტყვის, რომ ჩვენ ვითხოვთ გედევან ფოფხაძემ დატოვოს პარლამენტიო, თუ ეს მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, კი, ბატონო, მე შევასრულებ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამის. უბრალოდ, ვერ ვხვდები ამით სარგებელს ვინმესთვის, იმიტომ, რომ თუ პარლამენტს დატოვებს ის ხალხი, რომლებიც ამ ხალხს მხარს უჭერს, მაშინ ავტომატურად დარჩება ის ხალხი, ვინც მოშიმშილეების პოზიციას არ იზიარებს და მაშინ საერთოდ უყურადღებოდ დარჩებიან.”

 

იპოთეკით მოსარგებლე ირაკლი კაჩმაზოვი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ პარლამენტარების დაპირება წინასაარჩევნო დაპირებაა:

 

“არჩევნების მერე მოხდება ის, რაც ხდებოდა სააკაშვილის და შევარდნაძის დროს, რაც მოხდა ახლა, ჩვენ თვალწინ, რაც დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილმა და არ აგვისრულა. ესენი ამბობენ, რომ კანონს თურმე ათასი პროცესუალური მიმართულება აქვს და სამუშაოა ბევრი. არ გვაინტერესებს ხალხს, ჩვენი მოთხოვნაა კანონი მიიღონ დღესვე. თუ არადა, მოვითხოვთ ამ ყრუ პარლამენტის მუშაობის შეწყვეტას და ბრმა პარლამენტის, რომლის თვალწინ და ყურის წინ ექვსმა კაცმა თავი მოიკლა, ექვსი კაცი შიმშილით იკლავს თავს, მეთხუთმეტე დღეა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი