ახალი ამბები

მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოში არ ყოფილა

7 მაისი, 2012 • • 3164
მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოში არ ყოფილა

დღეს, 7 მაისს, 8:40 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოში  არ ყოფილა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონიდან 14 კილომეტრში იყო და მისმა სიმძლავრემ ეპიცენტრში 5.6 მაგნიტუდას მიაღწია.

თავდაპირველად ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 5.8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს აღმოსავლეთით, სოფელი ზემო ქედი იყო. მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მონაცმეები შეცვალა და მიწისძვრის ეპიცენტრად აზერბაიჯანი, ზაქათალას რაიონია დასახელებული.

”მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანოს საზღვართან ახლოს დაფიქსირდა და თავდაპირველად ოპერატიული ინფორმაცია დაიდო, რის შემდეგაც ინფორმაცია გადამოწმდა და ეპიცენტრი ოდნავ შეიცვალა. ჩვენი მონაცემით, მიწისძვრა მოხდა საზღვრიდან 25 კილომეტრში და დედოფლისწყარო ვახსენეთ იმიტომ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ეს იყო ყველაზე ცნობილი ადმინისტრაციული ცენტრი,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ოპერატიული დამუშავების ჯგუფის უფროსმა მანანა მანოშვილმა. მისივე თქმით, მიწისძვრის სიმძლავრეს აფიქსირებს სპეციალური აპარატურა, რომელიც სულ მცირე რხევებსაც პროგრამულად ამუშავებს და ეპიცენტრის გამოთვლაც ასე ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი