ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ანაკლიაში უნდა გაკეთდეს საერთაშორისო აეროპორტი და გაზის ტერმინალი

2 აპრილი, 2014 • • 967
ღარიბაშვილი: ანაკლიაში უნდა გაკეთდეს საერთაშორისო აეროპორტი და გაზის ტერმინალი

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა თანმიმდევრულად უნდა შესრულდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, შემდეგ კი დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა. როგორც პრემიერი აცხადებს, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები; უნდა აშენდეს საერთშორისო აეროპორტი და უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე იმედოვნებს, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში განაცხადა, მთავრობის დავალებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები დეტალურ კვლევას ატარებენ. მისივე ინფორმაციით, უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი, რომელთა დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად საპარტნიორო ფონდი მუშაობს.

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და ზოგადად პროგრესი არ  შეიძლება, საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების მნიშვნელობას და განმარტა, რომ შედეგად ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა;  ასევე, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი  – „კონტი ჯგუფი“, რომლის პრეზიდენტ კურტ კონტის საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტისას შეხვდა. „კონტი ჯგუფს“ შემუშავებული აქვს ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას ითვალისწინებს.


„სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი