კომენტარი

ისევ „რელიგიურ-პატრიოტული“ აჟიოტაჟი

8 ივლისი, 2011 • 1705
ისევ „რელიგიურ-პატრიოტული“ აჟიოტაჟი

პარლამენტმა მიიღო კანონი რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ, რაც ჩემი აზრით ძალიან დადებითი მოვლენაა. კანონი აბსოლუტურად არ აზიანებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს, არ ზღუდავს მის იურიდიულ სტატუსს და ძირს არ უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, კანონის მიღებასაც მოჰყვა ფსევდორელიგიურფსევდოპატრიოტული ისტერია.

 

საქართველოს არამართლმადიდებელი მოქალაქეების რელიგიური გაერთიანებების იურიდიული სტატუსის დარეგულირებას არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი. როგორც ყოველთვის, პოლიტიკოსებმა დაიწყეს დემაგოგია მართლმადიდებლობითა და ქართველობით. ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკაში მართლმადიდებლობით და ეროვნული იდენტობით მანიპულირება კვლავაც ძალიან ეფექტურ იარაღად რჩება. ყველა მხრიდან ისმის სრულიად არაკომპეტენტური და დემაგოგიური განცხადებები იმის შესახებ, რომ რელიგიური გაერთიანებებისათვის საჯარო იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, არის ანტიეკლესიური და ანტიქართული, ეწინააღმდეგება ღმერთის, მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართველი ერის ნებას, რომ დეპუტატები, რომელთაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს არიან უღმერთოები და სამშობლოს მოღალატეები; საინტერესოა, რომ „წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ“ და ქართულმა აკადემიამ ამ დეპუტატების სიების გავრცელებაც დაიწყეს, რათა ერი იცნობდეს თავის მტრებს, ლეიბორისტულმა პარტიამ პრეზიდენტის ეკლესიისაგან განკვეთა მოითხოვა „ამ ბინძური კანონის გამო“, ქრისტიან-დემოკრატებმა და სხვა ოპოზიციურმა დეპუტატებმა არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა და შემდეგ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ერთად გააკეთა განცხადება, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებისაკენ მოუწოდა, ხოლო ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა სულხან ღლონტმა განაცხადა, რომ კანონის მიღებით პატრიარქი შეურაცხყვეს. ცხადია, ყველა პარტიის უპასუხისმგებლო და ფუნდამენტალისტურ განცხადებებს აქ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ გავიმეორებ, რომ ყველა პოლიტიკოსი ეწინააღმდეგება კანონის მიღებას და მხარდაჭერას უცხადებს საპატრიარქოს. ელემენტარული სამართლიანობის მიხედვით პარლამენტის მიერ კანონის მიღება ცალსახად დადებითი ნაბიჯია, ხოლო საპატრიარქოს პოზიცია სრულიად უსაფუძვლო, მაგრამ დღესაც ქართველი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ურაპატრიოტულ-მართლმადიდებლური დემაგოგია პოლიტიკურად მომგებიანია. სწორედ ამიტომ შეირცხვინა თავი „ლიბერალმა“ ირაკლი ალასანიამ.

 

არ დააყოვნა მოთხოვნებმა მართლმადიდებლობის სახელმწიფო თუ ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შესახებ. აქაც ქრისტიან დემოკრატებთან ერთად მრავალმა პოლიტიკოსმა ისახელა თავი. ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით მართლმადიდებლობა „სწორედ ის იდეა“ ყოფილა, რომელიც უნდა იქცეს გამაერთიანებელ იდეად ჩვენი ქვეყნისათვის და ყველა ქართველისათვის. პარალელურად გაძლიერდა რელიგიურ-ექსტრემისტული რიტორიკა, ისევ აქტუალური გახდა ტერმინი „სექტები“. აქაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ სხვებს ტოლი არ დაუდო.

 

ამჯერად „რელიგიურ-პატრიოტული“ აჟიოტაჟის ინიციატორად თვით კათოლიკოს-პატრიარქი მოგვევლინა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტმა კანონი ეკლესიისა და ქართველი ხალხის ზურგს უკან, მოულოდნელად მიიღო, რომ კანონი არის საშიში, ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს და თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. პატრიარქმა კანონის მიღების პროცედურის შეჩერება მოითხოვა, შემდეგ პრეზიდენტისაგან კანონზე ვეტოს დადება, ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ „ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელია“ და თურმე რელიგიური გაერთიანებების იურიდიული სტატუსის შესახებ კანონი „არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს“.

 

ერის სულიერი მამის მიერ ამგვარი „მწვანე შუქის“ ანთების შემდეგ ქართველ პოლიტიკოსებს და „სამოქალაქო სექტორის მოღვაწეებს“, როგორც იტყვიან, მეორე სუნთქვა გაეხსნათ. მაგრამ ამ ისტერიისათვის საჭირო იყო მტრის ხატი და ვიპოვეთ კიდეც ფაქტიურად იდეალური: სომხები და სომხური ეკლესია. ანტისომხური კამპანიის სულისჩამდგმელადაც საპატრიარქო მოგვევლინა. ამან გამახსენა 2003 წელს საპატრიარქოს მიერ ინიცირებული გამოსვლები კათოლიკეების წინააღმდეგ. მაშინ ეპისკოპოსები მოუძღოდნენ მანიფესტაციას პარლამენტის წინ და მაშინაც ექსტრემისტული გამონათქვამებით ყველაზე მეტად მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული გამოირჩეოდა. მეუფე ზენომა არც ახლა უღალატა ტრადიციას და ქართულ მედიაში სრულიად სამარცხვინო ანტისომხური დემაგოგია დაიწყო. თითქოს კანონის მიღება საქართველოს სახელმწიფოს აიძულა სომხეთმა და სომხეთის ეკლესიამ, თითქოს ამით სომხები მიიღებენ 600 ტაძარს საქართველოში, რომ ამ კანონის მიღება სომხეთის და მისი პატრიარქის გარეგინის გამარჯვებაა, რომელიც „მუშტების ბრახუნით“ მოითხოვდა ამ პრივილეგიებს. იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელისთვისაც კი ცხადია, რომ კანონს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ არავითარი კავშირი არა აქვს კონკრეტულად იმ ექვსი ტაძრის (და არა ექვსასის) გადაცემასთან, რომელსაც ოფიციალურად ითხოვს სომხეთის ეკლესია.

 

ლოგიკურია, რომ მთავარეპისკოპოს ზენონის არმენოფობია სიხარულით აიტაცეს სხვა სასულიერო პირებმა. დეკანოზი პეტრე კვარაცხელია აცხადებს, რომ ეს არის ბრძოლა ქართული სიწმინდეების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში სომხეთი იყენებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, რომ კანონის მიღებით ქვეყანა სოდომ-გომორს დაემსგავსა. მამა პეტრე მრევლს მოუწოდებს დაირაზმოს და ქუჩაში გამოვიდეს, თუმცა არმენოფობიით არ კმაყოფილდება და აგრძელებს: „ამ ეტაპზე ყველაზე მკვეთრად სომხეთის აქტივობა ჩანს. აზერბაიჯანელების და გერმანელების აქტიურობასაც არ გამოვრიცხავ“. ყველაზე „მართლმადიდებელი“ და „პატრიოტი“ მამა ელიზბარ დიაკონიძე აღმოჩნდა: „მოგეხსენებათ, ისტორიულად სომხეთში, გრიგორიანელობის გარდა, სხვა კონფესია ვერ ბოგინობდა, ეს გამოწვეული იყო და დღემდე გამოწვეულია მათივე მყრალი სულიერი თუ ფიზიკური ცხოვრებიდან“.

ეკლესიის მიერ ინიცირებულ ანტისომხურ კამპანიაში ბუნებრივი სიხარულით ჩაერთვნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე „საზოგადო მოღვაწეები“. ყველა ალაპარაკდა სომხეთის პატრიარქის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების კონსპიროლოგიურ მნიშვნელობაზე. ისევ აქტუალური გახდა ტერმინი „სომხური ლობი“. ლეიბორისტები ანგლო-ამერიკული იმპერიალიზმის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო ვანდალიზმსაც გაუსვეს ხაზი.

 

საოცარია, რომ არავინ აპროტესტებს არმენოფობიის ამ ნიაღვარს. მეუფე ზენონ იარაჯულთან ერთად რადიოგადაცემაში მონაწილეობდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე, რომელმაც არათუ გააპროტესტა მთავარეპისკოპოსის ქსენოფობია, არამედ სხვა სატელევიზიო გადაცემაში თვითონაც ისაუბრა სომხურ კვალზე. ასეთი ვიცე-სპიკერი უნდა ჰყავდეს საქართველოს პარლამენტს? თუმცა „მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის“ ქრისტიან-დემოკრატების რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ირაკლი ალასანიას პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა არმენოფობიურ დემაგოგიაში ლამის მეუფე ზენონსაც გაუსწრო, ხოლო თვით რესპუბლიკურმა პარტიამაც კი „მორცხვად“ აღნიშნა სომხური კვალი.

ბოლოს შევეხები ე. წ. ნაცვალგების პრინციპს, რომელიც ასევე პატრიარქმა შემოგვთავაზა. მის თანახმად სომხურ ეკლესიას უნდა ჰქონდეს იგივე სტატუსი, როგორიც ქართულ ეკლესიას აქვს სომხეთში. მაგრამ ამ პრინციპის თანახმად გამოდის, რომ ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეები ყოფილან ჩვენი მძევლები, რომლებითაც შეგვიძლია „წარმატებით“ ვივაჭროთ სხვა სახელმწიფოსთან. საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სომხები არიან ზუსტად ისეთივე საქართველოს მოქალაქეები, როგორც ეთნიკურად ქართველი თუ სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები. ამდენად, მათზე ზრუნვა და მათი რელიგიური ორგანიზაციის სტატუსის დარეგულირება არის ექსკლუზიურად ქართული სახელმწიფოს მოვალეობა. სამწუხაროდ ასე არ ფიქრობს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ვარსკვლავი დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელმაც თავის ქადაგებაში სომხეთის პატრიარქ გარეგინის „დოგმატურ-ანთროპოლოგიური“ ლანძღვის შემდეგ განაცხადა: „ეს საქართველოა და ყველა სხვა ნებისმიერი ტომის წარმომადგენელი საქართველოში არის სტუმარი“.

 

ავტორის შესახებ

ვასილ კობახიძე, თეოლოგი

მასალების გადაბეჭდვის წესი