2012.08.18

ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე თსუ–ში დეკანად დაინიშნა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანდრო ბარნოვი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გახდა.

 
ბარნოვის თქმით, მისი ამ პოსტზე დანიშვნა გუშინ, 17 აგვისტოს მიღებული ბრძანების შედეგად მოხდა.

“ამჟამად არც ერთ სხვა სამსახურში არ ვმუშაობ, არც რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში. მივიღე შემოთავაზება სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და დავთანხმდი” - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.


მისი თქმით, თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითადი სამუშაო მიმართულებები იგივე დარჩება და ფაკულტეტი პროფილს არ შეიცვლის.


ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან 4 ივლისს, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, ავტომატურად გათავისუფლდა.


თავდაცვის ახალმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა თავის მოადგილეებად დათო ახალაია, კოკა სეფერთელაძე, მაია სიფრაშვილი და დავით ნარდაია დანიშნა.