საზოგადოება

ქალთა ბედნიერება რეგიონების მიხედვით

10 მარტი, 2011 • 1457
ქალთა ბედნიერება რეგიონების მიხედვით

საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე ბედნიერი ქალები გურიაში, სამეგრელოსა და თბილისში ცხოვრობენ. ბედნიერების ნაკლებობას ყველაზე მეტად კახეთში მცხოვრები ქალები განიციდიან.

ეს არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2010 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარებული კვლევის შედეგი. კვლევა, რომელიც  პროექტის „საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და მსხვერპლთა დასახმარებლად“ ფარგლებში ჩატარდა,  ოჯახში ძალადობის პრობლემების კვლევას ისახავდა მიზნად. კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.

აღნიშნული კვლევის შედეგები ესტონეთის საელჩოში დღეს ირის პეტაიმ, ესტონეთ– საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა.

კვლევამ, რომელშიც  ქვეყნის მასშტაბით სულ 1250–მდე 18–78 წლამდე ადამიანი გამოიკითხა, აჩვენა, რომ ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით კახეთის რეგიონი გამოირჩევა.

აღმოჩნდა, რომ კახეთში გამოკითხულ ადამიანთა 92% ოჯახში ძალადობას განიცდის. 90 %–ს განცდილი აქვს დამცირება ან შეურაცხყოფა;  86% ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67%– თვის სახლი საშიში ადგილია, სადაც ისინი ოჯახის წევრისგან მუდმივად თავდასხმას ელიან;  მათი 63 % ქმარმა, რომელთანაც ცხოვრობს, გააუპატიურა; 29 % ფეხმძმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა. თავს ბედნიერად გამოკითხულთა მხოლოდ 10 % მიიჩნევდა.

ოჯახში ძალადობის შედარებით დაბალი მაჩვენებლით შიდა ქართლი, მცხეთა–მთიანეთი და  სამცხე–ჯავახეთი აღმოჩნდა. თუმცა, კვლევის შედეგების მიხედვით, ეს რეგიონებიც მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონების რიცხვში შევიდა. ბედნიერად თავს ამ რეგიონებში გამოკითხულთა 13-29% მიიჩნევს.

ძალადობის საშუალო დონე ქვემო ქართლში, იმერეთსა და აჭარაში აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ოჯახში ძალადობას გამოკითხულთა ¾ განიცდის. ხშირად ბედნიერი კი, როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 22-51%–ია.

გურია, სამეგრელო და თბილისი საქართველოში ოჯახში ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებიდან  ქმრის მიერ გაუპატიურებული 20-25 %–ია, 3-17 %–მა ფეხმძიმობის დროს სექსუალური ან ფიზიკური ძალადობა განიცადა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 37-47% კი ხშირად ბედნიერი აღმოჩნდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, სადაც ოჯახური ძალადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია,  აღმოჩნდა, რომ ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი ყველაზე ნაკლებია.

კახეთის რეგიონში გამოკითხულთა საშუალო თვიური შემოსავალი 363 ლარია. ოჯახის თითოეული წევრის შემოსავალი კი, დაახლოებით 98 ლარი.

ძალადობის საშუალო დონის რეგიონებში კი ოჯახის თვიურმა შემოსავალმა 427–1424 ლარი შეადგინა.

1252 გამოკითხულიდან  ოჯახში ძალადობის მსხვერპლად თავი მხოლოდ 852 ადამიანმა აღიარა.

ამ ადამიანებიდან უმეტესობა 55 წლის და მეტის აღმოჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ შედარებით უფროსი ასაკის ქალები ოჯახურ ტრადიციებს იცავენ და მამაკაცების მხრიდან ძალადობას ყველაზე მეტად ეგუებიან. მათი უმეტესობა უმუშევარია და  დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ აქვსთ კვლევის დროს ირკვეოდა, რომ მათ ოჯახში ძალადობა  ჩუმად გადაქონდათ და დასახმარებლად არავისთვის მიუმართავთ.

ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, მათსავე სახლშებში ხდება. ამიტომ, გამოკითხულთა 48 % სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა ძირითადი ნაწილი ფიზიკური ძალადობით დამთავრდა, მათგან 40 % მძიმე ფორმით.

კვლევის მიხედივთ აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ ქალთა მიმართ ძალადობას, ძირითადად, ახორციელებენ: ქმარი–53%, მამა–17%, პარტნიორი 6%, ყოფილი ქმარი 8 %, ძმა 6%; გარდა ამისა, 3 % შვილი–მამაკაცები, ბიძები, პაპები და სხვა.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების მეხუთედი, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობას ახორცილებს, ფხიზელ მდგომარეობაშია.

80% ძალადობის აქტი მამაკაცმა ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა; 6 %  კი – ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 40 % განიცდიდა იმას, რომ ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ის ცხოვრობს, მასზე სექსუალურად ძალადობს.

კვლევის მიხედვით, ყოველი  მეექვსე მსხვერპლი ძალადობის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც მსხვერპლი ექიმს არ მიმართავდა, გამოწვეული იყო  სირცხვილით და დანაშაულის გრძნობით, მისი მეუღლე რომ  ასე მოექცა.

კვლევის შედეგების პრეზენტაციაში კახეთის რეგიონისთვის აუცილებელი ღონისძიებებიც შემუშავდა.

აღმოჩნდა, რომ კახეთის რეგიონში უფასო სამედიცინო მომსახურებას ძალადობის მსხვერპლთა 94 %,  ძალადობისგან დაცვას 91%,  უფასო მედიკამენტებს – 90%, მატერიალური მზარდაჭერას 88%,   ბავშვების აღზრდაში დახმარებას 75%, სამუშაო ადგილის მოძებნით დახმარებას 74 %, საცხოვრებლით დახმარებას 73%, პროფესიის შეძენასა ან სწავლის გაგრძელების დახმარებას 65% და თავშესაფარში ადგილის გამოყოფას  გამოკითხულთა 51% საჭიროებს.

კვლევის შედეგების შესახებ ირის პეტაიმ, ესტონეთ– საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, ნეტგაზეთთან საუბარში კომენტარი გააკეთა:

„ამ ციფრებმა შემძრა, არ მოველოდი, რომ  ქმრების მიერ ამდენი გაუპატიურების შემთხვევა იქნებოდა.

მოძალადე კაცების მამებიც თავის დროზე მოძალადენი იყვნენ. ისინი ხშირად  ასეთი ოჯახებიდან არიან,  ეს პროცესი კი გრძელდება და უკვე ტრადიაციად იქცა. ქალთა მოთმინებაც იქცა ტრადიციად. თუ სახელმწიფო  უფრო მეტად არ  ჩაერევა,  კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიაც დაინტერესდეს ამ პრობლემით. როდესაც  3 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა საქართველოში, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რადგან პირველი კვლევის პრეზენტაციაზე მხოლოდ ერთი  ტელეარხი მოვიდა. იგივე სახის პრეზენტაციებზე ესტონეთში მთელი მედია იკრიბება.  დღეს, ამ მხრივ, საქართველოში ცოტა შეიცვალა მდგომარეობა. ეს ის თემა არ არის, რომელზეც მხოლოდ მცირე ჯგუფები უნდა მუშაობდნენ, საჭიროა მთელმა საზოგადოებამ ილაპარაკოს ამის შესახებ.

ღარიბ ქვეყნებში ნაკლებად არის დაცული ადამიანის უფლებები. ასეთ ქვეყნებში ხალხი თვლის, რომ რაც მათ ოჯახში ხდება, მხოლოდ ოჯახის საქმეა და   სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამაში. ეს მხოლოდ ცოლ–ქმარს შორისაა გასარკვევი.

განვითარებულ ქვეყანებში მეტი რესურსია მსხვერპლთა დასახმარებლად, თუნდაც კადრების მხრივ. რისკის ქვეშ მყოფი ოჯახები იქ მუდმივად დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და ადგილობრივი პოლიცია ყოველ კვირას მიდის მათთან. იბარებენ მოძალადეს, მორალს უკითხავენ. ინტერესდებიან მისი ცოლ–შვილის მდგომარეობით. განვითარებული ქვეყნებისთვის ეს საკითხი იმიტომაც არის პრიორიტეტული, რომ იმ ოჯახებში იზრდებიან ბავშვები,  რომლებიც ქვეყნის მომავალია და ოჯახში ძალადობის შემყურენი შესაძლოა პოტენციურად  ალკოჰოლზე დამოკიდებულები, ნარკოტიკების მომხმარებლები, პროსტიტუციით დაკავებულები ან მომავალი მოძალადეები გახდნენ.

თუ ამის კონტროლი არ მოხდა,  პირველ რიგში, სახელმწოფოს მიადგება დიდი ზარალი. გარდა ამისა,  სახელმწოფო დიდ თანხებს ხარჯავს, ძალადობის მსხვერპლებმა საავადმყოფოებში რომ იმკურნალონ.

ადამიანებს კახეთში, რომლებიც მოძალადეებთან  ერთად წლობით ცხოვრობენ, ხომ არანაირი ჯანმრთელობა აღარ აქვთ. საბოლოო ჯამში სახელმწიფოს უფრო ნაკლები დაუჯდება პრევენციული ღონისძიებები. ამისათვის უფრო მეტი პოლიციელია საჭირო,  რისკჯგუფებთან  რომ ითანამშრომლონ.

დღესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეს პრობლემა, თუმცა ასეთი დოზით აღარ.

საქართველოში ეს ყველაფერი ეკონომიკური დამოკიდებულებისა და ტრადიციების შედეგია. ხდება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწონება, სხვა რას იტყვის, ოჯახიდან რომ წავიდე და მივატოვო ქმარი? ფიქრობენ ისინი. პირიქით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მოძალადისგან უნდა წახვიდე. ამ მხრივ,  განვითარებულ ქვეყნებში პრობლემა უკვე მოგვარებულია. ასეთ ქვეყნებში ქალები ეკონომიკურად უფრო ძლიერნი არიან, მეტი შესაძლებელობა აქვთ, დამოუკიდებლად იცხოვრონ, იყიდონ ცალკე საცხოვრებელი, სახელმწიფო ეხმარება მათ ბავშვების აღზრდაში. ერთი სიტყვით, სახელმწოფო ზრუნავს ყველაფერზე.

დაუშვებელია, რაც კახეთში ხდება. იქ მეც ვიყავი, მაგრამ, ერთი შეხედვით, ასეთი გარემო არ დამხვედრია, პირიქით, თითქოს ყველა კეთილგანწყობილი იყო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი