ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა რიგის კონფერენციაზე

7 სექტემბერი, 2013 • • 1342
ბიძინა ივანიშვილის სიტყვა რიგის კონფერენციაზე

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რიგის კონფერენციაზე მოწვევისათვის. ფასდაუდებელია თქვენი საქმიანობა ევროკავშირისა და ნატოს წინაშე მდგარი იმ გამოწვევების დაძლევის საქმეში, რომლებიც თავდაცვასთან, ეკონომიკასა და უსაფრთხოებასთან  არის დაკავშირებული.


საქართველოს აქვს  იმის ამბიცია, რომ შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ პრობლემების გადაჭრის საქმეში. მართალია, ჩვენ ჯერ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრები არა ვართ, მაგრამ უკვე აქტიურად ვართ ჩართული ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პროექტებში.

 

აღმოსავლეთ ევროპაში ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების  პრობლემები. სამწუხაროდ, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში დღემდე ბევრია გადაუჭრელი კონფლიქტი. თქვენ იცით, რომ ეს პრობლემა საქართველოს წინაშეც მწვავედ დგას. ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, რეგიონისთვის დღესაც  ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად  რჩება.

 

ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. ევროკავშირი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეუთოსთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და საქართველოში  სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ერთადერთი საერთაშორისო კონტინგენტია ადგილზე. ევროკავშირი  ასევე „არაღიარების  პოლიტიკის“ აქტიური მხარდამჭერია და მოვლინებული ჰყავს კრიზისის საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენელი. იმედი გვაქვს, ევროკავშირი სამომავლოდ უფრო მეტად ჩაერთვება ამ პროცესში.


ახლა, ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ საქართველოში არსებული ვითარებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. ასევე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.

 

როგორც არაერთხელ ითქვა, გასული წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი წყალგამყოფია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. უკან დარჩა 20–წლიანი  ძალისმიერი თუ მშვიდობიანი გადატრიალებების, გაყალბებული არჩევნების, სამოქალაქო ომისა  და კონფლიქტების ეპოქა.

 

შარშან საქართველოში მოხდა უპრეცედენტო მოვლენა – მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება არჩევნებში გამარჯვებული “ქართული ოცნების” პოლიტიკური კოალიციისათვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინასაარჩევნო პროცესი საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა – არჩევნებში გასამარჯვებლად წინა მთავრობას მობილიზებული ჰქონდა მთელი ადმინისტრაციული რესურსი,  ზეწოლას ახდენდნენ და აშანტაჟებდნენ ოპოზიციურ პარტიებს, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს; პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებდნენ ადამიანებს, არბევდნენ ოპოზიციის ოფისებს, უკანონოდ აყადაღებდნენ მათ ქონებასა და ფინანსურ ანგარიშებს.

 

და მაინც, მიუხედავად ამხელა წნეხისა, ქართველმა ამომრჩეველმა აჩვენა პოლიტიკური სიმწიფე და საარჩევნო კულტურის მაღალი დონე. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ  საერთაშორისო საზოგადოების  მხარდაჭერის გარეშე, რომელიც ობიექტურად აფასებდა არჩევნების მიმდინარეობას, ხელისუფლების მშვიდობიანი გადმობარება არც ისე ადვილი იქნებოდა.

 

სწორედ საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების  დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს მთავრობას აქვს შესაძლებლობა ააშენოს ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო.

 

როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვა სრულად თანხვდება ევროინტეგრაციის პრიორიტეტებს.

 

საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს იმ რეფორმების განხორციელებისათვის, რომლებიც დაგვაახლოებს ევროპას. ეს კი, ჩვენთვის ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან არის გაიგივებული.

 

მოგეხსენებათ, პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე ძნელი საქმეა და ჩვენ ეს ნაბიჯი  საკონსტიტუციო ცვლილებების  მიმართულებით გადავდგით.

 

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც კომპრომისის კარგი მაგალითია ამ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის.

 

პარლამენტმა შეზღუდა პრეზიდენტის აბსოლუტური ძალაუფლება. პრეზიდენტს აღარა აქვს უფლება დაამტკიცოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანმხობის გარეშე. აღნიშნულმა ცვლილებებმა აღადგინა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის ბალანსი და კონტროლი, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ მისცემს საშუალებას დომინირება მოახდინოს საკანონმდებლო და სასამართლო სისტემებზე.

 

შემდეგი ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებისაკენ გადავდგით, ამისთვის კი სასამართლო რეფორმის ჩატარება იყო საჭირო. მოგეხსენებათ, დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი გარანტი დამოუკიდებელი და თავისუფალი მოსამართლეა. სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებისას  ჩვენ გავითვალისწინეთ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი საზოგადოების ლიბერალურობა და დემოკრატიულობა, პირველ რიგში, პატიმრების უფლებების დაცვის ხარისხით იზომება. ახალი მთავრობა ახორციელებს პენიტენციარული სისტემის რეფორმას, რათა აღარ განმეორდეს  წამების, არაადამიანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტები. 

 

მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობას მთავარ მიღწევად კორუფციის დამარცხებას უთვლიდნენ, ამ თვალსაზრისით ქვეყანაში კვლავ მრავალი გამოწვევა დაგვხვდა – გამოვლინდა ფართომასშტაბიანი ელიტარული კორუფციის, აგრეთვე ფულის გათეთრებისა და ბიზნესზე ზეწოლის მრავალი ფაქტი. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ მანკიერების  საბოლოოდ აღმოსაფხვრელად.

 

ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, პარლამენტმა მიიღო ახალი შრომის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, რაც  წლების განმავლობაში უხეშად ირღვეოდა.

 

მედია გათავისუფლდა მთავრობის მრავალწლიანი წნეხისგან. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ტელეკომპანიების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც 2007 წელს კანონის უხეში დარღვევით იქნა მიტაცებული,  ჩვენი ხელისუფლების პირობებში თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.

 

ის, რომ ბევრი სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი მედიასაშუალება არსებობს, მთავრობის კრიტიკის საშუალებას იძლევა, რაც მისასალმებელია. თუმცა, ტელევიზიები არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი პოლიტიკური ძალის ვიწრო ინტერესების გასატარებლად.

 

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეხურა ტელეკომპანია მე-9 არხი, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს ტელევიზია  საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიული უფლებების დასაცავად გავხსენი.  ყველამ იცის, რა ძალა აქვს ტელევიზიას და მე უკვე მოგახსენეთ, რა პირობებში უწევდა წინასაარჩევნოდ ოპოზიციას საქმიანობა – ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აკონტროლებდა, ტელევიზიები უზარმაზარი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მუშაობდნენ და მის რუპორად იყვნენ ქცეული.  ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს პრობლემა აღარ არსებობს. ამიტომაც წინაასაარჩევნოდ  უარი ვთქვი ტელევიზიაზე, რადგან მინდოდა თანაბარ პირობებში  ყოფილიყო ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი, მათ შორის ჩვენი კოალიციის კანდიდატიც.

 

ჩვენმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მკაცრად განსაზღვრა პრიორიტეტები და სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გახადა. 2013 წელს ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა დაახლოებით 76 პროცენტით. ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ დაზღვევა, 2013 წლის 1 ივლისიდან  დაზღვეული არიან დაზღვევის ძირითადი პაკეტით.

 

სოციალური უსაფრთხოებისა და პენსიონერთათვის 2013 წლის ბიუჯეტში გამოიყო 1,654,722 ლარი, რაც, 2012 წლის ბიუჯეტის მონაცემებთან შედარებით, 20%-იან ზრდას შეესაბამება. დაინერგა ახალი საგადასახადო სისტემა, რომლის მიხედვითაც გადასახადებისგან გათავისუფლდა მოქალაქეთა ის კატეგორია, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 6,000 ლარს.

 

წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი. სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 61%-ით –  241 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შემუშავდა სხვადასხვა სახის დახმარებების პაკეტები მცირე მიწის მფლობელთათვის და ფერმერებისთვის.  სახელმწიფო და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაახლოებით 640,000 მიწათმფლობელს დაეხმარება.

 

საქართველოს მთავრობამ განათლების ბიუჯეტი  600 მილიონი ლარიდან 670მილიონ ლარამდე გაზარდა და, ისევ და ისევ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პოლიტიკა განავითარა, რომელიც  სწავლის დაფინანსებას, უფასო სახელმძღვანელოებსა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

 

მას შემდეგ, რაც ბიზნესი  პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა, გაძლიერდა საინვესტიციო აქტივობები.  2013 წლის მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის“ მოხსენებაში საქართველომ  მე-9 ადგილი დაიკავა.

 

ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმაც,  რის შედეგადაც მოვიზიდეთ ახალი ინვესტიციები. დაიგეგმა250–მილიონ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელება მეტალურგიული ქარხნის ასაშენებლად ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

აზერბაიჯანელი ინვესტორები შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ასაშენებლად დაახლოებით მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. საწვავისა და დენის ფასები საშუალოდ  დაახლოებით 10 და 21-27 პროცენტით შემცირდა.


სტრატეგიულად შეფასდა ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მხარეები და ინვესტიციების განხორციელება დავიწყეთ ეკონომიკის მზარდ სექტორებში. იქმნება მრავალმილიონ დოლარიანი დამოუკიდებელი  ფონდი ისეთი სფეროების დასახმარებლად, როგორიცაა ენერგეტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, ინტერნეტ-ტექნოლოგიები და სამედიცინო პროექტები.

 

სახელმწიფო ასევე მუშაობს კერძო ინვესტორებთან იმ მიზნით, რომ შეიქმას 5–მილიარდ დოლარიანი კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც  ინვესტიციებს ახალ კერძო კომერციულ საწარმოებში განახორციელებს.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს რეფორმა პოლიტიკური თანაარსებობის  რთულ ფონზე მიმდინარეობს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. შესაბამისად, ყველაფერი ისე კარგად არ მიდის, როგორც სასურველია.

 

თანამშრომლობას მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მრავალი სიძნელე ახლავს, რაც ხელს გვიშლის დასახული მიზნების განხორციელებაში. მაგალითად, საპრეზიდენტო ხელისუფლების მხრიდან  გაუმართლებელი წინააღმდეგობის გამო ქვეყანას უკვე მრავალი თვეა არ ჰყავს ელჩები ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ბულგარეთი.

 

იმედი მაქვს, ჩვენ წარმატებით მოვახერხებთ პოლიტიკურად ამ მეტად დელიკატური ვითარების ბოლომდე მიყვანას, რომლის შემდეგაც ჩვენი მთავრობის საქმიანობა გაცილებით ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება.

 

მანამდე კი წინ საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება. ჩვენი მიზანია, ეს იყოს ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ    ძალისხმევას  არ დავიშურებთ, რომ ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს  თანაბარი პირობები ჰქონდეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

 

უპრეცედენტო იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობაც, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ არჩევნებს.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით ქვეყანაში ჩამოვლენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ადამიანის უფლებების ოფისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭო, ევროპის პარლამენტი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რაც არჩევნების ობიექტურად ჩატარების დამატებითი პირობა იქნება.

 

ჩვენ ვამაყობთ, რომ  კოალიცია „ქართული ოცნებას“ ნამდვილად ევროპული კანდიდატი ჰყავს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღეებიდან ამერიკისა და ევროპის კონკრეტული პოლიტიკოსები გვაკრიტიკებენ, თითქოს  საქართველომ  გადაუხვია დასავლური განვითარების გზას. ვერაფრით ვერ მივიღებ ამ კრიტიკას და საამისოდ უამრავი არგუმენტის მოტანა შემიძლია, რომლებიც ჩვენს პრაქტიკულ მოქმედებებს ეფუძნება.

 

2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც თვალსაჩინო ილუსტრაციაა იმისა, რომ საქართველო თავისი პროდასავლური საგარეო–პოლიტიკური კურსის შეცვლას არ აპირებს.

 

დასავლეთი ჩვენს ხალხს მარტო ეკონომიკური წარმატებით კი არ ხიბლავს, არამედ, პირველ რიგში იმით, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის თავისუფლებაა მთავარი ღირებულება. ჩვენ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო,  რომლის უპირველესი ღირებულება იქნება ადამიანი, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, ღირსება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობის გარანტიას მოგვცემს.

 

ჩვენ ყველას, ხალხსაც და ხელისუფლებასაც კარგად გვესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ჩამოაყალიბოს ევროპული დემოკრატია. ეს არის ჩვენი  ქვეყნის გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ, გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ადგას. და ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არავითარი სხვა ალტერნატივა არა აქვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და  დემოკრატიული განვითარების გზაზე.

 

არჩევანი,  რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნდა გახდეს, ქართველმა ხალხმა მრავალი წლის წინ გააკეთა. ამიტომ, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დააყენებს ეჭვქვეშ ამ არჩევანს და ვერ გადაუხვევს ამ გზას.

 

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია  2013 წლის ნოემბრის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. ეს შეთანხმება ქმნის მექანიზმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს.

 

ასევე მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაცია. ალიანსის2008 წლის ბუქარესტის სამიტზე  წევრი სახელმწიფოები  შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.  ბუქარესტის გადაწყვეტილებამ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა, რაც შემდგომ არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის, სტრასბურგ–კელის, ლისაბონისა და ჩიკაგოს სამიტების გადაწყვეტილებებით და აისახა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც.

 

2011 წლის დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებულ  კომუნიკეში საქართველო, დასავლეთ ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან  ერთად, პირველად იქნა მოხსენიებული როგორც ნატოს „ასპირანტი პარტნიორი“ ქვეყანა.

 

2012 წლის ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ნატოში ინტეგრაციისა და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები ბოლო პერიოდში მეტად დინამიკური და შინაარსობრივად დატვირთულია. ამ პროცესში ჩვენ ვაგრძელებთ არსებული  მექანიზმების  –  ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის  –  ეფექტიან გამოყენებას.

 

2013წლის დასაწყისში ჩვენ წარვადგინეთ წლიური ეროვნული  პროგრამა, რომელიც საკმაოდ ამბიციურია, თუმცა რეალისტური. ვმუშაობთ იმ პრიორიტეტების შესასრულებლად, რომლებიც ამ პროგრამით არის გათვალისწინებული და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს ჩვენი მუშაობა დადებითად შეფასდება. რაც შეეხება უშუალოდ  ნატო-საქართველოს კომისიას,  მისი დღის წესრიგი მეტად დატვირთულია. ეს არის ჩვენ შორის პოლიტიკური დიალოგის წარმოების  კარგი ფორმატი, რომელსაც  მაქსიმალურად ვიყენებთ.

 

ნატოსთან თანამშრომლობის კონტექსტში არ შემიძლია არ აღვნიშნო საქართველოს მონაწილეობა  ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. დღეს იქ 1600 ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი მსახურობს, რაც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ქვეყანა კლავაც აპირებს შეიტანოს თავისი წვლილი საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. აისაფის ოპერაციის დასრულების შემდეგაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორებად გააგრძელებენ მუშაობას.

 

ამერიკის შეერთებული შტატები  საქართველოს მთავარ მოკავშირედ რჩება. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას – რომ არა აშშ-ის მხარდაჭერა ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა თავისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.

 

ეს თანამშრომლობა დღესაც ინტენსიურად გრძელდება. საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, რომელსაც  2009 წელს მოეწერა ხელს. გასული ერთი წლის განმავლობაში ქარტიის ფარგლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ეკონომიკის, ვაჭრობისა, ენერგეტიკის, დემოკრატიის განვითარებისა და ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სფეროებში.

 

მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება ქარტიის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის, იგივე  „ომნიბუს“ შეხვედრის გამართვა, რომელზეც მხარეები წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს შეაჯამებენ და შეაფასებენ.  


მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური  თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სომხეთთან. თავისი უშუალო მეზობლებისთვის  საქართველო ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე უნდა გახდეს. მე ჩემი პირველი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტები სწორედ ამ ქვეყნებში განვახორციელე და  მეგობრული ურთიერთობები დავამყარე მათ პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც ჩვენს  წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

 

დავიწყეთ დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ის პოზიტიური ფაქტი, რომ ახალი მთავრობის კონსტრუქციულ ნაბიჯებს, კერძოდ: რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შემოღება; საქართველოს ცალმხრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე; სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისათვის; თანხმობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე; უარი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე; მზადყოფნა უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაზე სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, უკვე მოჰყვა რუსეთის საპასუხო ზომები საქართველოსთან ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციის კუთხით სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

 

მოვლენების მსგავს განვითარებას კი ნამდვილად არ შეესაბამება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებები. და მაინც, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ურყევად ვაგრძელებთ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ორივე მხარის რაციონალიზმსა და კონსტრუქციულობას სათანადო შედეგები მოჰყვება.

 

ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნების გამოცდილება და მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. სასიხარულოა, რომ საქართველოს პრიორიტეტული ადგილიუკავია ბალტიის ქვეყნების საგარეოპოლიტიკაში და ეს დადებითად მოქმედებს ჩვენს თანამშრომლობაზე.

 

ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ლიტვაში განვახორციელე. დღეს უკვე თქვენთან ვიმყოფები, ხვალ კი, ესტონეთსაც ვეწვევი, რაც  ჩვენი ურთიერთობების დინამიკურ ხასიათზე მიუთითებს.  ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები არიან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს ხალხებს გაწეული თანადგომისათვის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში.

 

ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების ეპოქაში ვცხოვრობთ. დღეს უკვე არც ერთი საერთაშორისო კონფლიქტი თუ პრობლემა აღარ წყდება მათი აქტიური მონაწილეობის გარეშე. საქართველოს ახალი მთავრობა კარგად გრძნობს საერთაშორისო ცხოვრების ამ მაჯისცემას.

 

შესაბამისად, ეროვნული და რეგიონალური ინტერესების  გათვალისწინებით, საქართველო აპირებს გაააქტიუროს დიპლომატიური ურთიერთობები გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციების ფარგლებში.

 

დაბოლოს, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ჩვენ ყველანი ერთი – ტრანსატლანტიკური პოლიტიკური სივრცის ნაწილი ვართ, რომლის უსაფრთხოების გაძლიერებაში აქტიური წვლილის შეტანა ყველა ჩვენგანის ვალია. საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მრავალი საფრთხის წინაშე დგას. ამიტომ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ დასავლური უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით საქართველო შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი