ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქვეყნის საგერეო კურსის შესახებ დადებითად აფასებს.
მან ამის შესახებ კომენტარი "მე–9 არხის" გადაცემა "მთავარ კითხვაში" გააკეთა.
"ეს არის კარგი პრეცედენტი, როცა პარლამენტი იღებს ასეთ რეზოლუციას. კარგია, რომ შეთანხმდნენ საგარეო პოლიტიკის საკითხებში მთავარ თემებზე. დიდი ხანია მიდიოდა ამაზე დავა. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ხედვა ერთია. მე გავეცანი რეზოლუციას და იქ მთელი სპექტრია მოცული ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობისა: ევროკავშირი, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, რუსეთიც არის ნახსენები."
ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე რეზოლუციაში გამოხატულ პოზიციას ეთანხმება:
"პრინციპში ლოგიკურია, ახლა თუ რომელიმე სახელმწიფო არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, მაშინ რანაირად გვაქვს მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. რუსეთთან ჩვენ ამიტომ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ამ ურთიერთობის აღდგენა, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრობლემა აღარ გვაქვს რუსეთთან. როგორც ის ხედავს საქართველოს გეოგრაფიულ ფარგლებში, ასე აღვიქვამთ და ამას ვეთანხმებით ჩვენ. აქ არის სამართლებრივი მოჯადოებული წრე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ტერიტორიულ მთლინობაზე ვერ ვამბობთ უარს, ისინი კი არ აპირებენ გადახედონ თავიანთ მიდგომას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით."
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მან არ იცის, საიდან წამოიწია დსთ–ს თემამ: "არ ვიცი დსთ–ს თემა საიდან წამოვიდა. ჩვენ ამაზე არავის არ ვესაუბრებოდით. თავიდანვე ნათლად ითქვა ამის თაობაზე, რომ ეს განხილვის თემა არ არის და დღის წესრიგში არ დგას. ამიტომ ამაზე საუბარი ისე სწრაფად დამთავრდა, როგორც დაიწყო."
აბაშიძის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხი საკმაო რთული თემაა: "ჩვენი რუსეთთან პოლიტიკური კოლიზია წმინდა სამართლებრივ მოჯადოებულ წრეში გვატრიალებს ჯერჯერობით, და თუ გამოჩნდება მომავალში შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა შეიცვალოს პოზიციები, მაშინ შეიძლება რაღაც ეტაპზე დადგეს საკითხი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებაც. ეს უნდა იყოს შედეგი წინ გადაგმული ნაბიჯისა, რომელიც დიდ ცვლილებებს და გარღვევებს მოიტანს. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. "

კომენტარი