2012.05.28

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ

"მე ვარ ერთ-ერთი, ვინც გათავისუფლებაზე განცხადება დავწერე,"- ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის უფროსი, მაია გაბუნია.

 

როგორ გაბუნია ამბობს, კანცელარიაში თანამშრომელთა გაცნხადებები სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით ამ წუთებშიც შედის.

 

მისივე თქმით, რეგიონებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს და ბევრი თანამშრომელი ფიზიკურად აქ არ იმყოფება. 

 

"თუ მაია მიმინოშვილი განათლების სისტემაში მისი ხედვების გამო არის გათავისუფლებული, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ამ ხედვებს იზიარებს,"- ამბობს გაბუნია. 

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა განცხადებით პრეზიდენტსაც მიმართეს: 

 

"გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპით. ცენტრისთვის მთავარ ღირებულებებს განათლების ხარისხი და მისი გაუმჯობესებისათვის მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. გარწმუნებთ, მაია მიმინოშვილის პოზიცია აბსოლუტურად თანხვდება ცენტრის თანამშრომელთა ხედვას, რაც ნიშნავს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეხება ცენტრის ყველა თანამშრომელს და ზოგადად ცენტრის საქმიანობას. 


მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა იყოს მოლაპარაკება, დისკუსია და არა ხისტი გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, პირადი პოზიციის შეუთანხმებლობას არ უნდა ეწირებოდეს განათლების ხარისხი და მისი დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის უზრუნველყოფდა.


ბატონო პრეზიდენტო, დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ბატონი დიმიტრი შაშკინის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს,  როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას. ამიტომაც გთხოვთ, უშუალოდ თქვენ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს და საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმისაგან დაგვიცავს",-ნათქვამია მიმართვაში.