სამართალი

ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

22 მაისი, 2012 • • 1712
ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თენგიზ ნაგერვაძე თავს უდანაშუოლოდ მიიჩნევს – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. მასში ასევე ციტირებულია ნაგერვაძის შეკითხვა, რომლითაც მან სხდომაზე სასამართლოს მიმართა: „მაინტერესებს, ჩვენს ქვეყანაში ვინ არის თაღლითი: ის, ვინც ნულიდან შექმნა ბიზნესი და დაასაქმა ათასობით ადამიანი, თუ ის, ვინც სხვისი შექმნილი მიითვისა? ვის უფრო მეტად ებრძვის დღეს ხელისუფლება და პროკურატურა?“

 

ანზორ ქოქოლაძის საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული: მალხაზ ნაგერვაძე და ლევან დუმბაძე. მათ გამოძიება თაღლითობას და ფულის გათეთრებას ედავება. ადვოკატის, მაია ხუციშვილის განცხადებით, დაკავებულების მიმართ საქმე აღძრულია სსკ–ის 180 მუხლის მე–2  ნაწილისა და სსკ–ის 194–ე მუხლის მეორე ნაწილის პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

 

მალხაზ ნაგერვაძეს 6,6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარი ჯარიმა მიესაჯა. ლევან დუმბაძეს კი– 9 წელი და 10 000 ლარი ჯარიმა.
ბრალს არც მალხაზ ნაგერვაძე და ლევან დუმბაძე აღიარებენ. მალხაზ ნაგერვაძე „ტექნო სერვისის“ დირექტორი იყო. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეა, ხოლო თენგიზ ნაგერვაძე „ბათმვაჭრობის” დირექტორი იყო. ამ კომპანიების საქმიანობა შეჩერებულია.

 

დაკავებულების ადვოკატი მაია ხუციშვილი „ბათუმელებთან” აცხადებს, რომ ამ საქმის გასაჩივრებისთვის ემზადებიან, რადგან განაჩენი დაუსაბუთებელია. „ბრალდების მხარემ რაც წარადგინა, იქიდან ნამდვილად არ იკვეთება ამ ადამიანების დანაშაული. ბრალდება აპელირებდა იმით, რომ ეს ფული ანზორ ქოქოლაძემ უკანონოდ წამოიღო „ელიტ– ელექრონიქსიდან“ და ამ ფულის შეტანა მოხდა „ტექნო ბუმში“ თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის მიერ. როგორ მისცა ეს ფული ანზორ ქოქოლაძემ ლევან დუმბაძეს, ეს არ დგინდება, რადგან ხელშეკრულების გაფორმებამდე ეს პირი უკვე დაკავებული იყო“. ასევე, ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ ობიექტურად არ დაითვალა დაკავებული პირების შემოსავლები: „რატომღაც ბრალდების მხარემ შემოსავლების დათვლა მხოლოდ 2003 – 2006 წლებში მოახდინა“.

 

ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე მიიჩნევს, რომ პროცესები მის მიმართ იმიტომ დაიწყო, რომ იგი ჩამოეშორებინათ „ელიტ ელექრტონისთვის“, რომლის ღირებულებაც უკვე შეადგენდა 80 მილიონ ლარს და ეს პროცესები გააგრძელეს, რადგან ბაზარზე გამოჩნდა „ტექნო ბუმი“, რომელმაც სერიოზული კონკურენციის გაწევა მოახერხა. ადვოკატი განმარტავს, რომ ანზორ ქოქოლაძე მიიჩნევს, რომ რადგან ეს ადამიანები მისი ნათესავები არიან, გამოძიება მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი