ხელოვნება

კულტურის სამინისტრომ გასული სამი თვის მუშაობა შეაფასა

1 ივლისი, 2013 • 1018
კულტურის სამინისტრომ გასული სამი თვის მუშაობა შეაფასა

დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას, რომელიც 14.00 საათზე გაიმართა, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები: მარინე მიზანდარი, მანანა ბერიკაშვილი, ალექსანდრე მარგიშვილი და ბადრი ბაგრატიონ–მუხრანსკი ესწრებოდნენ.

 

მინისტრის თქმით, ამგვარი შეხვედრები სისტემური ხასიათის იქნება, “ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან გვქონდეს კონტაქტი.”

 

პრესკონერენციაზე, რომელიც “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის ფარგლებში” გაიმართა, მინისტრმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. იგი შეეხო სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს: რეგიონებში კულტურული პროექტების განხორციელებას, საზღვარგარეთ კულტურული ცენტრების მოწყობას.

 

“ჩვენ პატარა აქცენტები დავსვით იმასთან დაკავშირებით, თუ რეგიონებში როგორ უნდა მიდიოდეს მუშაობა. ამ ორი თვის განმავლობაში ვაგრძელებდით რეგიონებთან მუშაობას. ჩავდივართ- მე, როგორც კულტურის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები. ახლახან მოვიარეთ მთიანი აჭარა, ხულოს რაიონში.”

 

კულტურის მინისტრი იყო საგურამოში, სადაც ილია ჭავჭავზის სახლ–მუზეუმი და მემორიალი ნახა. სტუმრობდა სტეფანწმინდაში მდებარე ალექსანდრე ყაზბეგის სახლ–მუზეუმსა და კულტურის სხვა ცენტრებს.

 

გურამ ოდიშარია რეგიონებში კინოთეატრების შექმნას შეეხო, რომლებიც კულტურის სახლების ფუნქციასაც შეასრულებენ.

“ძალიან მალე ამუშავდება კინოთეატრები. ჩვენ ვეხმარებით იმ რეგიონებს, სადაც არის საშუალება იმისა, რომ იყოს ეკრანი და ვაჩვენოთ კინო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი, ეს იქნება რეგიონში კულტურის ცენტრი. იქნება ეს შეხვედრების ადგილი, დისკუსიების ადგილი,”– განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

 

მინისტრი მოკლედ შეეხო თბილისში 27–28 ივნისს გამართულ კულტურის პირველ მინისტერიალს. იგი კმაყოფილია საქართველოში ასეთი ტიპის შეხვედრის. მისი აზრით, მინისტერიალი მაღალ დონეზე ჩატარებული, დისციპლინირებული ღონისძიება იყო.

 

“ერთ–ერთი მწვავე თემა… ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის კულტურული ძეგლების დაცვის თემა. ძალიან ბევრგან თითქმის ანალოგიური სიტუაციაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბევრგან მოხდა ისე, რომ მოინდომეს ადამიანებმა, რომ სახლი ან მისი ქონება ყოფილიყო ამ ძეგლებთან ახლოს. დარღვევა მოხდა დამცავი ზონის,”–განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

 

მინისტრის თქმით, იგი განსაკუთრებით კმაყოფილია პოლონეთის კულტურის მინისტრთან შეხვედრით. მათ ისაუბრეს იმ მეთოდებზე, რომელსაც პოლონეთის კულტურის სამინისტრო ძეგლების მოვლის დროს იყენებს.

 

საანგარიშო პერიოდში მოხვდა კულტურის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის შემდეგაც პატიმრებს მუსიკალური ინსტრუმენტები და წიგნები გადაეცათ.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მანანა ბერიკაშვილს, რომელიც იყო ერთ–ერთი ორგანიზატორი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართული ღონისძიებისა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი