ახალი ამბები

გრიპის სეზონი

12 თებერვალი, 2013 • 4880
გრიპის სეზონი

გრიპის სეზონი ყოველი წლის მე–40 კვირას იწყება და მომდევნო წლის მე–20 კვირას მთავრდება, ვირუსის პირველი შემთხვევა 2012–2013 წლების სეზონზე წინა წლის 48–ე კვირას, ანუ დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონზე სულ გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა, როგორც ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში ეს მონაცემები შეიცვალოს:

“გრიპის ვირუსები სამ დიდ ჯგუფად იყოფა, A, B და C ვირუსები. ამ სეზონზე საქართველოში მხოლოდ A და B ვირუსია დაფიქსირებული. 72 შემთხვევიდან 67 A ტიპის H1N1 ვირუსი დაფიქსირდა, ხუთი შემთხვევა კი B ტიპის ვირუსითაა გამოწვეული. წელს ლეტალურად დასრულდა 3 შემთხვევა. გრიპით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ჩატარებული აქვს ვაქცინაცია ან გადატანილი აქვს კონკრეტული ქვეტიპის ვირუსი”, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

როგორც ექიმები აცხადებენ, დაავადება მოულოდნელი ცხელებით იწყება, სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსზე ზევით ადის, რასაც თან ახლავს ხველა და იშვიათ შემთხვევაში, ყელის ტკივილი. ვირუსის დროს, ასევე, გამოხატულია ინტოქსიკაციის მოვლენები, უმთავრესად თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

ერთი შეხედვით სიმპტომები ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს ჰგავს, თუმცა თუკი მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქსირდება, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რადგან შესაძლოა ვირუსი გართულდეს.

ერთ–ერთი პაციენტი, რომელიც H1N1 ვირუსის, ე.წ. “ღორის გრიპის” გამო გარდაიცვალა 42 წლის მ.პ–ა, როგორც ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, მაშინ როდესაც პაციენტი კლინიკაში მივიდა, მისი მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმე იყო:

“42 წლის ქალბატონს, რომელიც ორი დღის წინ გარდაიცვალა, ამ ვირუსმა გაურთულა სიტუაცია. პაციენტი შემოვიდა მწვავე რესპირატული დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილებით, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ეჭვი მივიტანეთ A ტიპურ ვირუსზე, გამოვიკვლიეთ პაციენტი და დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ძალიან მალე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მალევე დაეწყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გადაყვანილი იქნა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, თუმცა პაციენტი გარდაიცვალა”, – აცხადებს ღუდუშაურის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარინა გელანდია, მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში ვირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი მკურნალობს, ხოლო ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით შემოდის, სპეციალური გამოკვლევები უტარდება.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვირუსით დაავადების მეტი შანსია ბავშვებში, რადგან მათი იმუნიტეტი უფროსებთან შედარებით სუსტია:

“რა თქმა უნდა ბავშვებში უფრო ხშირია გრიპი იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად ხვდებიან გრიპის ვირუსს, შეიძლება მოზრდილ ადამიანებს როდესმე ჰქონდეთ გადატანილი ანალოგიური ქვეტიპის ვირუსი და იმუნიტეტი არსებობდეს მათ ორგანიზმში, მაგრამ ბავშვებს – არა”, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.


როგორც მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ვირუსის შესახებ მშობლების გაფრთხილება 2012 წლის შემოდგომიდან დაიწყო:

“საერთოდ ვაქცინაცია პრევენციულად შემოდგომიდან ტარდება, ჩვენ ოქტომბრის თვიდან ვაფრთხილებდით მოსახლეობას, რომ ეს აუცილებელი იყო, თუმცა შემთხვევები მაინც ფიქსირდება. თებერვლის მონაცემებით, A ტიპის ვირუსით 12 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობდა, თუმცა მძიმე შემთხვევა არ ყოფილა, არ დაფიქსირებულა გარდაცვალების ფაქტი”, – აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

გრიპის სეზონის გააქტიურებასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებასაც:

“გახშირებული არის გამოძახებები გრიპის შემთხვევების გამო, A ტიპური ვირუსის დადგენა რა თქმა უნდა ადგილზე ვერ მოხდება, ჩვენ არ ვახდენთ ვაქცინაციას, თუმცა ვირუსის რთული სიმპტომების შემთხვევაში ხდება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც მათ დამატებითი გამოკვლევები უტარდებათ”, – აცხადებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორი კახა ჩიხლაძე.

2009 წელს, როდესაც H1N1, ანუ ე.წ. “ღორის გრიპი” ეპიდემიის სახით მთელს მსოფლიოში გავრცელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 400 ათასი ვაქცინა გამოუგზავნა. ვაქცინა კონკრეტულად პანდემიური ვირუსის საწინააღმდეგო იყო. ვაქცინა, რომელიც პაციენტებს ახლა უკეთდებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ე.წ. ტრივაქცინაა, რომელიც სამი ტიპის ვირუსს უმკლავდება. (A/California/7/2009 (H1N1)pdm09-like virus; A/Victoria/361/2011 (H3N2)-like virus; B/Wisconsin/1/2010-like virus)

ვაქცინაციის ჩატარება კომერციულია და მისი ღირებულება 20–30 ლარია. ექიმები ვაქცინაციის ჩატარებას ნებისმიერ ადამიანს ურჩევენ, თუმცა განსაკუთრებით ე.წ. რისკ ჯგუფებს, როგორიცაა: 6 თვეზე მეტი ასაკის პირები გულის ან ფილტვის ქრონიკული დაავადებებით; მეტაბოლური ან თირკმლის დაავადებებით, ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით, ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობებით, იმუნოდეფიციტით; ხანშიშესულები, მიუხედავად სხვა რისკის ფაქტორებისა; ორსულები; ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის ხანშიშესულთა ან უნარშეზღუდულთა ბინაზე მომვლელები; მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინსტიტუციების მაცხოვრებლები.

ვაქცინაციასთან ერთად რეკომენდებულია სანიტარული ნორმების დაცვაც იმისათვის, რომ შემცირდეს ვირუსის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა.

გრიპის ნიშნების მქონე ადამიანები უმჯობესია დარჩნენ სახლში მანამდე, სანამ მათი სხეულის ტემპერატურა არ დარეგულირდება. იმ შემთხვევაში თუ დაავადება გართულდა და მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს შენარჩუნდა პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად. ექიმების რეკომენდაციით აუცილებელია ხელების ხშირად, საპნით და გამდინარე წყლით დაბანა, ოთახის ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი