2012.09.12

მოსახლეობა მარგანეცის საწარმოს დახურვას ითხოვს

ეკოლოგია,

გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდის მოსახლეობა, სოფელთან მდებარე მარგანეცის საწარმოს დახურვას ითხოვს.

სოფლის მოსახლეობამ დღეს საწარმოს წინ საპროტესტო აქცია გამართა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საწარმოდან წამოსული კვამლი მათ ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის, გარდა ამისა, მათი განცხადებით, გამონაბოლქვი მცენარეებსაც აზიანებს და საწარმოს ამუშავების შემდეგ სოფელში ჯანსაღი მოსავალი აღარ მოდის.


ქალაქ რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ თაზაქენდში 2000–მდე ადამიანი, ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი  მოსახლეობა ცხოვრობს. ისინი აცხადებენ, რომ ქართული ენის არცოდნის გამო ოფიციალური მიმართვის გაკეთებას ვერ ახერხებენ, თუმცა პირადად საწარმოს მფლობელებს უშედეგოდ არაერთხელ მიმართეს.


ერთ–ერთი ადგილობრივი მცხოვრების ასიქ მამედოვის თქმით, წლების მანძილზე ისიც ცემენტის ქარხანაში მუშაობდა და იცის, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას გამონაბოლქვმა ადამიანს:


“მე ქარხანაში ვმუშაობდი და ვიცი, რომ არანაირი ფილტრის დაყენება ამას არ უშველის, ჩვენ ვითხოვთ საწარმოს დახურვას. საღამოს სოფელში რომ გამოიხედოთ, ნახავთ როგორი კვამლი დგას, შიშით ფანჯარა ვერ გაგვიღია, ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ვინც აქამდე ჯანმრთელი იყო, მოხუცი ხალხიც კი დაავადდა”, – აცხადებს ასიქ მამედოვი.


კულახანუმ გასანოვა 70 წლისაა. მისი თქმით, გამონაბოლქვის გამო ბოლო დროს თავს განსაკუთრებით ცუდად გრნობს:


“მწვანილი გაფუჭდა, ხილი გაფუჭდა, ყურძენი აღარ არის და ბავშვს რა მოუვა, მე 70 წლის ვარ. ამდენი ხანი არაფერს შევუწუხებივარ და ახლა ავად ვარ, მაგრამ მე დიდი ხანი აღარ დამრჩა და ბავშვები აღარ იზრდებიან, ათი წლის ბავშვს რომ შეხედოთ, ვერ იტყვით რომ ათი წლისაა”, – აცხადებს კულახანუმ გასანოვა.


თაზაქენდთან მდებარე მარგანეცის მადნის გადამამუშავებელი საწარმო შ.პ.ს. “ნიკა–2004”–ს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის გიორგი ლეჟავას განცხადებით, საწარმომ მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო, ტექნიკური პრობლემების გამო ერთი წელი გაჩერებული იყო, ხოლო ერთი თვის წინ მუშაობა კვლავ განაახლა. გადამუშავებულ მარგანეცს საწარმო საზღვარგარეთ ყიდის.


კომპანიის დირექტორი არ უარყოფს, რომ მოსახლეობამ პრობლემის გამო ბევრჯერ მიმართა, თუმცა მისი განცხადებით, სოფლის პრობლემას მხოლოდ ამ საწარმოს გაჩერება ვერ მოაგვარებს:


“გარშემო ჩვენს გარდა უამრავი სხვა ქარხანაა, ეს ზოლი საერთოდ რუსთავის საწარმოო ზოლია, საღამოს ხიდთან რომ დადგეთ და სოფელს გადმოხედოთ დაინახავთ როგორ კვამლშია ჩაფლული, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი კვამლი არ არის, აქ მდებარე ყველა ქარხნის გამონაბოლქვი, როგორც კი დასავლეთიდან ნიავი დაუბერავს, სოფლისკენ მიდის. თუკი ვინმე დაავადდა ან ხილი გაფუჭდა, შეიძლება ეს იმ გამონაბოლქვის გამო იყოს, ჩვენი საწარმოდან გასული კვამლი ადამიანების ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის”, – აცხადებს გია ლეჟავა, მისი თქმით, საწარმო არ დაიხურება, მაგრამ რომც დაიხუროს პრობლემა პრობლემად დარჩება:


“ჩვენ სულ მიწასთანაც რომ გაგვასწორონ, ამას მხოლოდ ის მოყვება, რომ 1000–მდე ოჯახი ლუკმა–პურის გარეშე დარჩება, რადგან აქ 300–მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული”, – აცხადებს გია ლეჟავა.


რუსთავიდან სოფელ თაზაქენდამდე რამდენიმე საწარმო–ქარხანა მდებარეობს, მათ შორის ცემენტის, კირის და მანგანუმის გადამამუშავებელი ქარხნები, აგრეთვე, არმატურის მწარმოებელი ქარხანა.


თუმცა გია ლეჟავას განცხადებით, ის სუნი, რომელზეც მოსახლეობა საუბრობს, არა სხვა ქარხნებიდან, არამედ სწორედ მათი საწარმოდან გადის, რის გამოც ისინი დათმობაზე მიდიან:


“როდესაც მეტალი დადნება, წარმოიშობა წიდა, ჩვენ აქამდე ვახდენდით მის გრანულირებას და ვყიდდით, გრანულირების პროცესი კი შემდეგია, გავარვარებული წიდა ისხმება წყალში, ამ პროცედურის შედეგად კი წარმოიშობა დიდი რაოდენობით ორთქლი, რომელსაც გოგირდის სუნი აქვს, ეს კვამლი მომწამვლელი არ არის, მიუხედავად ამისა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიდა აღარ გადავამუშაოთ, ეს იმდენად ძვირი პროდუქტი არ არის, რომ ამის გამო მოსახლეობასთან პრობლემები შევიქმნათ, ამიტომ დღეიდან პირობას ვდებ, რომ მოსახლეობას ეს სუნი აღარ შეაწუხებს”, – განაცხადა გია ლეჟავამ.


დღევანდელი აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” გახლდათ. საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ დღეს საწარმოს დირექტორს წერილი გადაეცა, სადაც მოსახლეობის მოთხოვნებია ჩამოყალიბებული და მათი ხელმოწერებიც ახლავს:


“საწარმოს დირექტორი დათმობებზე წავიდა, ის დაგვპირდა, რომ 20 სექტემბრამდე ჩაუტარდება ექსპერტიზა მიწასაც და ჰაერსაც და დადგინდება აყენებს თუ არა საწარმო მოსახლეობას ზიანს, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სხვა ქარხნებსაც. უნდა დადგინდეს რა სახის და მასშტაბის ზიანი მიიღო მოსახლეობამ. ჯანმრთელობის ზიანიც და მატერიალური ზარალიც მოსახლეობას ადგილობრივმა ხელისუფლებამ და საწარმოს ხელმძღვანელობამ უნდა აუნაზღაუროს”, – განაცხადა არეშიძემ.