2013.10.28

ეუთოს სადამკვირვებლო მისია: საქართველოს დემოკრატია ვითარდება

საპრეზიდენტო არჩევნები 2013,

ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. მისიის შეფასებით, არჩვენები დემოკრატიულად და მაღალპროფესიულად წარიმართა. 

ჟოაო სუარესის განცხადებით, საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე, დემოკრატიული და მაღალპროფესიული. მისი თქმით, ამომრჩევლებს შეეძლოთ საარჩევნო უბნებზე თავისუფლად გადაადგილება, თავისუფლად გამოეხატათ თავისი არჩევანი.

 

სუარესის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შეეძლოთ შეზღუდვბის გარეშე ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, საპრეზიდენტო არჩევნებზე არ გამოყენებულა საბიუჯეტო რესურსი, ხოლო მედია იყო ნაკლებად პოლარიზებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, და მაყურებელს სთავაზობდა განსხვავებულ მოსაზრებებს.

 

"საქართველოს დემოკრატია ვითარდება,"- განაცხადა სუარესმა. 

 

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის, მარიცელ მატეო პის თქმით, არჩევნების წარმატებულობის მიზეზი იყო საქართველოს მოქალაქეების მომწიფება. ამის გარდა, პასუხისმგებელმა პირებმა ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ შექმნილიყო კარგი წინასაარჩევნო კლიმატი, ხოლო არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც მოქალაქეებს ახარებდა. 

 

"ჩვენ 1995 წლიდან ყველა არჩევნებს ვაკვირდებთ საქართველოში. საქრთველომ დიდი პროგრესი განიცადა,"- განაცხადა მარიცელ პიმ.

 

მისი თქმით, მათი დამკვირვებლები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იყვნენ. მისი თქმით, არჩევნები იყო პროფესიულად ორგანიზებული. 

 

 

ქშიშტოფ ლისეკმა, ევროპარლამენტის წევრმა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სახელით, რადგან, მისი თქმით, საქართველო ბოლო ათი წლის განმავლობაში "სხვა სახელმწიოდ" იქცა. 

 

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში 6 თვეა იმყოფება. მისი დამკვირვებლები 2469 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. 

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/24918/


http://www.netgazeti.ge/GE/105/News/24918/