ახალი ამბები

ივანიშვილმა პირველად გააკრიტიკა ვანო მერაბიშვილი

15 ივლისი, 2012 • 1548
ივანიშვილმა პირველად გააკრიტიკა ვანო მერაბიშვილი

ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]
ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]

“ჩვენ არ დავუშვებთ 2005 წელს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების დისკრიმინაციას, მათი პენსიები გადაანგარიშდება დღეს მოქმედი ნორმატივების მიხედვით.

მე თქვენ გპირდებით, რომ ვეღარავინ გამოიყენებს ჩვენი ხალხის დამსჯელად პოლიციას, რომელიც ამავე ხალხის სისხლი და ხორცია. სწორედ ამიტომ, აქვე უნდა მივმართო ჩვენს პოლიციელებს:  მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ჩვენი პოლიციელების უმრავლესობა წესიერი ადამიანია, რომლებიც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებიან თავის სამშობლოს და ხალხს.

როგორც ჩანს, სააკაშვილი შეაშფოთა ჩემმა სიტყვებმა და  რამდენიმე დღის წინ პოლიციელებს მინისტრად დაუნიშნა სისასტიკით ცნობილი ახალაია და ასე ცდილობს  დათრგუნოს და დააშინოს არა მარტო მოსახლეობა, არამედ პოლიციელებიც.

დააკვირდით, ხალხო, და ნახავთ, რომ სააკაშვილის ეს ნაბიჯი შეშინებული კაცის გადაწყვეტილებაა. როგორც ჩანს, მას კიდევ უფრო მკაცრი ხელი სჭირდება თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მას არჩევნებისთვის სჭირდება ზონდერბრიგადები, რომელთა მართვითაც ახალაია არის განთქმული.  

მოგმართავთ თქვენ, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! ნურაფრის შეგეშინდებათ! ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდება, ცოტაც უნდა გავუძლოთ, ყველამ ერთად!  ჩვენ ვერ გვაჯობებენ!

თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, კანონი თქვენ მხარეს იქნება, და არა მარტო კანონი, სამართლიანობა იქნება თქვენკენ. და მაშინ გახსოვდეთ, ასე ვერავინ დაგჯაბნით, თქვენ ვერ მოგერევათ ვერც ერთი კრიმინალი თანამდებობის პირი.

იდექით ხალხის სამსახურში, დაიცავით იგი, თქვენ ხომ სიცოცხლესაც არ დაიშურებთ მისთვის! თქვენ ამას აუცილებლად დაგიფასებთ ჩვენი ხალხი!  ჩვენ  გვახსოვს და გვემახსოვრება ის თავგანწირვა, რომელიც 23 წლის წინ, 9 აპრილს გამოიჩინა მაშინდელმა პოლიციამ, როცა ხალხს გადაეფარა, რათა ჯალათებისგან დაეცვა იგი.

სწორედ ამის ეშინია სააკაშვილს ცეცხლივით, ეშინია იმის, რომ, თუ საქმე საქმეზე მიდგება, პოლიცია კვლავ ხალხს დაიცავს. რატომღაც მერაბიშვილსაც კი არ ენდო სააკაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოაშორა და პრემიერად გადაიყვანა.

თუმცა, არც მერაბიშვილს დაუხევია უკან სააკაშვილის არა ერთი უკანონო ბრძანების შესრულებაზე. მის სახელს უკავშირდება ის განსაკუთრებული სისასტიკე, რომელიც გამოიჩინეს ძალოვანმა  სტრუქტურებმა 7 ნოემბერსა და  26 მაისს, მერაბიშვილი  ვერც ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების საქმეებს ჩამოირეცხავს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 15 ივლისს გორში.

მან პოლიტიკური პლაგიატი უწოდა მთავრობის ახალ პროგრამას და დასძინა: “ჩვენს შორის ერთი სერიოზული განსხვავებაა. ჩვენ  დაპირებებს ტყუილად არ ვიძლევით, კარგად გათვლილი და გაანგარიშებული გვაქვს ყველაფერი”.


მასალების გადაბეჭდვის წესი