ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატი: როდესაც ღმერთის ნებაზე ვიქნებით მინდობილი, უკუგებაც შესაბამისიც იქნება

16 ივლისი, 2013 • • 1055
პრეზიდენტობის კანდიდატი: როდესაც ღმერთის ნებაზე ვიქნებით მინდობილი, უკუგებაც შესაბამისიც იქნება

“ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველი ნაწილი არის ეროვნულ–რელიგიური საკითხი, რომელიც მოიცავს საქართველოს სულიერი მისიის თემატიკაზე დამყარებულ იმ საკითხებს, რომელიც განსაზღრავს საქართველოს როლსა და მისიას იმაში, რასაც საქართველოს ისტორია ჰქვია. მეორე ნაწილი – ეს არის ეროვნულ–პოლიტიკური ნაწილი, რომელიც ამ პირველი ნაწილიდან გამომდინარე ეხება იმ საკითხებს, რომელიც სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში მთლიანად შეცვლის ქვეყნის განვითარების პოლიტიკურ ხაზს და ჩააყენებს იმ რელსებზე, რაც, ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო მისაღებია. მთლიანობაში ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის სახელწოდება გახლავთ “უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო”, ანუ არა თითოეული ჩვენგანის ნებიდან გამომდინარე, არამედ უფლის ნებიდან გამომდინარე ჩვენი ქმედებებით გაბრწყინებული საქართველო”, – განაცხადა სალუაშვილმა.

მისივე თქმით, “საქართველოს განვითარებაში ჯვარცმისეული ეტაპი სრულდება და იწყება ის ეტაპი, რომელიც გაბრწყინებისეული, ანუ უფლისმიერი აღდგომისეული ეტაპის ტოლფასია”.

“საქართველოში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს. დღეს მსოფლიო პოლიტიკაში საქართველოს საკითხი ძალიან მძიმედ დგას და ამის გადაჭრისათვის ჩვენ გვესახება საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი. საქართველომ საგარეო პოლიტიკურ კურსად უნდა აიღოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანება, არამედ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ასეთი საქართველო უნდა გამოვიდეს კავკასიაში საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის, “კავკასიის მშვიდობის სახლის” ჩამოყალიბების ინიციატივით, რომელშიც რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთიც გაწევრიანდებიან.

სალუაშვილის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი გაერთიანება, რომელიც რეგიონში სტაბილურობის შექმნისათვის იბრძოლებს. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მუდმივი ნეიტრალიტეტი საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაშიც დაეხმარება.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უყურებს სალუაშვილი ეკონომიკის განვითარების საკითხს, იგი ამბობს:

“ჩვენ როდესაც ეკლესიაში შევდივართ და უზენაეს ძალას ვთხოვთ დახმარებას ცხოვრებისეულ პრობლემებთან დაკავშირებით, არავინ ველით, რომ ეკლესიაში რომელიმე მოძღვარი რაიმე ეკონომიკურ დახმარებას აღმოგვიჩენს. საკმარისია ადამიანმა სულიერ სფეროში მოაგვაროს თავისი საქმიანობა, გაასწოროს ხაზი, მოინანიოს, რაც მოსანანიებელი აქვს და შემდეგ მას ემართება ხელი. პოლიტიკური სისტემის მოწესრიგება თავისთავად განაპირობებს ეკონომიკური საკითხებისა და პრობლემების მოგვარებას. როდესაც ჩვენ ღმერთის ნებაზე ვიქნებით მინდობილი, არა, ვთქვათ, დეკლარირებული ხასიათით, არამედ მისი შინაარსიდან გამომდინარე, უკუგებაც შესაბამისიც იქნება”, – განაცხადა მან.

მიხეილ (გელა) სალუაშვილი აცხადებს, რომ იგი კონკურენტად არავის მიიჩნევს. იგი აცნობიერებს, რომ ახალი საკონსტიტუციო რეალობა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ მისცემს იმ პროგრამის ბოლომდე განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც დღეს წარადგინა, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკურ ძალებთან აპირებს მოლაპარაკებებს, რათა პროგრამას ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი.

 

იმისათვის, რომ სალუაშვილმა ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება შეძლოს და კენჭი იყაროს, მან 25 000 ხელმოწერის შეგროვება უნდა მოახერხოს.

 

მიხეილ–გელა სალუაშვილი
მიხეილ–გელა სალუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი