სამართალი

ჰომოფობიასთან დაკავშირებით პირველი საქმე სტრასბურგში საქართველოდან

13 დეკემბერი, 2011 • 2176
ჰომოფობიასთან დაკავშირებით პირველი საქმე სტრასბურგში საქართველოდან
სამართალდამცავთა მხრიდან ჰომოფობიასთან და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო პირველი საქმე საქართველოდან. სარჩელი საქმეზე  “აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგში წარსადგენად საერთაშორისო ორგანიზაცია INTERIGHTS-მა და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” მოამზადეს.

სამართალდამცავები “ინკლუზივში”

საქმე ეხება სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “ინკლუზივში” 2009 წლის 15 დეკემბერს თბილისში სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ჩხრეკისას ოფისში მყოფი ადამიანების შეურაცხყოფას და ღირსების შელახვას. მოსარჩელეების მტკიცებით, მსგავსი მოპყრობა ჰომოფობიით იყო გამოწვეული.

2009 წლის 15 დეკემბერს,  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,   სამართალდამცავები მივიდნენ თბილისში, ლგბტ(ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პროფილის ფონდ “ინკლუზივში”, ჩაატარეს ჩხრეკა და ფონდის ერთ-ერთი თანამშრომელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააპატიმრეს. დაპატიმრებულმა პირმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სულ სხვა მოტივით იჩივლეს “ინკლუზივის” ოფისში ჩხრეკისას მყოფმა სხვა პირებმა – ეკატერინე აღდგომელაშვილმა და თინათინ ჯაფარიძემ.  მათი მტკიცებით, როცა სამართალდამცავებმა გაიგეს, რომ ფონდი სექსუალური უმცირესობების საკითხზე მუშაობდა, დაიწყეს ოფისში მყოფი 20-მდე ქალის შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, შანტაჟი და მუქარა.

ეკა აღდგომელაშვილი თავის დეტალურ ჩვენებაში ყვება, რა მოხდა 2009 წლის 15 დეკემბერს “ინკლუზივის” ოფისში.

როგორც აღდგომელაშვილი ამბობს, საღამოს 8 საათისთვის “ინკლუზივში” მისულს, ფონდის თანამშრომლების გარდა, ოფისში შავებში ჩაცმული ადამიანები დახვდნენ, რომლებიც ყველაფერს ჩხრეკდნენ.

მათ აღდგომელაშვილს განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ, თუმცა ვინაობა არ დაუსახლებიათ, წაართვეს ტელეფონი და სხვა ქალებთან ერთად ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს.

“ვიფიქრე, რომ პროვოკაცია იყო და რაღაც სხვა მიზნით იყვნენ ოფისში შემოსულები. ასეთი ეჭვის საფუძველს მათი ქცევა მაძლევდა. ”გადახრილებო, გარყვნილებო… რას დადიხართ ამ პედერასტებთან; როგორ ზიხარ, რას ჰგავხარ”…  მაგიდაზე გადახეული პლაკატი იდო, როცა ვიკითხე, თუ ვინ ჩაიდინა ეს, ბ-ნი ხიდეშელი(დავით ხიდეშელი, ერთ-ერთი პოლიციელი) გამეჭიმა ძველი ბიჭივით და მითხრა: ”მინდოდა და  დავხიე, რამე პრეტენზია გაქვს?”. ზუსტად აღარ მახსოვს, რა ვუთხარი, მაგრამ მივალანძღე კიდევაც და ვუთხარი, რომ თუ მართლა პოლიციიდან არიან, მათი ქცევა მმკ-ს წევრების ქცევისაგან უნდა განსხვავდებოდეს… ამაზე მკითხეს, ”მართლმადიდებლობის წინააღმდეგი ხარო?”, – იხსენებს ეკატერინე აღდგომელაშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა მათგანი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა (ნიკა გოგიაშვილი), შეაგინა და დაემუქრა, ”მოგსპობ, გაგანადგურებ, თუ  არ გაჩუმდები.”

ამის შემდეგ “ინკლუზივის” ოფისში მოვიდა ფონდის ერთ-ერთი თანამშრომელი თინათინ ჯაფარიძე, რომელიც ამჟამად აღდგომელაშვილთან ერთად ჩივის. სამართალდამცავებმა ისიც სხვა გოგოებთან ერთად ოთახში ჩაკეტეს.

ეკა აღდგომელაშვილი იხსენებს, რომ სამართალდამცავებმა, რომელთა შორის ორი ქალიც იყო, ოფისში მყოფი ოცამდე გოგოს ჩხრეკა დაიწყეს, გაჰყავდათ სააბაზანოში და აშიშვლებდნენ. მომჩივანი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიზნით ჩხრეკა მათ შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად. ოფისში მყოფ ქალებს ჩხრეკის შემდეგ ხელი ჩხრეკის ოქმისთვის არ მოუწერიათ და ისინი რამდენიმე საათის მანძილზე იყვნენ იზოლირებული გარესამყაროსგან.

ადვოკატის განმარტებები სარჩელთან დაკავშირებით

“ნეტგაზეთი” დიდ ბრიტანეთში დაუკავშირდა  INTERIGHTS-ის წარმომადგენელს, იურისტ სოფო ჯაფარიძეს, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ადვოკატებთან, ანნა თვარაძესა და ლაშა ჭინჭრაულთან ერთად მოამზადა სარჩელი “აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღდეგ.”

ადვოკატის თქმით, განმცხადებლები  დავობენ  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-8, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლების მხრიდან გახდნენ არაადამიანური, დამამცირებელი და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხევრპლნი.

განმცხადებლები ასევე ამტკიცებენ, რომ სამართალდამცავები მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებლად ჩაერივნენ და მათ არ ჰქონდათ უფლებათა დაცვის ეფექტიანი საშუალება. ყველა ის ქმედება თუ უმოქმედობა, რომელსაც განმცხადებლები[ეკატერინე აღდგომელაშვილი და თინათინ ჯაფარიძე] ევროპული კონვენციის კონკრეტულ მუხლებთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ, ჩაიდინა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა და, შესაბამისად, სახელმწიფო პირდაპირ არის პასუხისმგებელი ყველა იმ შედეგისათვის, რაც კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებების შედეგად დადგა.

ადვოკატ სოფო ჯაფარიძის თქმით, “ინკლუზივის” მომჩივანი თანამშრომლების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გამოიხატა იმაში, რომ სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა პირებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეკატერინე აღდგომელაშვილი სხვებთან ერთად შეაგდეს ოთახში, მას ეპყრობოდნენ აგრესიულად  და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

“ზემოაღნიშნულმა მოპყრობამ მის მიმართ განმცხადებელში[აღდგომელაშვლი] შიშისა და დაუცველობის გრძნობა გამოიწვია. მისი სულიერი ტკივილი/ ტანჯვა უფრო ინტენსიური გახდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ისეთი გამონათქვამების ფონზე, როგორიცაა  “ავადმყოფები” და  “გარყვნილები”. მისი განცდები კიდევ უფრო გამძაფრდა იმის რეალიზების შემდეგ, რომ შ.ს.ს-ს თანამშრომლები არ დაისჯებოდნენ თავიანთი საქციელისათვის, “ – აღნიშნავს იურისტი სოფო ჯაფარიძე. მისივე თქმით, ამ დასკვნის საფუძველს მათივე საქციელი და გამონათქვამები იძლეოდა. მაგალითად, ერთ-ერთმა პოლიციელმა აღდგომელაშვილს უთხრა, რომ “თუ არ გაჩუმდებოდა, მოკლავდა  და  დაანაკუწებდა.“  მან ასევე საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, როდესაც იგი გააშიშვლეს  და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს.

ადვოკატის თქმით, ეკა აღდომელაშვილი თავს დამცირებულად არა მხოლოდ პროცედურის გამო გრძნობდა, არამედ იმ კომენტარების გამო, რასაც თანამშრომლების ჩხრეკისას აკეთებდნენ. ისინი გარყვნილებად და ავადმყოფებად მოიხსენიებდნენ ოფისში მყოფ პირებს და ზიზღით უყურებდნენ. იგივე განცდებისა და ემოციების მსხვერპლი გახდა თინათინ ჯაფარიძეც, რომლის სექსუალურ ორიენტაციას აგდებულად მკითხაობდნენ შსს-ს თანამშრომლები. ამის გამო მან ემოციური ტრავმა გადაიტანა, რაც გამოიხატა უძილობაში და პოლიციის თანამშრომელთა მიმართ შიშში.  

სარჩელის შემდგენელი იურისტი, სოფო ჯაფარიძე ასევე განმარტავს,  რომ სამართალდამცველთა მხრიდან მოსარჩელეების მიმართ მოპყრობამ მიაღწია სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის,  რომ პიროვნებამ კონცენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე განაცხადოს პრეტენზია. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით განმცხადებლები დავობენ სახელწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობაზე, კერძოდ, ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას.

ადვოკატის თქმით, სამართალდაცავთა ქმედების ჰომოფობური მოტივი გამოიხატა იმაში, რომ ფონდ “ინკლუზივის”  საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მათი საქციელის ტრანსფორმირება მოხდა და მათ სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ფონდის თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ სექსუალურ ორიენტაციაზე ქილიკი, ასევე, შანტაჟის მუქარა.

საქმის მნიშვნელობა

სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქმე “აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ” სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის პირველი საქმე საქართველოდან ევროპის სასამართლოს წინაშე, რომელიც ეხება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ჰომოფობურ მოპყრობას. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მსგავსი საკითხის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების არარსებობის გამო მოცემულ საქმეს კიდევ უფრო მეტი წონა ემატება, რადგან სასამართლოს ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხზე თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემა.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მოცემული საქმე საქართველოში არსებული მდგომარეობის ფონზე განიხილოს, სადაც ლგბტ საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა,” – უთხრა Interight-ის იურისტმა სოფო ჯაფარიძემ “ნეტგაზეთს.”

მისივე თქმით, ეკატერინე აღდგომელაშვილი და თინათინ ჯაფარიძე, პირველ რიგში, ევროპის სასამართლოსგან მოითხოვენ აღიარებას, რომ საქართველომ კონვეციის სადავო მუხლები დაარღვია. ისინი, ასევე, მოითხოვენ მორალურ კომპენსაციას სადავო ქმედებების გამო განცდილი ტანჯვისათვის და საქმეზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.

სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის დაზუსტება და დეტალური ფორმულირება მოგვიანებით ეტაპზე, სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით მოხდება.

“ეს საქმე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენთან, სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს იმას, რომ ჰომოფობია არის სოციალური პრობლემა, რომ ეს არსებობს ჩვენთან.  ბოლოს და ბოლოს, ამას უნდა დავარქვათ სახელი.  ჯერჯერობით, ეს ვერ ხერხდება სამართლებრივად, რადგან არ არსებობს ჩვენთან კანონი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ. ხოლო იმ დამამძიმებელ გარემოებებში, რაც არის ჩამონათვალში, არ არის მითითებული,“ – უთხრა “ნეტგაზეთს”  „ქალთა  ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკატერინე აღდგომელაშილმა.

მისივე თქმით, ამის გამო სამართლებრივად ძნელია მითითება, რომ ეს არის ნამდვილად ჰომოფობიის გამოვლინება.  ძალიან ხშირად კი  ეს ფაქტები აღირიცხება როგორც ჩვეულებრივი ხულიგნობა, ან პოლიციის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა.

“ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰომოფობიაზე აქცენტირება, რომ საზოგადოებამ დაინახოს და გააცნობიეროს, საქართველოში ჰომოფობია რეალურად არსებობს. ეს არის არა კონკრეტულად იმ ადამიანის პრობლემა, ვინც სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნება, არამედ ეს საზოგადოების პრობლემაა, ისევე, როოგრც სექსიზმი, შეუწყნარებლობა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური რწმენის მიხედვით,” – მიიჩნევს აღდგომელაშვილი.    

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილამდე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე  იმ სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ, რომლებმაც 2009 წლის 15 დეკემბერს მათი ღირსება შეურაცხყვეს.

როგორც აღდგომელაშილი ამბობს, მათ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს 2010 წლის 8 იანვარს, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენჯერმე კიდევ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.

“მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოსთვის გადაიგზავნა საქმე, წარმოებაში მიიღო სასამართლომ და მიენიჭა ნომერი,  დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და რამდენიმე ადამიანი დაგვკითხეს კიდეც, დაიწყო გამოძიება,” – ამბობს  „ქალთა  ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

2011 წლის 24 ნოემბერს თბილისში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მას განცხადებაც კი არ მიუღია.

როგორც ეკატერინე აღდგომელაშვილი ამბობს, “ინკლუზივის” საქმესთან დაკავშირებით ყველა მასალა თავიდანვე გაუგზავნა სახალხო დამცველის ოფისს, თუმცა, გიორგი ტუღუში პრინციპულად არის იმ პოზიციაზე, რომ ეს არ არის ჰომოფობური ქეისი.

“ყველამ იცის, რომ ჰომოფობიასთან დაკავშირებით ეს არის ერთადერთი ქეისი გაგზავნილი სამხრეთ კავკასიიდან სტრასბურგში. ომბუდსმენი მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ეს არ არის ჰომოფობური ქეისი,” – აცხადებს ეკა აღდგომელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას-  “ჩემთვის გაუგებარია მიზეზი, რატომ არ აღიარებს, რომ ეს იყო ჰომოფობური ქეისი. მას აქვს არგუმენტი, რომ პოლიციელები ამის გამო არ მოსულან ორგანიზაციაში. მე ვამბობ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ისინი რისთვის იყვნენ მოსულები. ფაქტია, რომ 19 ქალი ვიყავით ოთახში გამოკეტილი 5 საათის განმავლობაში და ზუსტად მას შემდეგ, რაც გაიგეს, რა ტიპის ორგანიზაცია იყო “ინკლუზივი”, მაშინ დაიწყეს ჩვენი დამცირება და შეურაცხყოფა, დაშინება და დაშანტაჟება.”

ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმის განსახილველად და როდის გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმეზე “აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ.

ინკლუზივის ოფისი სამართალდამცავების შესვლის შემდეგ
ინკლუზივის ოფისი სამართალდამცავების შესვლის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი