საზოგადოება

მგლებისგან აკლებული და ნაკვეთების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა [Video]

14 თებერვალი, 2012 • 1489
მგლებისგან აკლებული და ნაკვეთების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა [Video]

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გამდლისწყარო თბილისიდან ოციოდე კილომეტრში, ზედ ავტომაგისტრალთან მდებარეობს. გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებით ვეღარ სარგებლობს. სოფელში კიდევ ერთი პრობლემა სკოლის გაუქმების შემდეგ გაჩნდა: მგლების მომრავლების გამო მშობლები ბავშვებს მეზობელი სოფლის სკოლაში ფეხით ვერ უშვებენ, ტრანსპორტის დაქირავება კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მოსახლეობის ნაკვეთები მაგისტრალის მშენებლობას შეეწირა

თბილისი–სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის რეაბილიტაციამ გამდლისწყაროს მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთების გარეშე დატოვა.

დაახლოებით 5 ჰექტარამდე მიწა გზის მეორე მხარეს მდებარეობს. მაგისტრალის რეაბილიტაციამდე ტრაქტორს გზაზე გადასვლა არ უჭირდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი ეს შეუძლებელი გახდა. მოსახლეობა მიწას ვეღარ ამუშავებს და, შესაბამისად, 2009 წლის მერე მოსავალიც არ მიუღიათ.

„ჩემი ნაკვეთები ტრასიდან ისედაც შორსაა და ახლა საერთოდ არანაირი საშუალება არ დატოვეს იქ მისასვლელად“, –ამბობს მარინა მალძიგაშვილი.

„4 ნაკვეთი მქონდა, 2 საგზაო დეპარტამენტმა შეისყიდა, მაგრამ დანარჩენ ორზე სარწყავიც გაფუჭებულია და მისასვლელი გზაც. ვერ ვამუშვებთ, რომ მოსავალი მოვიყვანოთ. ძირითადად, კომბოსტო მოგვყავდა ხოლმე. გვპირდებიან, პროექტში სარწყავიცაა და გზაც, მაგრამ წლები ისე გადის, ვერც მოსავალს ვიღებთ და ვერც ვერაფერი“, – ამბობს ლეილა ხუბაშვილი.

სარემონტო სამუშაოების შემდეგ სოფლის ღელე, რომელიც ადრე ამ ნაკვეთებს რწყავდა, სხვა მიმართულებით მიედინება. ციური თათრიშვილის ნაკვეთთან კი, პირიქით, სანიაღვრე არხია მოწყობილი.

„ასე მითხრეს, ნუ გეშინია, ნიაღვარი არ წამოვაო. თუ არ წამოვა, არხი რაღად გააკეთეს?!“ – ამბობს ციური თათრიშვილი.

ციური თათრიშვილმა სავტომობილო გზების დეტარტამენტს მიმართა, რის შემდეგაც, 2011 წლის 8 სექტემბერს, წერილობითი პასუხი მიიღო. მასში ნათქვამია, რომ ავტომაგისტრალის პარარელურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა არის გათვალისწინებული, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს გადაადგილებას. სხვა დეტალური ინფორმაცია პასუხში არ წერია, შესაბამისად, ადგილობრივებმა დღემდე არ იციან, როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა და მოაგვარებს თუ არა ეს გზა მათ პრობლემებს.

„ნეტგაზეთმა“ იგივე კითხვებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 26 იანვარს მიმართა წერილობით, რაზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

მიუვალი სკოლა

ადგილობრივი სკოლის გაუქმების გამო თოთხმეტი მოსწავლე მეორე სოფლის (ქვემო ჭალა) სკოლაში დადის.

ყოველ დილას ბავშვებს ოთხი კილომეტრის გავლა უწევთ. გზა უდაბურია და მოტიტვლებულ ველებზე გადის. გარდა სიშორისა და სიცივისა, მათ კიდევ ერთი პრობლემა აქვთ – მგლები.

„ერთხელ მივდიოდით სკოლაში და 200–300 მეტრში სამი მგელი დავინახეთ. ძალიან შეგვეშინდა“, – ამბობს მოსწავლე ბადრი ხოკრიშვილი.

მშობლებმა ადგილობრივ რესურს–ცენტრს არაერთხელ მიმართეს და ბავშვებისთვის სამარშრუტო ტაქსის დანიშვნა სთხოვეს, თუმცა, ამაოდ.

კასპის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის უფროსმა დავით ზანგურმა „ნეტგაზეთთან“ ამ თემაზე საუბარზე უარი განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არასწორია და ბავშვებს სასკოლო ავტობუსი ემსახურება.

თავად მოსახლეობა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ციური თათრიშვილის განმარტებით, რესურს–ცენტრმა სამარშრუტო ტაქსისთვის საწვავი კი გამოყო, მაგრამ მძღოლის ხელფასის გადახდა მოსახლეობას თავად უწევს -თითო ბავშვზე 18 ლარი. განსაკუთრებით უჭირთ იმ ოჯახებს, ვისაც სახლში რამდენიმე მოსწავლე ჰყავს.

ლალი ელოშვილს ორი შვილის სკოლამდე ტრანსპორტირება თვეში 40 ლარამდე უჯდება.

„მე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ, მაგრამ რადგან სხვა საშუალება არ არის, ამ დახმარებიდან ვდებ ფულს“, – ამბობს ერთ–ერთი ბავშვის მშობელი თამარ ხუბაშვილი.

სამარშრუტო ტაქსის ფულს ადგილობრივები ყოველთვის ვერ აგროვებენ. ამ დროს ბავშვებს 4 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, მათ შორის ზამთარშიც, როცა იქაურობა მგლებითაა სავსე.

მგლებისგან აკლებული სოფელი

მგლები მხოლოდ ბავშვევს არ ხვდებიან გზად. უმეტეს შემთხვევაში ნადირს საქონელი მიჰყავს და ოჯახს სერიოზულად აზარალებს.

„ახალგორიდან ვართ. ოცი სული ცხვარი მოვიყვანეთ. პირობები არ გვქონდა, რომ ცხვრები საიმედოდ დაგვებინავებინა. მგელი გვივარდება და ბატკნები მიჰყავს. არადა, ჩვენი სარჩო ეს არის“, – ამბობს ნათია ბალხამიშვილი.

თამარ ზადიშვილს მგელმა ხბო და ვირი შეუჭამა, რის გამოც მოწეული კომბოსტოს გასაყიდად გატანა ვეღარ შეძლო და მოსავალი დღეს სათავსოში ულპება.

„ლამისჭალაში 300 ლარი დამიფასეს ვირი. მე 300 ლარს როგორ შევაგროვებ, პენსიით ვცხოვრობ“, – ამბობს ის.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში მონადირეც არავინ ჰყავთ, რომ მტაცებლებისგან თავი საკუთარი ძალებით მაინც დაიცვან.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი