ქლორის გაჟონვის გამო 18 წლის მოქალაქის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად დაშავებული 18 წლის პაციენტის მდგომარეობა დღესაც უკიდურესად მძიმეა.
პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
კლინიკის დირექტორის განმარტებით, 18 წლის მამაკაცის მდგომარეობის სირთულე ბრონქიალურმა ასთმამ განაპირობა.
„მისი სუნთქვითი გზებისთვის ეს ფაქტორი დამატებითი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. როდესაც პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს, გული გაჩერებული ჰქონდა. ახლა მართვით სუნთქვაზეა, თუმცა იმპულსები აქვს. მასთან ინტოქსიკოლოგი და რეანიმატოლოგები მუშაობენ,"- ამბობს ბაადურ მოსიძე.
ექიმი ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.
კლინიკას ინტოქსიკაციის ნიშნებით დღეს კიდევ შვიდმა პაციენტმა მიაკითხა.
შპს "კრიტალი," რომლის საწარმოს აუზში გუშინ, 3 ივლისს ქლორმა გაჟონა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას თხევადი ქლორით უზრუნველყოფდა.
ქლორის გაჟონვის გამო სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს შპს ”კრისტალის” დირექტორი ლევან დაუთაშვილი.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას მისი წარმოების, ტრანსპორტირების, განთავსების, შენახვის, ჩამარხვის ან გამოყენების დროს, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან ადამიანთა მასობრივი დაავადება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

კომენტარი