ახალი ამბები

სოსო რობაქიძის თქმით, მისი შვილის მკვლელობის საქმეში ოქრუაშვილის ბრალეულობა დასტურდება

23 აპრილი, 2013 • 1416
სოსო რობაქიძის თქმით, მისი შვილის მკვლელობის საქმეში ოქრუაშვილის ბრალეულობა დასტურდება

მისივე განცხადებით, ის პირადად შეხვდა გადაცემა “პატრულის” ყოფილ პროდიუსერს ქეთი ხოსიტაშვილს, რომელმაც მას წერილობით ჩვენება წარუდგინა. რობაქიძის თქმით, ხოსიტაშვილი ჩვენებაში წერს, რომ პირადად შეესწრო, თუ როგორ დაურეკა ირაკლი ოქრუაშვილმა გურამ დონაძეს და მოსთხოვა ის ვიდეოკასეტა, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრები იყო ასახული. სოსო რობაქიძის განცხადებით, ქეთი ხოსიტაშვილმა მას ასევე განუცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ვიზიტის შემდეგ დონაძე აფორიაქებული დაბრუნდა, სამსახურიდან ყველა თანამშრომელი გაუშვა, კასეტა სამონტაჟო ოთახში შეიტანა და ჩაიკეტა.

 

სოსო რობაქიძის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას, მისცა თუ არა ხოსიტაშვილმა გამოძიებას ჩვენება, თუმცა აცხადებს, რომ ამ ფაქტის წარმოდგენის შემდეგ გამოძიება ოქრუაშვილის პიროვნებით უნდა დაინტერესდეს.

 

სოსო რობაქიძე
სოსო რობაქიძე

სოსო რობაქიძე ასევე გამოთქვამს ეჭვს, რომ ახალ ხელისუფლებაში და პარლამენტში ირაკლი ოქრუაშვილს ლობისტები ჰყავს, რადგან ოქრუაშვილი იყო შს მინისტრი მაშინ, როდესაც მოხდა ბუტა რობაქიძის მკვლელობა და მისი მონაწილეობის გარეშე კასეტის მონტაჟი და იარაღის ჩადება ვერ განხორციელდებოდა.

 

სოსო რობაქიძემ დღეს პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორმა ირაკლი წერეთელმა მას ღიად უთხრა, რომ ბუტა იყო მოკლული და პირადად იმყოფებოდა ადეიშვილის, ოქრუაშვილის და ღვინიაშვილის ზეწოლის ქვეშ და საქმეს რეალურად ვერ გამოიძიებდა.

 

სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის მთავრობამ 6 თვის განმავლობაში ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე შედეგი ვერ აჩვენა:

 

“თუ პროცესები ასე გაგრძელდა და სამართლიანი განაჩენი არ დადგა, მაშინ გამოჩნდება რეალური მესამე ძალა, რომელიც გაასამართლებს სააკაშვილის მთავრობას და დასჯის ივანიშვილის მთავრობას უმოქმედობის გამო.”

 

სოსო რობაქიძე ასევე გამოეხმაურა გურამ დონაძისა და ირაკლი ფირცხალავას მიერ წარმოდგენილი კადრების უცხოეთში ექსპერტიზაზე გაგზავნის საკითხს. მისი თქმით, პროკურატურას ეს კადრები უცხოეთში ექსპერტიზაზე არ უნდა გადაეგზავნა, რადგან ადგილობრივმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეს არის ფაბრიკაცია და რატომ ხარჯავს ამაზე პროკურატურა ფულს და დროს, მისთვის გაუგებარია.

 

სოსო რობაქიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს და ადეკვატურად დაისაჯოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი