ახალი ამბები

ფულის გაქრობის ტალანტი

3 ოქტომბერი, 2011 • 1285
ფულის გაქრობის ტალანტი

ბლუს მხოლოდ თანხის ნაწილი გადაუხადეს
ბლუს მხოლოდ თანხის ნაწილი გადაუხადეს

„ეს არის საერთაშორისო სკანდალი“, – ამბობს ეკა ჩიტაშვილი, „გოლდენ ტალანტის“ პროდიუსერი. სკანდალი კი ისაა, რომ სექტემბერში ბათუმში მოწვეულ ჯგუფ „ბლუს“, ევა საიმონსს და კიდევ სხვა ვარსკვლავებს, ჰონორარი ნაწილობრივ ან მთლიანად არ გადაუხადეს. საპრიზო თანხა, 45 ათასი დოლარი, ვერც კონკურსში გამარჯვებულებმა მიიღეს და ვერც პროდიუსერმა მიიღო თავისი ჰონორარი. არადა, ბათუმის მერიამ ამ კონკურსისთვის 160 ათასი ლარი დახარჯა.

„ჩვენი სტრატეგიული და მხარდამჭერი ქვეყნის – ლატვიის გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო საესტრადო კონკურსის – „ახალი ტალღის“ ტიპის ღონისძიებების გამართვის მაგალითზე, ჩვენი ქალაქისთვის დიდი პოპულარობის მომტანი იქნება. ქალაქი ავტომატურად ერთვება მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში, რადგანაც კონკურსი ატარებს საერთაშორისო ხასიათს“, – ეს განმარტება ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სურგულაძემ ბათუმის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გააკეთა ივლისის თვეში. მან უპასუხა საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილის რეპლიკას – „როდემდე უნდა ყაროთ კონცერტებში ფული?“

ბათუმიის მერიის ბიუჯეტიდან 160 000 ლარი გამოიყო ფესტივალ-კონკურსისთვის, რომელიც 7 სექტემბერს დაიწყო. 160 000 ლარიდან 17 000 ლარი 23 ივნისს შიდა კონკურსის ორგანიზებისთვის დაიხარჯა, ანუ იმ დღეს გამოავლინეს ის მომღერლები, რომლებმაც საქართველო წარადგინეს ფესტივალზე.

მერიამ საკრებულოს აცნობა, რომ ხალხის ფული მთლიანობაში ასეა გადანაწილდებოდა: ტრანსპორტი – 10 000 ლარი, სასტუმრო-კვება – 20 000, სცენა-გახმოვანება-განათება – 50 000, დეკორაცია – 30 000, საორგანიზაციო ხარჯები – 10 000, პრიზები – 23 000 ლარი.

11 სექტემბერს კი “გოლდენ ტალანტმა” სამი გამარჯვებული გამოავლინა. პირველი პრიზის მფლობელი, მოლდოველი პაველ პარფენი 20 ათასი დოლარით დააჯილდოვეს, სიტყვიერად. მეორე ადგილზე გასულს – ქართველ სალომე ქათამაძეს 15 ათასი დოლარი, ხოლო მესამე პრიზიორს 10 ათასი დოლარი უნდა რგებოდა, მაგრამ არც ერთ მათგანს არც ერთი ცენტი არ მიუღია.

კონკურსის პროდიუსერი, ეკა ჩიტიშვილი ამბობს, რომ თანხა მთლიანად არც მოწვეული ვარსკვლავებისთვის გადაუხდიათ: “ბლუს” თანხის ნაწილი არ გადაუხადეს, ევა საიმონსს საერთოდ მესამედიც კი არ მისცეს. არ გადაიხადეს 45 ათასი – საპრიზო ფონდი, გრაფიკოსისა და აპარატურის ქირავნობის თანხა, რაც იყო უკრაინიდან ჩამოტანილი; გადაუხდელია მხატვრული გაფორმების 6,5 ათასი დოლარიც. ექსტარავაგანსს 2 ათასი არ მისცეს. არ მისცეს წამყვანს ბერდია კუტუბიძეს. ის ბათუმელია და დაურეკეთ. მოკლედ, თანხის ძალიან დიდი ნაწილია გადაუხდელი. კონცერტის ბიუჯეტი, მთლიანობაში, 500 ათასი დოლარი იყო. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ინფორმაცია, რომ თითქოს ფესტივალის ჩატარებას 1,7 მილიონი მოხმარდა”.

ეკა ჩიტიშვილი არ ასახელებს, რამდენი გადაუხადეს ან უნდა გადაეხადათ, მაგალითად, “ბლუსთვის”, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ამ ვარსკვლავებმა იჩივლონ სასამართლოში. მოლდოვაში მცხოვრები ეკა ჩიტიშვილი, რომელსაც, თავის მხრივ, 30 ათასი ევრო აქვს მისაღები, თავის ჰონორარს აღარ დაეძებს: “ჩემი პროფესიული მომავალისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა, როცა ვარსკვლავები ჩამოგყავს და არასათანადო კვება, სასტუმროა, მშივრები არიან სტუმრები, ტრანსპორტი არ გაქვს, ძალიან დიდი სირცხვილია.

17 ქვეყანაში მოეჭრა თავი საქართველოს, ეს ხალხი მშიერი იყო. 35 ჟურნალისტი ჩამოვიდა და ჩაი არ დაალევინეს”.

ლამის საერთაშორისო სკანდალის შესახებ საქართველოში თითქმის არავინ იცის. ეკა ჩიტიშვილი კი ამბობს, რომ ჩივილის გარდა სხვა გზა არ არსებობს:

“ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, საქართველოში საცხოვრებელი არ მაქვს, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც კი არ მიყიდეს, ამიტომ სკანდალი არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს – ადვოკატი ავიყვანე, რომელიც ამ საქმეს მსვლელობას მისცემს, არა მარტო ჩემი დავალიანების, არამედ ყველას დავალიანების გამო.

სამარცხვინოა, მსოფლიო ვარსკვლავებმა ჰონორარი ვერ აიღეს… 17-მა ქვეყანამ გადასცა ეს ფესტივალი პირდაპირ ეთერში, სხვა კონკურსებზეც მყავდა ეს ვარსკვლავები მოწვეული და დამიჯერეთ, ჩემმა ავტორიტეტმა შეკრიბა ისინი, რადგან მენდობოდნენ. მეც დაზარალებული ვარ, მაგრამ ამ ხალხს მე მოველაპარაკე და ბევრი პრეტენზიაც ჩემი მისამართით შემოდის. მე ვერანაირი თანხა ვეღარ ჩამომბანს ამ სირცხვილს, ეს ძალიან დიდი სკანდალი და იმიჯის შელახვა იქნება ქვეყნისთვისაც”.

ფესტივალის ერთ-ერთი წამყვანი, ბერდია კუტუბიძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ვერ დაასახელებს ჰონორარს, თუნდაც მიუღებელს. და საერთოდაც, ამ ეტაპზე საკითხს უკომენტაროდ ტოვებს.

ფესტივალამდე ერთი თვით ადრე კი, ბათუმის მერიამ ბათუმის საკრებულო დაარწმუნა, რომ მუსიკალურ-სატელევიზიო ფესტივალ-კონკურსი – “ოქროს ტალანტი” ბათუმისთვის ტრადიციული უნდა გახდეს. საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ მერიას ეს ფესტივალი 2014 წლამდე აქვს გაწერილი. პროექტის თანახმად, 2012 წელს ბათუმის მერიას ფესტივალისთვის 230 000 ლარი უნდა გამოეყო, 2013 წელს – 250 000 ლარი, 2014 წელს კი – 255 000 ლარის გამოყოფა იყო დაგეგმილი.

ოქტომბრის დასაწყისში კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია სურგულაძე “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მერია მომავალში მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს ფესტივალ-კონკურსს, თუ კარგად და გამჭვირვალედ იქნება ორგანიზებული. ნათია სურგულაძის ინფორმაციით, “მერიის თანხა მხოლოდ ვარსკვლავებისთვის ავიაბილეთების შეძენასა და სცენის აგებაში დაიხარჯა”. “გოლდენ ტალანტთან” დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა არ იცის.

“გოლდენ ტალანტის” ორგანიზატორი, ანუ ის კომპანია, რომელსაც ბათუმის მერიამ 160 ათასი ლარი მისცა, “ჯორჯიან არტ ფესტი” იყო. ამ კომპანიას რეალურად ის ადამიანი მართავს, ვინც მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში საერთოდ არ ფიგურირებს – აჩიკო დოლიძე (კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მეუღლე). აჩიკო დოლიძე გამორიცხავს, რომ მიუღებელი ჰონორარის გამო ვინმე უკმაყოფილო იყოს:

– საიდან მოიტანეთ, ქალბატონო? საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? არასწორია ეს ინფორმაცია. თანხა გადახდილია ყველსათვის, ყველაფერი მოგვარებულია…

უბრალოდ, რაშია საქმე, იცით, თქვენ მიგაჩნიათ, რომ თვითონ ფესტივალი იქნება ქალაქისთვის კარგი? პირველი ფესტივალის დონეზე როგორი იყო ჩვენი ფესტივალი? პირველი “სანრემო” ან “იურმალა” იქნებოდა ხარვეზების გარეშე? ფესტივალი ახალი დაბადებულია, ხელი უნდა შევუწყოთ თუ დისკრედიტაცია მოვახდინოთ? ფესტივალს ხელის შეწყობა სჭირდება…

– გქონდათ ეს ხელშეწყბა მერიისგან?

– რაც გვქონდა– გვქონდა, რაც არ გვქონდა, არ გვქონდა.

– მერიამ გადმოგირიცხათ თანხა?

– მერია ვალდებული არ იყო, ბოლომდე დაეფინანსებინა ფესტივალი. ეს იყო ჩვეულებრივი კომერციული პროექტი და რატომ არის მერია ვალდებული, ამის გაკეთებაში რომ დაგვეხმაროს. მე არ გეტყვით, მაგრამ რაღაც თანხა იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, მერიაში გადაამოწმეთ.

– გამორიცხავთ, რომ, მაგალითად, ბლუმ სასამართლოში გიჩივლოთ?

– გამოვრიცხავთ.

– ეკა ჩიტიშვილი ამბობს, რომ თანხა სრულად არავისთვის მიგიციათ.

– რას ამბობთ, ეკა ჩვენი მუდმივი პარტნიორია.

– ეკას თქმით, არც საპრიზო თანხა გაგიციათ.

– არასწორია ეს ინფორმაია, რასაც ფლობთ.

ამ სკანდალისა და გაურკვეველობის მიუხედავად, ეკა ჩიტიშვილი ბათუმის მერიას მაინც ემადლიერება: “მერია თანაორგანიზატორი იყო “გოლდენ ტალანტის”. არაჩვეულებრივად დაეხმარა, იმაზე მეტი გააკეთა, რაც კი შეიძლებოდა, არც ერთ ქვეყანაში არ ეხმარება მერია ასეთ კონცერტებს”.

პროექტი “გოლდენ ტალანტზე” საავტორო უფლებები ეკა ჩიტიშვილს ეკუთვნის. ხელშეკრულების მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მომავალში საქართველოდან ვინმე ამ ფესტივალს მასთან შეუთანხმებლად ჩაატარებს, ნახევარ მილიონ ევროს გადაუხდის. თავად ეკა ჩიტიშვილს პატრისია კაასის კონცერტის ორგანიზება უნდოდა გაზაფხულისთვის თბილისში, მაგრამ ამის სურვილი უკვე დიდად არ აქვს.

უცხოეთში საქართველოს რეკლამირებისთვის და საახალწლო ღონისძიებებში, ბოლო წელიწადნახევარში ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ამავე თემაზე:

ბათუმში „Golden talent 2011“დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი