2012.05.02

სააკაშვილი: ”დამაცადეთ კიდევ 2-3-4 წელი”

მიხეილ სააკაშვილი,

”თბილისი - ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის დედაქალაქი. ის არის დედაქალაქი სომხეთისთვის და ნაწილობრივ აზერბაიჯანისთვისაც. აქ გამოცხადდა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს, 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წყალტუბოს ასაღორძინებლად კიდევ რამდენიმე წელიწადი ითხოვა, თუმცა მისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება.

”დამაცადეთ კიდევ 2-3-4 წელი და გაძლევთ გარანტიას, რომ წყალტუბოს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად ვაქცევ,”-  განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და იქვე იმერეთის რეგიონში ტურისტული ცენტრების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”დღეს საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისტერიულად, გააფთრებით ეწინააღმდეგებიან იმას, რომ პარლამენტი გადმოვიდეს ქუთაისში. ეს ხალხი პირდაპირ ემსახურება მტერს. გარდა იმისა, რომ ისედაც ემსახურებიან და იმპერიის დროშის ფერში აქვთ გადაწყვეტილი მთელი თავიანთი საქმიანობა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებზე.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პოლიტიკური ორგანიზაციის და ვისი ”ფერები” ემთხვევა მტრის ფერს, თუმცა უკვე რამდენიმე კვირაა სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის ”მეცხრე არხს” აქტიურად აკრიტიკებენ ტელეარხის ლოგოს ფერების გამო. ”მეცხრე არხის” ლოგოს ფერებია– წითელი, თეთრი და ლურჯი, რაც, ადამიანთა გარკვეული ნაწილის აზრით, ემთხვევა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის - ”რასიას”, ასევე, თავად რუსეთის ფედერაციის დროში ფერებს. ამ იდეის ოპონენტთა თქმით კი, აღნიშნული ფერებით არაერთი დემოკრატიული სახელმწიფოს დროშა (მაგ. საფრანგეთის) და ტელევიზიის ლოგო არის შეფერილი.

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის ქუთაისში გადატანის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აქამდე მთელი სახელმწიფო თბილისის ერთი ქუჩიდან იმართებოდა და მტრისთვის ქვეყნის ხელში ჩასაგდებად ერთი ქუჩის დაპყრობაც საკმარისი იყო. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დეცენტრალიზაციით კი პოტენციურ მტერს საქმე გაურთულდება.

”ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში. სოხუმში პრაქტიკულად არ ისმოდა ქართული ენა. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, რამდენი სიმღერა არის დაწერილი სოხუმზე ქართულად? ყველა სიმღერა იყო დაწერილი ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე, ორთაჭალაზე. სოხუმზე არაფერი  იწერებოდა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ "ვარდების რევოლუციამდე" აჭარა გასული იყო კონტროლის ზონიდან და კონტროლდებოდა რუსული ჯარების მიერ. პრეზიდენტის თქმით, მთელი საქართველო მისი სახლია, თუმცა ანაკლიისადმი თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ასე გამოამჟღავნა:

”ანაკლია არის ჩემი მიწა. მინდა, იქ მოაფინონ ჩემი ფერფლი, როცა აღარ ვიქნები”.

ქუთაისის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას პრეზიდენტმა არც თბილისის მნიშვნელობა დაივიწყა და ქვეყნის დედაქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრა რეგიონის მასშტაბით.

”თბილისი - ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის დედაქალაქი. ის არის დედაქალაქი სომხეთისთვის და ნაწილობრივ აზერბაიჯანისთვისაც. აქ გამოცხადდა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი გამოსვლა ლადო მესხიშვილის თეატრში 15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.