ეკონომიკა

კომერციულმა ბანკებმა მეტი სესხი გასცეს

30 სექტემბერი, 2011 • 1142
კომერციულმა ბანკებმა მეტი სესხი  გასცეს

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 2.0 პროცენტით, ანუ 142.1 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 7.1 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 6.5 პროცენტით, ანუ 128.8 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 0.3 პროცენტით, ანუ 13.3 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 739.2 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 9.8 პროცენტით ანუ 65.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.3 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.1 პროცენტით ანუ 3.8 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 49.9 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის ივლისთან შედარებით, აგვისტოში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.9 პროცენტით ანუ 18.5 მლნ ლარით შემცირდა და 2.0 მლრდ ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.6 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი სექტემბრისათვის 787.2 მლნ ლარით განისაზღვრა (1.9 პროცენტით ანუ 14.7 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 462.2 მლნ ლარია (3.1 პროცენტით, ანუ  14.0 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 81.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის აგვისტოს განმავლობაში 3.1 პროცენტით ანუ 85.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის  2.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი