2013.06.14

ოლივერ რაისნერი: პლურალისტური საზოგადოება ევროპული დემოკრატიის ერთ–ერთი მთავარი მაჩვენებელია

რელიგია,

საქართველოში მცხოვრები ისტორიკოსი ოლივერ რაისნერი, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობს, მიიჩნევს, რომ პლურალისტური იდეების რეალურ განხორციელებას დრო სჭირდება და ძალადობრივი ხერხების გამოყენება მხოლოდ უკუშედეგს მოიტანს.

იგი "ნეტგაზეთთან" საუბარში სოფელ სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც ადგილობრივ მუსლიმებს გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ლოცვების ჩატარებაში გარკვეული პირები ხელს უშლიდნენ.

 

"ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას: ან უნდა დაადგეს გზას პლურალისტური საზოგადოებისკენ, ან იქითკენ, რომ დაუშვებელი იყოს მრავალფეროვნება, სხვადასხვა ორიენტაცია სარწმუნოებაში. პლურალისტური საზოგადოება კი ევროპული დემოკრატიის ერთ–ერთი მთავარი მაჩვენებელია, ან არის გზა უკან - ჰომოგენური პრინციპებისკენ, რაც 21-ე საუკუნეში შეუძლებელია", – ამბობს იგი და დასძენს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არაა უფლებამოსილი ევროკავშირის სახელით ილაპარაკოს.

 

"ნეტგაზეთის" კითხვას, როგორ უნდა გადაჭრას პლურალიზმის ის პრობლემა სახელმწიფომ, რომლის შესახებ იგი საუბრობს, აისნერი შემდეგნაირად პასუხობს:

 

"რთულია... ეს უკვე უნდა დაწყებული იყოს სკოლაში სამოქალაქო განათლების საშუალებით და ასე შემდეგ, მაგრამ ამისთვის საჭიროა დრო. მოკლე ვადაში ძალადობრივი ეფექტებით ამ ყველაფერს უკუეფექტი აქვს".

 

შეგახსენებთ, რომ სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებმა მუსლიმებმა 2012 წელს სალოცავის მოსაწყობად სახლი შეიძინეს. მუსლიმების სურვილს ყოველკვირეულ ლოცვასთან დაკავშირებით ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. ადამიანების ჯგუფმა, ვინც საკუთარ თავს მართლამდიდებლად მიიჩნევს, სამჯერ- 24, 31 მაისს და 7 ივნისს მათ ლოცვის უფლება არ მისცეს. დღეს, 14 ივნისს მუსლიმებს ლოცვის შესაძლბელობა მიეცა, დღესვე მათთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.