2012.08.09

ამომრჩეველთა პესიმისტური განწყობის მიუხედავად, ობამა რომნის უსწრებს

არჩევნები,

ამერიკელები სულ უფრო და უფრო პესიმისტურად უყურებენ მომავალს, თუმცა ამომრჩეველთა შორის პრეზიდენტი ობამა ლიდერობს, რომლის რეიტინგიც, Reuters/Ipsos-ის ახალი კვლევის მიხედვით, ამ თვეში ოდნავ გაიზარდა რესპუბლიკელ კანდიდატ მიტ რომნის რეიტინგთან შედარებით.

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე (6 ნოემბერი) სამი თვით ადრე, ამერიკელების ორი მესამედის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მხოლოდ 31 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის დეკემბერის შემდეგ.

 

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტი ობამა მასაჩუსეტსის გუბერნატორ მიტ რომნის 7 პროცენტით უსწრებს. კერძოდ, ძალთა თანაფარდობა 49%/42%–ზეა. ამ მაჩვენებლით კი ობამამ კიდევ ერთი პროცენტით გაუსწრო მის რესპუბლიკელ მეტოქეს.

გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და სამუშაო ადგილებია.   

ამ მხრივ არსებულ გამოკითხვებში ობამა მხოლოდ 2%–ით უსწრებს რომნის. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46%-ს მიაჩნია, რომ ობამას უფრო მტკიცე პოლიტიკა აქვს ქვეყანაში ეკონომიკური და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. რომნის პოლიტიკას კი ამ მიმართულებით 44% ემხრობა.

ექსპერტების შეფასებით კი, ეკონომიკური საკითხი მნიშვნელოვნი განმსაზღვრელი იქნება, თუ ვინ მოიგებს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებს 2012 წლის 6 ნოემბერს.

Reuters /Ipsos-მა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა აშშ–ის მასშტაბით. ცდომილების ზღვარი 3,4%–ია.