ახალი ამბები

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტორებს საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან

16 თებერვალი, 2012 • 861
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტორებს საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაკეთებულ სპეციალურ საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებს საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან, ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკთხთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო კონსულტანტების შერჩევას იწყებს. მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის თქმით, “სამინისტრო გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეარჩევს კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც შემდგომ დაწესებულებების საზოგადოებრივ მისაღებებში ვიზიტორებს მოემსახურებიან.”

სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით, შერჩევის შემდეგ კონსულტანტები სპეციალური მომზადების პროგრამას გაივლიან.

საზოგადოებრივ მისაღებში, რომელიც გლდანის #8 და #18 დაწესებულებებთან უკვე მოქმედებს, გამარტივებულია მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარ რეგისტრაცია, განცხადების ჩაბარება და საჭირო ინფორმაციის მიღება.

დამატებითი  სერვისის სახით ვიზიტორებისათვის  საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი, საბავშვო კუთხე, უფასო იურიდიული კონსულტაცია და საინფორმაციო დაფაა გათვალისწინებული.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, “2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, საზოგადოებრივი მისაღები სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ეტაპობრივად ამოქმედდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი