ახალი ამბები

როგორ აფასებს “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას

22 მარტი, 2014 • • 1378
როგორ აფასებს “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას

“ჩვენ მივიღეთ ბევრი მკაფიო გაფრთხილება, მათ შორის მე მახსოვს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის სიტყვები, რომ თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაშინ ევროპას ერთადერთი სალაპარაკო ექნებოდა საქართველოსთან და ეს იქნებოდა სწორედ აღნიშნული საკითხი და არა რომელიმე სხვა. ასევე მე დიდი იმედი მაქვს, რომ იანუკოვიჩის გზას არ დაადგება დღევანდელი ხელისუფლება და მოეშვება მართლაც ამ მაიმუნობას. ასეთი საქციელი მე მხოლოდ და მხოლოდ იმით შემიძლია ავხსნა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის უკრაინაში, იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია, სადაც წყდება არა მხოლოდ უკრაინის, ასევე, საქართველოს ბედი, ხოლო საქართველო ხელისუფლების მიერ უკრაინის არანაირი რეალური მხარდაჭერა ჩვენ არ გაგვიგია, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ასრულებენ პირდაპირ პუტინის დაკვეთას. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შემიძლია მოვიაზრო, ვისაც სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნი საგნად იხილოს, ვლადიმერ პუტინია. როგორც აღმოჩნდა, მას მოკავშირეები გააჩნია საქართველოში”– განაცხადა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ. 

 

დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესზე უფრო მაღლა პირად ინტერესებს და სიძულვილს აყენებს:

 

“როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება იმდენადაა გაღიზიანებული უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი აქტივობით და თავისთავად ის, რომ ერთადერთი დაინტერესებული მხარე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არის რუსეთი, და მეორე გამოჩნდა ჩვენი ხელისუფლება, მე მგონი, ყველაფერზე ლაპარაკობს. იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, ასეთი ინიციატივით გამოსვლა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. რაც შეეხება, შეგვიშლის თუ არა ეს ხელს ევროინტეგრაციაში, როგორც ჩანს, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ანერვიულებს დღევანდელ ხელისუფლებას, მათ აქვთ ძალიან ვიწრო პარტიული და უფრო მეტად პირადი ინტერესები, დამოკიდებულება და სიძულვილი, და ამას სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებენ”.– განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.  

 

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება არის საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დარჩენის მცდელობა:

 

“იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ყველა მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ლამის ყოველდღიურად მოგვიწოდებს, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბანრება არის ბიძინა ივანიშვილის მიერ სერიოზული გამოწვევის, თეთრი ხელთათმანის გადაგდება, როგორც ევროპისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის და საქართველოს ყველა მეგობრი ქვეყნისთვის. ეს არის მცდელობა, რომ საქართველო დარჩეს რუსეთის ორბიტაზე. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ პუტინს უკრაინაში და მთელს რეგიონში გასდის ის, რაც უნდა, ან ბიძინა ივანიშვილს გასდის ის, რასაც ის აკეთებს საქართველოში, მაგრამ მათ ადგილას მე აუცილებლად 100–ჯერ დავფიქრდებოდი. ამ პოლიტიკის შედეგებს- პუტინის მთელ რეგიონში და ივანიშვილის, საქართველოში- რამდენიმე წელიწადში ვნახავთ”– განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  

 

დეპუტატ გოგა ხაჩის განცხადებით კი, მას ბიძინა ივანიშვილისგან უკვე აღარაფერი უკვირს და დღეს განვითარებული მოვლენებიც საერთო კონტექსტში ჯდება:

 

“ზოგადი შეფასება ალბათ საერთო კონტექსტში ჯდება, რომ ქვეყანა ზოგადად გახდა არაადეკვატური, პრინციპში ზუსტად ისეთი, როგორიც ბატონი ბიძინა ივანიშვილია. ყველაფერი თავდაყირა დგას უკვე ამ ქვეყანაში. ზვიგენსა და ზებრას უფრე მეტი ფასი აქვს, მათ საკვებს უფრო ბევრი ფასი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, რაღა უნდა გამიკვირდეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებისგან?”– განაცხადა გოგა ხაჩიძემ. 

 

გიგი წერეთელი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით პროკურატურაში დაბარება ექს-პრეზიდენტის უკრაინაში საქმიანობის შეფერხების მცდელობაა:

 

“მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ისტორიულ პერიოდში  და უკრაინის ამბებთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო ფეხზეა დამდგარი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ერთ–ერთი ცენტრალური ფიგურა ამ ბრძოლაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველოსთვის ბრძოლაში, მისი ამ საკითხების გამო ახლა დაბარება სხვას ვერაფერს იფიქრებ, თუ არა მისის საქმიანობის დაბლოკვის [მცდელობა]. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული აქცია, რომელიც არ მოიტანს კარგ შედეგს ქვეყნისთვის”– განაცხადა გიგი წერეთელმა. 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. უცნობია, აპირებს თუ არა სააკაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი