ახალი ამბები

ზურაბიშვილმა მოქალაქეობის დათმობაზე განაცხადი სასამართლოსთან დახია [Video]

10 სექტემბერი, 2013 • • 1318
ზურაბიშვილმა მოქალაქეობის დათმობაზე განაცხადი სასამართლოსთან დახია [Video]

 ეს განცხადება ზურაბიშვილმა დღეს, 10 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

“დღევანდელი გადაწყვეტილება არის სამარცხვინო არა ამ სასამართლოსი, არამედ მთლიანად სახელმწიფოსი. არა იმიტომ, რომ მე მეხება და ჩემს კანდიდატურას, არამედ იმიტომ, რომ ეს ეხება მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას, 21 წლის ემიგრაციის, რაც დღეს ბათილად არის ცნობილი. ანუ არ არსებობდა, არ ატარებდა არავითარ ეროვნულ ნიშანს და დღეს ეს ეპიზოდი ჩვენი ისტორიის დასრულდა… დაასრულეს ვიღაც მოსამართლეებმა, მაგრამ, მე მგონი, ასევე ხელისუფლებამ. თუ ვინმე ხვალ იტყვის, რომ ეს ნაციონალები იყვნენ და არა ხელისუფლება, მე მგონი, რომ ეს ყველა იყო ერთად. დღეს თურმე თქვენ გყავთ 54 პრეზიდენტი, რადგან ამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანდიდატი არის პრეზიდენტი. მე აქამდე ვემორჩილებოდი კანონს, რომელიც მეუბნებოდა, რა უნდა გამეკეთებინა კანდიდატად რეგისტრაციისთვის და რა უნდა გამეკეთებინა პრეზიდენტობისთვის, სხვა ნაბიჯი არ გადამიდგამს, თუმცა ერთი ნაბიჯი გადავდგი, ეს იყო ჩემი მისვლა საფრანგეთის საელჩოში და [განაცხადის] შეტანა [მოქალაქეობის] დათმობის თხოვნაზე, რომელიც დაკმაყოფილებული იქნებოდა იმ დღესვე, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ამირჩევდა პრეზიდენტად. ეს იმათთვის, ვინც ავრცელებდა ხმებს, რომ მე არ ვთმობდი მოქალაქეობას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა, ზემოხსენებული დოკუმენტი სასამართლოს წინ დახია და თქვა:

 

“სასამართლომ არც კი მკითხა, შეტანილი მქონდა თუ არა [განაცხადი], პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დათმობა შეუძლებელი იყო. მე არ გამოვდივარ ორმაგი მოქალაქეობიდან. “, – აღნიშნა მან.

 

რაც შეეხება ცესკოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო:

 

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა ჩვენ მიერ წარმოდგეინლი როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე საქმის სამართლებრივი საფუძვლები და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო”

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. 

 

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. სასამართლოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

სალომე ზურაბიშვილის სააპელაციო სარჩელი მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა შემდეგი შემადგენლობით: თეა თადაშვილი, თეა ძამისტარაშვილი და მერაბ ლომიძე.

 

“თუ პირს არ შეუძლია იყოს პრეზიდენტი, ის  ვერ იქნება ვერც პრეზიდენტობის კანდიდატი”, – განაცხადა მოსამართლე თეა თადაშვილმა.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი 3 სექტემბერს უთხრა, ორმაგი მოქალაქეობის მოტივით. მან ცესკოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი