ახალი ამბები

შსს–მ 26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებს ზიანი აუნაზღაურა

18 ოქტომბერი, 2012 • 1207
შსს–მ 26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებს ზიანი აუნაზღაურა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 26 მაისს თბილისში აქციის დაშლისას დაზარალებული ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ნაწილს, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, მიყენებული მატერიალური ზიანი აუნაზღაურა.

 

ზიანი აუნაზღაურდათ “ნეტგაზეთის” თანამშრომლებს, თაზო კუპრეიშვილსა და კონსტანტინ სტალინსკის, ასევე გაზეთ “ბათუმელებს”. საია–ს იურისტის, ნათია კაპანაძის თქმით, როგორც მას აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეატყობინეს, თანხა ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციას უახლოეს 2 დღეში ჩაერიცხება, ვისთან დაკავშირებითაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

2011 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჟურნალისტების სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ, რაც ეხებოდა 26 მაისის აქციის დაშლისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს–ს დაეკისრა 26 მაისის აქციის დაშლისას დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობის ხარჯები აენაზღაურებინა ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტებისთვის– თაზო კუპრეიშვილისა(30 ლარი) და კონსტანტინე სტალინსკისთვის(17 ლარი), ასევე, გაზეთ ”გურია ნიუსის” ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის.

 

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით სპეცრაზმელების მიერ წართმეული ორი ვიდეოკამერის ღირებულება – 1940 ლარი, აუნაზღაურდა “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ შპს ”გაზეთ ბათუმელებს,” ერთი ფლიპ კამერის ღირებულება– 304 ლარი კი უნდა აუნაზღაურდეს შპს ”რადიოცენტრპლუსს”(პალიტრა ტვ). სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ ჩათვალა საჭიროდ, შსს-სთვის დაეკისრებინა შპს ”ახალი ამბებისთვის” ორი კამერის ღირებულების ანაზღაურება, შპს ”ჩოხატაურის მაცნისთვის” ფოტოაპარატის დაზიანებული ბატარეისა და მეხსირების ბარათის,  ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის კი– დაკარგული მობილური ტელეფონის ფასი.

 

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2011 წლის 26 დეკემბერს გამოიტანა, მისი აღსრულება აღსრულების ეროვნული ბიუროს დახმარებით 2012 წლის 17–18 ოქტომბერს მოხდა. 

 

ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა. საია კვლავ აგრძელებს აღნიშნული ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების დაცვას. მათი დახმარებით შსს–ს წინააღმდგ თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. 

 

ჟურნალისტები და მედიასაშუალებები სასამართლოსგან ამჟერად ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს, გაასაჯაროოს 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამო შსს-ს სანქციადაკისრებული თანამშრომლების ვინაობა, ასევე, ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია, თუ ვინ და რა ვადით გაასაიდუმლოვა აღნიშნული  ინფორმაცია. სასამართლომ აღნიშნული საქმე რთულ კატეგორიად მიიჩნია. მისი განხილვა უკვე რამდენიმე თვეა გადადებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი