ეკონომიკა

ზამთრის საძოვრების დეფიციტი ცხვრის წარმადობას ამცირებს

14 თებერვალი, 2012 • 3749
ზამთრის საძოვრების დეფიციტი ცხვრის წარმადობას ამცირებს

2012 წელს ქართული ცხვრის წარმადობა შემცირდა. მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბაქა გონაშვილის ინფორმაციით, მეცხოველეობის სტრატეგიული დარგის განვითარებას ცხვრის წარმადობის შემცირება, მაღალი გადასახადები, მწირი საკვები ბაზა და ლოჯისტიკური პრობლემები აფერხებს:

“ქართული ცხვრის წარმადობა გასული წლის და 2012 წლის მკაცრმა ზამთარმა განაპირობა. თოვლი დოლის პერიოდში მოვიდა. ქვეყანაში საკვები ბაზა მცირეა, არ ხდება ჯიშის გაუმჯობესება და სელექცია, თუშური ჯიში, ფაქტობრივად, გადაშენდა,” – ამბობს გონაშვილი.

მისი თქმით, ცხვრის წარმადობის შემცირებას საძოვრებზე დაწესებული მაღალი გადასახადიც აფერხებს, ამიტომ მეცხვარეები ამცირებენ საძოვრის ფართს და, შესაბამისად, ცხვრის რაოდენობაც მცირდება: “მესაქონლის პროდუქტიულობა შემცირდა. ადრე ფერმერს თუ ჰქონდა ათასი ჰექტარი და ჰექტარზე 3 ლარს, შესაბამისად, 3 ათას ლარს იხდიდა, ახლა უწევს ჰექტარზე 17 ლარის (1000 ჯექტარზე 17 ათასი ლარის) გადახდა.”

ქართული ცხვრის სულადობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა გათვლებით, ამჟამად ქვეყანაში 600 ათასიდან 1 მილიონამდე სუ­ლი ცხვარი და თხაა. ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ცხვრის მოშენების მაქსიმალური პოტენციალი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 1,5-2 მილიონამდე სულია, ხოლო ზაფხულში ორჯერ მეტი ცხვრის მოშენებაც არის შესაძლებელი. მეცხოველეობის ამ დარგის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას ყოველწლიურად 150-200 მლნ ლარის საექსპორტო პროდუქტი დაემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოდან 160 560 ცხვარი გაიყვანეს, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი 267 144 იყო. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე ბევრი, 53 195 ცხვარი 2011 წელს სომხეთში შეიყვანეს, მეორე ადგილზე კი ექსპორტის მაჩვენებლით ირანია, სადაც 40 ათასზე მეტი პირუტყვი გაიყიდა. ქართულ ცხვარზე მოთხოვნა იყო აზერბაიჯანშიც, სადაც გასულ წელს 23,4 ათასი ცხვარი იქნა რეალიზებული. ცხვარი ასევე გავიდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ერაყის, ქუვეითის, სირიის, ისრაელისა და ყატარის ბაზრებზე.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი ამ სტატისტიკას არ ეთანხმება. “2011 წელს ცხვრის ექსპორტი ქვეყნიდან გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე 2009 წელს, თუმცა თანხობრივად ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იყო: “ბაზარზე ცხვარი 10 -15 ლარით გაძვირდა. ფასი საქონელის ხარისხის და  სეზონების მიხედვითაც იცვლება. ერთი სული ცხვრის ფასი 140 ლარიდან იწყება და 160-170 ლარს აღწევს. ცხვარი ყველაზე ძვირი ნოემბერში და სექტემბრის დასაწყისშია. ყველაზე იაფი კი –ივნისში და დეკემბერში.”

ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ცხვრის ექსპორტს ქვეყნიდან რამდენიმე კომპანია და ფიზიკური პირი ახორციელებს.

კომპანია “ჯორჯიან ლაივსტოპ ექსპორტმა” 2011 წელს ქართული ცხვრის ესპორტი ისრაელში განახორციელა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათთვის ისრაელის ბაზარი პრიორიტეტია:

“ამ დროისათვის ისრაელში გადასაყვანად 12-13 ათასი სული ცხვარი მზად გვყავს. 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 25 ათასი შედგინა,”- ამბობს კობა გონაშვილი.

სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ ქართულ ცხვარზე მოთხოვნა 2009 წლიდან გაჩნდა:

“ნებისმიერ მეცხვარეს რომ კითხოთ, ნამდვილად არ იყო ისეთი ბუმი და კლიენტების სიმრავლე, როგორც 2009 წელს. 2011 წელს უფრო ნაკლები იყო მოთხოვნა, მაგრამ ფასები აწეული.“

ექსპერტის განმარტებით, “ქართულ ცხვარს აქვს ერთი პრიორიტეტი, არაბულ ქვეყნებთან ახლოს ვართ და მეორე, ზომაში პატარაა. მისი ფასი გაცილებით ნაკლებია”.

კოღუაშვილის შეფასებით, ქართული ცხვარი ექსპორტის პოტენციალს სრულად აკმაყოფილებს, რადგან მეტ ცხვარს ზამთრის საძოვარი ვერ გამოკვებავს. “კახეთის რეგიონში ზამთრის საძოვრებზე ნორმით ერთი ცხვარი ერთ ჰექტარზეა დაშვებული. ამ დროისათვის უარესი მდგომარეობაა, ერთ ჰექტარზე 3-4 ცხვარი  იკვებება. ამის გამო ხდება მიწის ეროზია და დედოფლისწყაროს და შირაქის გაუდაბნოეაბა.”

საკვები  პოტენციალის ნაკლებობაზე საუბრობს  მეცხვარეთა ასოციაცის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილიც. მისი მონაცემებით, ზამთრის საძოვარზე, დაახლოებით, 700 ათასიდან 800 ათას სულამდე ცხვარი იკვებება:

“სულ ზამთრის საძოვარის პოტენციალი საქართველოში 400 ათას ჰექტრამდეა. ზაფხულის საძოვრებზე არ არის პრობლება. იქ სამ მილიონამდე ცხვარი შეგვიძლია გამოვკვებოთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი