ახალი ამბები

უნდა განიხილავდნენ თუ არა ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებს ნაფიცი მსაჯულები

17 იანვარი, 2013 • • 1487
უნდა განიხილავდნენ თუ არა ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებს ნაფიცი მსაჯულები

კანონპროექტის თანახმად, ყოფილი თანამდებობის პირების საქმეების განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეეძლება. 

 

კონსტიტუციონალისტი და სისხლის სამართლის სპეციალისტი გიორგი ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არ უნდა განიხილოს, რადგან დღევანდელ ვითარებაში არსებობს რისკი – შერჩეული მსაჯულები მტკიცებულებების ნაცვლად საზოგადოებრივ აზრს დაეყრდნონ:


“ნაფიცი მსაჯული არის ადამიანი, რომელიც არ არის საქმეში ჩახედული, ჩვეულებრივად უყურებს ტელევიზორს და ექცევა გარკვეული ზეგავლენის ქვეშ, ყოფილი თანამდებობის პირები რომ წარმოვიდგინოთ, მათ მიმართ საკმაოდ არაპოპულარული ტალღა არის აგორებული მასმედიაში და არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს ადამიანები არიან დანაშაულების ჩამდენები. ამას ემატება არაპოპულარობის ტალღა, რომელიც მათი არჩევნებში დამარცხებით გამოიხატა, რაც, საბოლოო ჯამში, იძლევა იმის შესძლებლობას, მსაჯული არ იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი. არსებობს იმის ალბათობა და საშიშროება, რომ ისინი არა მხოლოდ მტკიცებულებების ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, რაც კანონიერია, არამედ საზოგადოებრივ აზრს აყვნენ”, – აცხადებს ბურჯანაძე.


ნაფიც მსაჯულთა გაფართოებულ განსჯადობის სივრცეში ხვდება იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრის, ამჟამად კი “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ საქმე. 


თავად ნიკა გვარამია “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მას უშუალოდ კანონპროექტი არ უნახავს, თუმცა ამბობს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ორ ტესტს უნდა პასუხობდეს. პირველ რიგში, პროცესი მიკერძოებისგან აპრიორი დაცლილი იყოს, რადგან თუ მინიმალური შესაძლებლობა მაინც არსებობს, რომ ანგაჟირებული იყოს ამა თუ იმ მიზეზის გამო მსაჯული, როგორიცაა მისი პოლიტიკური პრეფერენციები ან პოლიტიკურად ნეგატიური დამოკიდებულება, ეს ხელს უშლის ობიექტური სასამართლოს ჩატარებას.


“პოლიტიკურ პროცესებში ეს რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, ამას თქვენ უპასუხეთ ამ ტესტთან მიმართებაში, პლუს ამას  პროცესებზე, რომლებზეც საზოგადოებრივი აზრი პრინციპულად შექმნილია იმის გამო, რომ გადაწყვეტილებები, დამოკიდებულებები ბრალდებას არაერთგზის საჯაროდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაერთგზის გაცხადებული აქვს და არის თუ არა პრობლემა, ამას თქვენ უპასუხეთ, იმიტომ, რომ ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში მთავარია, რომ ისინი მინიმალურ ინფორმაციას ფლობდნენ პროცესამდე და პროცესზე იგებდნენ ინფორმაციას”, – აცხადებს გვარამია.

 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც გვარამია ხაზს უსვამს, ბრალდებულის უფლებას უკავშირდება, რომელიც თავად ირჩევს –  მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თუ არა.


“მე არ მინახავს კანონპროექტი, მაგრამ თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ბრალდებულის ასარჩევი არ არის, ან რაიმე ფორმით ვეტოს უფლება აქვს პროკურატურას, მაშინ მე გისვამთ კითხვას – რატომ არ არის ბრალდებულის ნება აბსოლუტური? ეს არის ის ტესტები, რომლებსაც უნდა გაუძლოს ამ კანოპროექტის ინიციატორმა იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ ცვლილება მიუკერძოებელი და ობიექტური პროცესისთვის კეთდება,” – აცხადებს გვარამია.


სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედ კოდექსში არსებობს მუხლი, რომელიც ბრალდებულს აძლევს სრულ გარანტიას, დაცული იყოს იმ საფრთხისგან, რასაც წინასწარ განწყობილი ნაფიცი მსაჯულის განაჩენი წარმოადგენს.


კერძოდ, 226-ე მუხლის მიხედვით, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.


კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში 2013 წლის 3 იანვარს შევიდა და რომელიც 16 იანვარს დამტკიცდა პირველი მოსმენით, არაფერია ნათქვამი 226-ე მუხლის რედაქტირების ან შეცვლის შესახებ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ  ნაფიცი მსაჯულები იმ დანაშაულების შესახებ საქმეებსაც განიხილავენ, რომლებიც “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მორე მუხლში მითითებულ თანამდებობის პირების მიერაა ჩადენილი და ასევე, მათთან ერთად დანაშაულის ჩამდენი პირების საქმეებსაც.

 

თუკი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონს ჩავხედავთ, მეორე მუხლში მითითებულ თანამდბობის პირებს წარმოადგენენ: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, მინისტრი და მისი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე, მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე  და სხვა პირები.


თუმცა 15 იანვარს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავდა სხვა ცვლილებები, რომელიც 226–ე მუხლს შეეხება. ცვლილებების თანახმად, თუ ბრალდებული უარს ამბობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, მას პროკურატურის თანხმობაც დაჭირდება:


“ეს ეხება ბრალდებულის მიერ უფლებას, უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, ასეთი უფლება არსებობს და მას ჭირდება რეგულირება. თუ მას არ სურს და პროკურორიც ეთანხმება და შემდგომში სასამართლოც ეთანხმება, მაშინ არ იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საქმეს განიხილავს მოსამართლე. მაგრამ თუ პროკურორი არ დაეთანხმა, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო,” – განაცხადა ბარამიძემ.


“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს. მისი განცხადებით, კანონპროექტი წარსდგა მთავრობაზე, რომელმაც იგი დაამტკიცა და კანონპროექტი შესულია პარლამენტში:


„ამ ცვლილების განხილვას პარლამენტი ჯერ არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში ამ სესიაზე და როდესაც დააპირებს, ცვლილებების მოტივზე მაშინ ვილაპარაკოთ”, – აღნიშნა ბარამიძემ.


“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე – რატომ უნდა შეეზღუდოს ბრალდებულს არჩევანის უფლება, ალექსანდრე ბარამიძემ გვიპასუხა:


„თქვენ საიდან იცით, რომ უნდა შევუზღუდოთ ეს უფლება? როდესაც ამ კანონპროექტის განხილვა დაიწყება, მაშინ მოგცემთ ძალიან დეტალურ ანალიზს იმისას, ვინმეს რამე ეზღუდება თუ არა. მანამდე, სანამ არ იცით, თუ შეიძლება, ასეთ კითხვებს ნუ დასვამთ”.

რას ფიქრობენ პარლამენტში?


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევა უნდა იყოს ბრალდებულის უფლება:


“მე არ ვენდობი ამ სასამართლოს, ყველას სახელით არ შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ მე ვენდობი თუ არა, ეს ვერაფრის კრიტერიუმი ვერ იქნება,”– განაცხადა ხიდაშელმა.


მისივე თქმით, ყოფილი თანამდებობის პირები მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა გასამართლდნენ,  რომელიც შეუძლებელს გახდის რაიმე სხვა ტიპის მანიპულაციას.


საპარლამენტო  უმრავლესობის წარმომადგენელი მანან კობახიძე აცხადებს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მის საქმეს, თუმცა მანანა კობახიძე არ იზიარებს იმ რისკებს, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების ნაფიც მსაჯულთა გასამართლების შემთხვევაში არსებობს წინასწარი განწყობების სახით:


“ზოგადად, არასოდეს არ იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დაცული იმისგან, რომ  წინასწარი საზოგადოებრივი აზრი არ მოახდენს მათზე გავლენას. ამ ლოგიკით მაშინ არასოდეს არ უნდა შემოგვეტანა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ასევე, მოსამართლეზეც შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს გავლენა საზოგადოებრივ აზრს,”– აცხადებს კობახიძე.


კობახიძე ასევე ამბობს, რომ იგი არ ენდობა ახლანდელ სასამართლოს და ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბოლოდროინდელ განცხადებებს ასახელებს:


“სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ბოლო პერიოდია და ის, ფაქტობრივად, ჰყოფს სასამართლოს, ასე ვთქვათ, “თავისებად” და “სხვისებად”, ანუ ბრალდებულები ხშირ შემთხვევაში თავისებად ჰყავს განხილული და პროკურატურა “სხვისებად”. მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ პროკურატურის ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალია სასამართლო, მაგრამ მე მაქვს ეჭვი, არის თუ არა სასამართლო თავისუფალი იმ კონიუნქტურისგან, რასაც “ნაცმოძრაობა” ჰქვია და იგივე საკუთარი ძმისგან, რომელიც უმცირესობაშია და სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა უმცირესობაში”.


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” მხრიდან მიზანმიმართულად დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფციისა და ყოფილი მინისტრების  კრიმინალებად, მონსტრებად, ურჩხულებად გამოცხადებისა, ვერ შეძლებენ ისეთი ნაფიცი მსაჯულის პოვნას, რომელიც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს გამოაცხადებს დამნაშავედ ყალბი პასპორტის გამოყენებაში, ან იტყვის, რომ ნიკა გვარამია უნდა დავიჭიროთ იმიტომ, რომ ის ინტელექტუალია:


“მაგრამ ხორციელდება ყოველდღიური ზეწოლა უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მოსამართლეებზე, მოსამართლეების თანაშემწეებზე. ამ პირობებში ჩემთვის ნამდვილად საინტერესო არის, ვიცოდე, რა მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ ნაფიც მსაჯულებზე არ მოხდება ისეთი ზეწოლა, რომლის შესახებ ვერავინ გაიგებს. ალბათ, გამოსავალი არის სწორედ იმ არჩევითობის თავისუფლებაში, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს აცხადებს, როგორც ბრალდებულის უფლებას. შესაბამისად, ყველა კონკრეტულ ბრალდებულზე არის დამოკიდებული და მისი დაცვის მხარეზე და სტრატეგიაზე ის, თუ რას გადაწყვეტენ ისინი, აირჩევენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თუ სასამართლოს შემადგენლობას”.


თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც ამ უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, “ქართული ოცნების” კონკრეტული და მიზანმიმართული ქმედებაა:


“რათა ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილებები მიიღონ არა სამხილების და მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ მათ მიერვე შექმნილი სტერეოტიპების და პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე. ეს მათი მიზანია და დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ”.

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა ყოფილი თანამდებობის პირები პრაქტიკულად დამნაშავეებად არიან გამოცხადებული და აქტიური პიარ-კამპანია მიდის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, პრაქტიკულად, არ არის საფუძვლები იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ენდოს ბრალდებული და სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იქნას.

 

“აი, ამ კონტექსტიდან ვუყურებდით ჩვენ ამ პრობლემას, თორემ, ზოგადად, ჩვენი ინიციატივაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. კარგია საზოგადოებრივი კონტროლი რომ არსებობდეს. დღეს პროკურატურაც, სამართალდამცავი ორგანოებიც ხშირად აქვეყნებენ მტკიცებულებებს, ფირებს, მოწმეთა ჩვენებებს, რითაც პრაქტიკულად წინასწარ აცხადებენ და დამნაშავეებად რაცხავენ ამა თუ იმ კონკრეტულ პირს. წინა ხელისუფლებაშიც ეს პრაქტიკა არასწორი იყო, პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ არასწორი იყო, მაგრამ  უკეთესობისკენ ხომ უნდა წავიდეთ?! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალმა ხელისუფლებამაც იგივე გააკეთოს. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ რაღაც ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ. არ უნდა ხდებოდეს ასე მტკიცებულებების გამოქვეყნება და საზოგადოებრივი აზრის წინასწარ შემზადება,”– განაცხადა ბეჟაშვილმა. 

 

მისივე თქმით, როდესაც  შემოგაქვს კანონპროექტი პრაქტიკულად მოუმზადებელი, მერე მეორე კანონპროექტს ამზადებ,  ალტერნატიულ კანონპროექტს ამზადებ და ითხოვ ორ დღეში სასწრაფო განხილვას, რათა მოარგო კონკრეტულ ვითარებას და კონკრეტული ადამიანის სასამართლო პროცესს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებ.

 

“ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ პოლიტიკური მოტივები, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულებას,”– აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წამომადგენელი.

 
 
ის შესაძლებლობა, რომ ბრალდებულს არჩევანის უფლება შეეზღუდოს, მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის. “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” წერილით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს:


“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, რომელშიც შედის ამჟამად მიმდინარე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეები, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გავრცელება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულს შეუნარჩუნდება უფლება – დასაბუთებული შუამდგომლობით უარი თქვას თავის საქმეში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე. სხვა შემთხვევაში კოალიცია ხედავს სერიოზულ რისკების ამ პირთა მიმართ მართლსაჯულების სათანადოდ განხორციელებასთან დაკავშირებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი