ახალი ამბები

გიორგი აბაშიძე, ოთარ არშბა, ალექსანდრე ებრალიძე და სხვები – ვინ ჩამოვა ბათუმობაზე

29 აგვისტო, 2013 • 3626
გიორგი აბაშიძე, ოთარ არშბა, ალექსანდრე ებრალიძე და სხვები – ვინ ჩამოვა ბათუმობაზე

 

ბათუმობის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იმასაც ადასტურებს, რომ სასურველ სტუმართა პირველად სიაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძეც ეწერა, „თუმცა შემდეგ იმის გამო, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა გრძელდება“, ის სიიდან ამოიღეს.

 

 

გიორგი აბაშიძე
გიორგი აბაშიძე

ჩამოვა თუ არა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე „ბათუმობაზე“? – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე ჩხარტიშვილმა არ იცის. თუმცა ადასტურებს, რომ ასლან აბაშიძის ვაჟი იმ პირთა ჩამონათვალშია, რომლებსაც, მისივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიების შესახებ შეტყობინება უნდა გაგზავნოდათ. იგი ამბობს, რომ სიაში გიორგი აბაშიძე თავად ჩაწერა: „გიორგი აბაშიძე გვყავდა სიაში, მე თვითონ ჩავწერე, მაგრამ გავიგეთ, რომ აქვს უკვე ინფორმაცია „ბათუმობის“ შესახებ და აღარ დაგვირეკია“, -უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

„ბათუმობასთან“ დაკავშირებით ორგანიზატორების მხრიდან ინფორმირებულ პირთა ჩამონათვალში მოსკოვში მცხოვრები ბათუმელი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძეცაა. ებრალიძემ ბოლოს საზოგადოებას თავი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეახსენა. ალექსანდრე ებრალიძე პეტერბურგიდან კახა კუკავას პარტიას – „თავისუფალი საქართველო“ აფინასებდა. მანამდე კი, 2009 წლის თებერვალში მან რუსეთიდან, ისე რომ  საქართველოში  ერთხელაც არ ჩამოსულა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი“ დააარსა. ამ ორგანიზაციას ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე ხელმძღვანელობდა.

 

 

 

„ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ დაარსების ცერემონიალზე ალექსანდრე ებრალიძემ მხარდამჭერებს  სკაიპის საშუალებით მიმართა. ის თავის გამოსვლებში ხშირად უსვამდა ხაზს ქართველ და რუს ხალხთა შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელოვნობას.

 

 

ალექსანდრე ებრალიძე
ალექსანდრე ებრალიძე

ალექსანდრე ებრალიძის გაცხადებულ მიზნებში შედიოდა საქართველოს პრეზიდენტობაც. ამის შესახებ მან 2009 წლის 14 მაისს ქართველ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე სოჭში განაცხადა. საქართველოში კი ამ დროს სამართალდამცავები მას რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ. ალექსანდრე ებრალიძემ იმ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიღება ვერ შეძლო.

 

 

სასურველ სტუმართა ჩამონათვალშია რუსეთში მცოვრები ბათუმელი, მილიონერი შალვა ბრეუსიც. 2008 წლიდან ის რუსეთში ცელულოზა-ქაღალდის კომბინატის „ვოლგას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ამ კომპანიის წლიური ბრუნვა რუსული მედიის ცნობით 2008 წელს  9, 1 მილიარდი რუბლი იყო წელიწადში. იგივე წყაროს ცნობით, ამ წელს კომპანიის სუფთა მოგებამ 817 მილიონი რუბლი შეადგინა.

 

 

ინტერნეტწყაროების ინფორმაციით, შალვა ბრეუსი კარგად იცნობს ნინო ნურჯანაძეს. ვენაში და კიევში კი ის რამდენჯერმე ბადრი ბიწაძეს შეხვდა. 1998-1999 წლებში ბრეუსის ბიოგრაფიულ მონაცემებში კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაც შევიდა; 2000 წლიდან 2003 წლის იანვრამდე კი ის რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე იყო.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შალვა ბრეუსი საქართველოში, წყნეთში ფლობს მიწის ნაკვეთს. მისი და, ელიდა ბრეუსი კი, ბინას ბათუმში. ბრეუსი ფლობს ასევე  გამომცემლობა “არტ-ქრონიკას”.

 

 

შალვა ბრეუსი
შალვა ბრეუსი

ბრეუსის აშენებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში  სამების ეკლესია. მისი დაფინანსებით აშენდა ასევე ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის რეზიდენცია ბათუმში. ის აფინანასებს წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანესა და წმიდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონს ბათუმში.

 

შალვა ბრეუსი უკვე ბათუმშია. ის დღეს დაესწრო  მამის – ცნობილი წყალბურთელის, პეტრე ბრეუსის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრს წყალბურთში.

 

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, შეტყობინებას „ბათუმობის“ შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უშიშროების კომიტეტის წევრი, სამანდატო კომისიისა და დეპუტატთა ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე, უშიშროების პოლკოვნიკი ოთარ (თენგიზ) არშბაც მიიღებს. წარმოშობით ბათუმელი ოთარ არშბა 2006 წელს პრესამ ქართველ მილიარდელთა სიაში დაასახელა.

 

ოთარ არშბას საქართველოში მრავლმხრივი ბიზნესი აქვს, მისი ოჯახის ეკუთვნილებაშია ცნობილი კაფე – „პრივეტ იზ ბატუმა“, სასტუმროები „მარინა“ და „სანაპირო“.

 

სიაში წერია სიმონ დავიდოვზეც. ბათუმში დაბადებული და გაზრდილი სიმონ დავიდოვი რუსეთში ერთ-ერთ მდიდარ ადამიანად ითვლება. სიმონ დავიდოვმა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მალევე ბათუმის უნივერსამი იყიდა, რომელიც თავის ნათესავზე მამუკა ნაკაშიძეზე აქვს დარეგისტრირებული. ყოფილი უნივერსამი ამჟამად სავაჭრო ცენტრ „მოსკოვის“ სახელწოდებით ფუნქციონირებს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე.

 

სიმონ დავიდოვი წინა მოწვევის „დუმას“ დეპუტატი იყო.

 

რა ნიშნით შერჩიეთ სტუმრები ბათუმობაზე? – კითხვის ასე ჩამოყალიბება ალექსანდრე ჩხარტიშვილისთვის მისაღები არ არის, ის განმარტავს: „მხოლოდ და მხოლოდ შეხმიანების დონეზე ინფორმაციას ვაწვდით იმ ბათუმელებს, რომლებიც არ ცხოვრობენ ბათუმში. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, აფიშები „ბათუმობის“ შესახებ არ გამოიკვრება. ტერმინი – მოწვევა, არ არის ამ შემთხვევაში სწორი. ძირითადად ვურეკავთ“.

 

„ბათუმობა“ 31 აგვისტოს იწყება და 2 სექტემბერს მთავრდება. ამ ღონისძიებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარია გამოყოფილი. ალექსანდრე ჩხარტიშვილის ინფორმაციით, სტუმრების ნაწილის ბინადრობისა და მგზავრობის ხარჯებს მერია აფინანსებს. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია, ისარგებლებენ თუ არა ბათუმის მერიის დაფინანსებით ბათუმური წარმოშობის მილიონერები, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

 

ბათუმობასთან დაკავშირებით ბათუმის მერია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50-მდე ბათუმი დაბადებულ ადამიანს დაუკავშირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი