ხელოვნება

ნინო ქათამაძის ჩუმი სიყვარული

20 ივლისი, 2011 • • 2232
ნინო ქათამაძის ჩუმი სიყვარული

ეთნოგრაფიულ მუზეუმში არტ გენის ფარგლებში ნინო ქათამაძის  კონცერტი გაიმართა.

მუსიკოსი საქართველოში იშვიათად მართავს  კონცერტებს. ამიტომაც ნინო ქათამაძის მოსასმენად თითქმის მთელი თბილისი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრა.

კონცერტს იმდენი ადამიანი დაესწრო, რომ ავტომობილით გადაადგილება კუს ტბის ასასვლელ გზაზე თითქმის შეუძლებელი იყო. ხელიხელჩაკიდებული, გაღიმებული ადამიანები ჯგუფ–ჯგუფად ფეხით მიდიოდნენ კონცერტზე დასასწრებად; წინასწარი განწყობით, რომ საღამო ეთნოგრაფიულ მუზეუმში 19 ივლისის ღამეს  დაუვიწყარი იქნებოდა.

”მე ახლა სახლში ვარ”,- თქვა მომღერალმა, რომელიც ფეხშიშველი გამოვიდა სცენაზე.

სიმღერა სიყვარულზე, ყველაზე ჩუმ სიყვარულზე – ასე იწყებდა ნინო ქათამაძე სიმღერას, რომელიც ჯგუფის ახალ ალბომში შევიდა.

ახალი ალბომი “წითელი” საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა. მუსიკოსმა მოუბოდიშა მსმენელს ალბომის დაგვიანებისთვის და დაპირდა, რომ ”წითელი” საქართველომდე მალე მოვიდოდა.

ახალ ალბომში შესული სიმღერები მსმენელის ნაწილმა პირველად მოისმინა.

კონცერტი, რომელიც საღამოს ათ საათზე დაიწყო, დაახლოებით ორი საათის მანძილზე გაგრძელდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კონცერტი, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში არტ გენის ფარგლებში გაიმართა, და არა მხოლოდ. ეს იყო კონცერტი, სადაც ყველა მღეროდა; მღეროდნენ სიმღერებს, რომლებიც იცოდნენ, და მღეროდნენ სიმღერებს, რომლებიც არ იცოდნენ.

ხალხი ყვიროდა: ”ნინო იები”, ”ნინო სულიკო” – ნინო კი ამბობდა, რომ ყველაფერს იმღერებდა; იმღერებდა, სანამ ექნებოდა სიმღერის ძალა. ასეც მოხდა, ერთ ემოციურ ჯაჭვად გადაქცეულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მყოფი ადამიანები სიყვარულის ენერგიას უცვლიდნენ ერთმანეთს. ნინო ქათამაძე იყო საკუთარ სახლში და ყველას, ვინც კონცერტზე იმყოფებოდა და მასთან ერთად თავს შინ გრძნობდა, ყველა საყვარელი სიმღერა უმღერა: იებიც, სულიკოც, ქუჩაში ერთხელ, ტურფავ ტურფავ.

ნინო ქათამაძის ახალი ალბომი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციურია. ალბომი, რომელიც ყვება ამბავს სიყვარულზე; სიყვარულზე, რომელიც ადამიანებს აცოცხლებს და ამოძრავებს. სიყვარულზე, რომელიც ჩუმია და ყველაზე ძლიერი. ნინოს ბგერებით კონცერტზე მყოფი ყველა მსმენელი თავის ამბავს მღეროდა.

არტ გენის ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში მომდევნო დღეებშიც არაერთი საღამო იგეგმება. მათ შორის, ნიაზ დიასამის, ზაზა კორინთელის და სხვა მუსიკოსების.

მასალების გადაბეჭდვის წესი