ახალი ამბები

კბილაშვილი: გირგვლიანის საქმის სასამართლო განხილვა რამდენიმე თვეში მოხდება

1 აგვისტო, 2013 • • 1244
კბილაშვილი: გირგვლიანის საქმის სასამართლო განხილვა რამდენიმე თვეში მოხდება

ამ საკითხზე კბილაშვილმა ტელეკომპანია მე–9 არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

 

“საზოგადოებამ იცის, რომ გირგვლიანის საქმეში ბრალი აქვთ წაყენებული მაღალი თანამდებობის პირებს, ყოფილ შს მინისტრს, დათა ახალაიას, მელნიკოვს. ასევე გამოჩნდა მეხუთე მონაწილე იმ ეპიზოდისა, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი. კიდევ სხვა პირს აქვს ბრალი წარდგენილი. ეს არის ჩხიტუნიძე და მოსალოდნელია, რომ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.”

 

კბილაშვილის განცხადებით, ამჟამად წინა სასამართლო ეტაპამდე არსებული გამოძიება მიმდინარეობს:” ამას პროცედურა ითვალისწინებს და უახლოეს თვვებში მოხდება ამ საქმის სასამართლო განხილვა. ”  

 

საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რეალური გარემოებებისა და წარმოებული გამოძიების ფალსიფიკაციის დადგენის მიზნით.

 

ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი 2013 წლის 24 ივნისს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

 

პროკურატურის განცხადებით, ეს გამოიხატა მერაბიშვილის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არებული ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, ასევე, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათი სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგიების უზრუნველყოფისათვის, ასევე, მათი სასჯელიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების ხელშეწყობაში. 

 

პროკურატურის განცხადებით, აღნიშული ქმედებები მერაბიშვილმა ჩაიდინა პირადი მოტივებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და ოჯახის წინააღმდეგ

სანდრო გირგვლიანის  საქმეზე 2006 წლის 6 ივლისს გასამართლებული იქნა 4 პირი: გერონტი ალანია (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი)  და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), რომლებსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სს კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა),  143 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აკვეთა) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნივთის დაზიანება და განადგურება)  და სასჯელის ზომად დაუდგინდათ: გ. ალანიას – 8 წლით თავისუფლების აღღკვეთა, მ ბიბილურიძეს, ა. აფციაურს და ა. ღაჭავას კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა 6 თვით, 2008 წლის 24 ნოემბრის #768 განკარგულებით,  საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე მსჯავრდებულებს გაუნახევრდათ სასჯელის ვადა, ხოლო 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი პირობით-ვადამდე გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან,  რის შედეგადაც მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.

 

2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასებული იქნა, როგორც გ.ალანიასა და გარდაცვლილს შორის ლესელიძის ქუჩაზე, „შარდენ ბარის“ გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება.

 

2012 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით კი დადგენილია საპირისპირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი