2012.05.08

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულებს კომპენსაციას არ უხდიან

ბიუჯეტი, ადგილობრივი, საქართველოს რეგიონები, სამეგრელო–ზემო სვანეთი,
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად 20 ათასამდე ფერმერი დაზარლდა. დაზარალებულებს პრეზიდენტი კომპენსაციების გადახდას დაპირდა, თუმცა დაზარალებულებისთვის ზარალი სახელმწიფოს არ აუნაზღაურებია.

ჰიბრიდული სიმინდი

ჰიბრიდული სიმინდი

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად 20 ათასამდე ფერმერი დაზარლდა. დაზარალებულებს პრეზიდენტი კომპენსაციების გადახდას დაპირდა, თუმცა დაზარალებულებისთვის ზარალი სახელმწიფოს არ აუნაზღაურებია.


ჰიბრიდული სიმინდის გამო ელიზაბეტა ფიოდოროვამ 120 ათასი ლარი იზარალა. ფიოდოროვამ ჰიბრიდული სიმინდი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს ანჯელის მასივში, 45 ჰექტარზე დათესა, რისთვისაც “საქართველოს ბანკიდან”, 18%-იანი საპროცენტო განაკვეთით, აგროსესხი აიღო:

„საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰიბრიდული სიმინდის დათესვისკენ მოგვიწოდებდნენ ტელევიზიით. დავუჯერე ამ ადამიანებს და დავთესე“.

ფიოდოროვამ მიწა იჯარით აიღო, სადაც 45 ტომარა ჰიბრიდული სიმინდი დათესა. ერთ ტომარაში 240 ლარი, ჯამში კი, 10 800 ლარი გადაიხადა. ამის გარდა, შეიძინა 23 ტონა სასუქი.

“მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი ჰექტარზე 11-12 ტონას  შეადგენდა, მაგრამ, ჯამში, 120 ტონა მოსავალი მივიღე მხოლოდ. ზოგ ადგილას საერთოდ არ ამოვიდა მარცვალი. მარცვალი იყო უხარისხო,” - ამბობს ელიზავეტა ფიოდოროვა.

მისი თქმით, ვერც იმის რეალიზაცია მოახერხა, რაც მიიღო მოსავლის სახით:

“ვერ ვყიდი, რადგან ფოთის პორტი იმპორტირებული უკრაინული სიმინდითაა სავსე. სახელმწიფო უკრაინიდან შემოტანილ სიმინდს 45 თეთრად ყიდის. მე კი, დაბალი მოსავლის გამო, ერთი კილოგრამ სიმინდს 1 ლარზე იაფად ვერ გავყიდი. წაგებაში ვარ. სიმინდი აბაშაში მაქვს დასაწყობებული და ფასის აწევას ველოდები“.

მიმდინარე წლის 14 თებერვალს ელიზაბეტა ფიოდორავამ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელშიც ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებული 1000 ფერმერია გაწევრიანებული.

2011 წლის 28 ოქტომბერს, ტყიბულში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპენსაციას მისცემდა იმ გლეხებს, რომლებმაც ჰიბრიდული სიმინდის ცუდი მოსავალი მიიღეს:

“შეიძლება, ყველას არ გაუმართლა იმედები ჰიბრიდულმა სიმინდმა, მაგრამ ვინც ისეთი მოსავალი ვერ მიიღო, როგორსაც ელოდა, სახელმწიფო კომპენსაციას მისცემს, რათა მათ ხელები არ ჩამოუშვან და თავიანთი ოჯახების უკეთესი შემოსავლისთვის ექსპერიმენტები გააგრძელონ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ, 2011 წლის 24 ნოემბერს, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, რომ ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პროგრამით დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციები სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსდებოდა.

კომპენსაციისა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ელიზაბეტა ფიოდოროვამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა წერილობით:

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადამამისამართა, სამინისტრომ - კორპორაციაში, სადაც განმიცხადეს, რომ პრეზიდენტს არ გამოუცია ოფიციალური დოკუმენტი დაზარალებული ფერმერებისთვის ვალის ჩამოწერის და კომპენსაციის გაცემის შესახებ“, - ამბობს ფიოდოროვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „ჰიბრიდული სიმინდის“ საკითხს  სოფლის მეურნეობის სამინისტრო კურირებდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ დაზარალებული ფერმერების  საკითხს „სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ სპეციალური კომისია განიხილავდა.

სოფლის მეურნეობის კორპორაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალური დოკუმენტი „ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით“ დაზარალებულთათვის ვალის ჩამოწერის და კომპენსაციის გაცემის შესახებ მთავრობას არ გამოუცია. სათესლე მასალის ფული მხოლოდ იმ ფერმერებს აპატიეს,  რომელთაც ჰიბრიდული სიმინდი ერთ ჰექტრამდე ფართზე დათესეს. ასეთი ფერმერების პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გადაიჭრა.

“დაახლოებით 20 ისეთ ფერმერს ჩამოვაწერეთ ფული, რომლებსაც 1 ჰექტარზე ან უფრო ნაკლებ ფართობზე ჰქონდათ ჰიბრიდული სიმინდი დათესილი,” - ამბობს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალბერტ მაჩაბერიძე.

“ერთჰექტრიანების პრობლემა  2011 წელის დეკემბერში მოგვარდა, მათ მთავრობამ სათესლე მასალის ფული აპატია“, - ამბობს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი და პარლამენტარი გიორგი ახვლედიანი.

ახვლედიანის თქმით,  დახმარების თხოვნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მას 100-მდე ფერმერმა მიმართა.

“ვისაც საბანკო კრედიტები აქვთ, მათ ვერ დავეხმარებით, რადგან ბანკი კომერციული ორგანიზაციაა და მის ვალს ფერმერს ვერავინ დაუფარავს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სათესლე მასალის გადასახადი ფერმერებს გადაუვადდეთ”, - ამბობს გიორგი ახვლედიანი.

მისივე თქმით, “ქრისტიან-დემოკრატებმა” მიაღწიეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ ის ფერმერები, ვისაც მოსავალი ჩაუვარდა,  დაწერდნენ განცხადებას და სათესლე მასალის გადასახადს გადაუვადებდნენ.

თუმცა ასეთი შეღავათით სარგებლობა მხოლოდ იმ ფერმერებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებმაც თავის დროზე სათესლე სიმინდი სოფლის მეურნეობის კორპორაციიდან თანხის ეტაპობრივად გადახდის პირობით გამოიტანეს.  

სოფლის მეურნეობის კორპორაციის მარკეტინგის  და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო კუპრაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კორპორაციაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ამ დროისათვის მხოლოდ 25 ფერმერის საკითხი შეისწავლა:

„ამ ფერმერების პრობლემა ის იყო, რომ მათ დაარღვიეს აგროპროცედურები.  ლოგიკურად გავითვალისწინეთ მათი სოციალური მდგომარეობა და თესლის ფულის გადასახადი ერთი სეზონით გადავუვადეთ. სათესლე მასალის თანხა ფერმერებმა 2012 წლის ოქტომბრამდე უნდა გადაიხადონ“.

სოფლის მეურნეობის კორპორაციის 2011 წლის თებერვლის მონაცემებით, ჰიბრიდული სიმინდი 19 549 ჰექტარზე 15 261 ფერმერმა დათესა. კორპორაციის მონაცემებით, 1-დან 7 ჰექტრამდე ფართობზე დათესვის ხარჯი 240-დან 1680 ლარამდე შეადგენდა, ამ ფართობის მიწა 3 378-მა ფერმერმა დათესა, 7-დამ 20 ჰექტრამდე - 1680-დან 4800 ლარამდე (340-მა ფერმერმა დათესა), ხოლო 20 ჰექტარზე ზევით - 10 500-დან 30 000 ლარამდე (დათესა 201-მა ფერმერმა).

გიორგი ახვლედიანის ინფორმაციით, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად 20 ათასამდე ფერმერი დაზარალდა, ძირითადად კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.  

სამეგრელო-ზემო სვანეთში ჰიბრიდული  სიმინდი 1708 ფერმერმა დათესა. სენაკის გამგებლის მოადგილის თქმით, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის წარუმატებლობა, შესაბამისი კვალიფიკაციის აგრონომ-კონსულტანტების ნაკლებობის გარდა, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებითაც იყო განპირობებული:  

„პირველი პრობლემები გაზაფხულზე შეიქმნა. თესვის დროს ჭარბი ნალექი დაემთხვა. თესლი ნიადაგში ჩალპა. პირველი მიზეზი იყო ნალექი, შემდეგ - სადრენაჟო სისტემის გაუმართაობა, ტექნიკის ხელმიუწვდომლობა, დარღვეული აგროტექნიკური ფონი“.

ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა საქართველოს მთავრობამ ტრანსნაციონალური კომპანია  „პიონერისგან“ იყიდა.

კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ დირექტორი რობერტ რევია, რომელიც „ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის“ ფარგლებში ფერმერებს კონსულტაციას უწევდა, ამბობს, რომ “პიონერის” სათესლე მასალა უხარისხო არ არის. ის პროგრამის მარცხის სხვა მიზეზებზე საუბრობს:

„გასულ წელს ჰიბრიდული სიმინდი დათესეს ისეთმა ადამიანებმა, ვისაც სიმინდის მოყვანაზე, საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს. პროგრამის ჩავარდნის მიზეზი იყო ის, რომ ფერმერების ნაწილს საშემოდგომო ხვნა არ ჰქონდა ჩატარებული. ფერმერებს მიწა შემოდგომაზე უნდა მოეხნათ სპეციალური  ტექნიკით, რაც იმ ხალხს არ ჰქონდა. ამას დაემატა რთული კლიმატური  პირობები. ფერმერების უმეტესობას ნიადაგში არ შეუტანია ფოსფორი და  კალიუმი. ხალხმა მხოლოდ ერთი სასუქი გვარჯილა იცის, რასაც  რუსთავის ქარხანა აწარმოებს. საქართველოში ნიადაგის ანალიზები რომ გააკეთოთ, მიწას ყველგან აკლია ფოსფორი. თუ სასუქს არ შეიტან, შესაბამისად, მაღალ მოსავალს ვერ მიიღებ“.

იგივე მიზეზებზე საუბრობს პროფესორი აგრარიკოსი პაატა კოღუაშვილი:

“სამწუხაროდ, ბოლო ოცი წელია ნიადაგის კვლევები არ ჩატარებულა. ქვეყანაში აგრარული კრიზისია. ნიადაგის შესწავლა არ მოხდა და ეს პროექტი ჩავარდა, რამაც  ქართველი გლეხობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა".

კოღუაშვილი, რომელმაც 1994-1995 წლებში შემოიტანა საქართველოში "პიონერის" ჯიშები გამოსაცდელად, ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიმინდის ახალი, ჰიბრიდული ჯიში, პროგრამის მასშტაბურად ამოქმედებამდე ერთი წლით ადრე საცდელად უნდა დაეთესა:

“რადგან უნდა ვნახოთ და ვიცოდეთ, რა ნიადაგურ და რა კლიმატურ პირობებში უნდა მოხდეს მისი დათესვა. ასევე, ზუსტად უნდა განესაზღვრა, რა დანიშნულებისათვის უნდოდა მისი გამოყენება, რადგან "ჰიბრიდული სიმინდი გამოიყენება როგორც ადამიანის საკვებად, ისე - მეცხოველეობაში.”

პაატა კოღუაშვილის თქმით, მსოფლიოში საკუთარი სიმინდის ჯიშები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას გააჩნია, ეს არის: მექსიკა, აშშ, რუმინეთი, მოლდავეთი და საქართველო. თავის დროზე, ქართული სიმინდი ამერიკული კაჟასა და ცალკბილასაგან იყო მიღებული.

“ჰიბრიდული სიმინდის დათესვას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მსგავსი ტიპის სიმინდის დათესვამ შესაძლოა, ქართული სიმინდის ტრადიციული ჯიშების დამტვერიანება გამოიწვიოს. თუკი სათესლე-სანაშენე საქმე საქართველოში სათანადოდ განვითარდება, სწორი აგროტექნიკისა და მინერალური სასუქების რაციონალური დოზით გამოყენების შემთხვევაში, ქართული სიმინდის ჯიშები ჰექტარზე 120-150 ცენტნერ სიმინდს იძლევიან," - ამბობს კოღუაშვილი.

„ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ინიციატივით, 2010 წლის შემოდგომაზე დაიწყო, თუმცა პროგრამის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ კვეზერელს თანამდებობა დაატოვებინეს.

კვეზერელი აცხადებდა, რომ  2011 წელს საქართველო სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა გახდებოდა, თუმცა 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან სი­მინ­დის ექ­ს­პორ­ტი შემ­ცირ­და (2010-ში საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 9 692 ტონა, ხოლო 2011-ში - 2 076 ტონა სიმინდი). იმავე 2011 წელს საქართველოში იმპორტირებული იქნა 25 355 ტო­ნა სიმინდი.
 
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – "რეგიონული საკითხების გაშუქება" – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი "ბათუმელები" | ნეტგაზეთი.