ახალი ამბები

ჭელაში დაკავებულ სამ პირს 2-2 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

27 აგვისტო, 2013 • • 1176
ჭელაში დაკავებულ სამ პირს 2-2  ათასი ლარის გირაო შეეფარდა

ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში დაკავებული 6 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს გამოძიება. 

 

სამარჯიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სამ პიროვნებას, როლანდ შანთაძეს, ვახტანგ მარკოიძესა და გენადი აბაშიძეს, რომელთა დამცველი თავადაა, ბრალი უკვე წაუყენეს. სასამართლომ თითოეულს 2 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, ხოლო მეორე სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს არის ჩანიშნული.  

 

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის განმხორციელებელს სჯის. ამ კანონის მეორე ნაწილში ვკითხულობთ:

“2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება ტუსაღობით ვადით ოთხიდან ექვს თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.”

 

გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. 26 აგვისტოს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი