2013.03.07

პარლამენტმა საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა

პარლამენტი,

პარლამენტმა საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ რეზოლუცია ერთხმად, 96 ხმით  მიიღო. 

თუმცა დღეს, 7  მარტს,  უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ რეზოლუციაში მნიშნველოვანი ცვილებები შევიდა.    

 

პარლამენტი

პარლამენტი

 

რეზოლუციის ტექსტი ასეთია:

 

1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანიდან გამომდინარე;

 

2. საქართველოს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ერთიანობის აღდგენა;

 

3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს;

 

4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ;

 

5. საქართველო განახორციელებს თანამიმდევრულ პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ბუქარესტის და შემდგომ სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. უახლოესი პერიოდის ამოცანას წარმოადგენს შეთანხმების მიღწევა მოდალობებსა და ვადებზე;

 

6. საქართველო სრულად იზიარებს მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირების საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის ვალდებულებას. ამ მიმართებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, საპოლიციო და სამოქალაქო ოპერაციებში წვლილის შეტანა ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია;

 

7. საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანახმების და ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე;

 

8. ევროკავშირთან თანამშრომლობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები. პრიორიტეტულად განიხილება ასევე თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესების განვითარების სფეროში;

 

9. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით. მის ფარგლებში განიხილება ოთხი ძირითადი მიმართულება:
- თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება, აგრეთვე, შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება;
- თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროებში, მათ შორის შეთანხმების მიღწევა თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე;
- დემოკრატიის გაძლიერება;
- ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის შეთანხმების მიღწევა უვიზო რეჟიმის საკითხებზე.

 

10. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას საქართველო, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს როგორც ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე;

 

11. საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ისე ორმხრივ ფორმატში. ამ დიალოგის მიზანია კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;

 

12. საქართველო ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის პოზიციების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად;

 

13. საქართველო ხელს შეუწყობს კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის. ჩრდილოკავკასიის ხალხებთან ურთიერთობები დაეფუძნება კეთილმეზობლობის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს;

 

14. მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა გახდეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე;

 

15. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება შავი და კასპიის ზღვების აუზების, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან;

 

16. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებთან. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების გამოცდილება და მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

 

17. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე, სკანდინავიის სახელმწიფოებთან, მათ მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა;

 


18. საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყეობა;

19. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე, სამშვიდობო პროცესის განვითარების და "არაღიარების პოლიტიკის" შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო მნიშვნელოვნად გააღრმავებს მრავალმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, სუამის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატებში".

 

კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ რომ: "საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები, ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყევობა(18-ე მუხლი)". 

 

საპარლამენტო უმცირესობა დაჟინებით მოითხოვდა, რომ პროექტში, პოსტსაბჭოთა ორგანიზაციები  - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის კავშირი, საბაჟო კავშირი და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებები, სადაც დომინანტი რუსეთის ფედერაციაა, საქართველოს წევრობის დაუშვებლობა ცალსახად დაფიქსირებულიყო.

 

იმის მიუხედავად, რომ  ეს ორგანიზაციები რეზოლუციაში დაკონკრეტებული არ არის, უმცირესობის წევრის  გიორგი ბარამიძის  თქმით, მე-18 მუხლი ამას თავისთავად გულისხმობს.