2012.05.01

ახალი კონცეფცია თვითმმართველობის საკითხებზე

საქართველოს რეგიონები,
დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” ორგანიზებით "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვრცობილი კონცეფციის” განხილვა გაიმართა.

დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” ორგანიზებით "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვრცობილი კონცეფციის” განხილვა გაიმართა.

კონცეფციას ოთხი ავტორი ჰყავს: ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი – კონსტანტინე კანდელაკი, ექსპერტი დეცენტრალიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში – დავით ლოსაბერიძე, ეკონომისტი, მაკროეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული განვითარების რეფორმების ჯგუფების წევრი – თენგიზ შერგელაშვილი და ექსპერტი პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებში – ირაკლი მელაშვილი.   

“10 წელია ჯგუფი ამ საკითხებზე ვმუშაობთ, პერიოდულად ვაახლებთ მუშაობას, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეები შევიდეს. 2005 წელს გვქონდა შეტანილი ეს საკანონმდებლო წინადადების სახით პარლამენტში. ახლა ეს უფრო გავრცობილი რედაქციაა და ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ძალიან საინტერესო მიმართულებებით, რომ უფრო ცხადი სურათი შევქმნათ თვითმმართველობის სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ექსპერტი პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

მისივე განცხადებით, ხელისუფლების მიერ 2006 წელს გატარებული რეფორმის შედეგი აშკარად წარმოაჩენს იმას, რომ თვითმმართველობა არ არსებობს ქვეყანაში და საზოგადოებამ არ იცის, როგორ აკონტროლოს ხელისუფლება.  

თვითმმართველობის სისტემაში 2006 წლის რეფორმის უარყოფით შედეგზე სააუბრობს  ექსპერტი დეცენტრალიზაციის საკითხებში დავით ლოსაბერიძე: 

“ამ რეფორმით ქალაქებში გაუქმდა თვითმმართველობა და მოხდა თვითმმართველობის ტერიტორიული გამსხვილება. თვითმმართველობა, გარდა რამდენიმე ქალაქისა (კერძოდ, ფოთის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისისა და ბათუმისა), დღეის მდგომარეობით არსად არ ხორციელდება. ასევე, არ ხორცილდება თვითმმართველობა არც ერთ სოფელში. ამ მხრივ კი თვითმმართველობის განსახორცილებლად ჩვენ მიერ შემოთავაზებულია თემური ტიპის ტერიტორიული ორგანიზება, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სოფლების თვითმმართველობის ერთობლიობა განხორციელდება. თვითმმართველობის ტერიტორიული გამსხვილება უნდა მოხდეს იქ, სადაც რესურსების სიმცირის გამო თვითმმართველობის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, თითოეულ დასახლებაში არჩევითი ორგანოების ჩამოყალიბება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა  ლოსაბერიძემ.

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ თუ ადრე არსებული პირველი დონის თვითმმართველობებში საშუალოდ 4 354 მცხოვრები იყო, რაიონის (დღევანდელი მუნიციპალიტეტის) მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელი, თბილისის ჩათვლით, 66 235 ადამიანს შეადგენს, თბილისის გარეშე კი– 48 380–ს. მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, რიგი განვითარებული ქვეყნების (აშშ, იაპონია და ა.შ.) მუნიციპალიტეტებში საშუალოდ 5–დან 25 ათასამდე მცხოვრებია, ხოლო ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 6–7 ათასს შეადგენს.

კონცეფციაში გამოყოფილია ორი პერიოდი, რომელშიც შესულია მონაცემები 2006 წლის რეფორმამდე და რეფორმის შემდეგ. კერძოდ, 2002 წელს მუნიციპალური ერთეულების მოსახლეობის საშუალო ოდენობა 4380 კაცს შეადგენდა, ხოლო 2006 წლის რეფორმის შედეგად მაჩვენებელმა 68 305 კაცი შეადგინა.

კონცეფციის თანახმად, არანაკლებ არაადეკვატურად გამოიყურება დღეისთვის არსებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული სიდიდე. ამ მაჩვენებლით საქართველო ზოგი ჩრდილოევროპული ქვეყნის (სკანდინავია, რუსეთის ფედერაცია) გვერდით დგას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი არც პრაქტიკული და არც დაჭაობებული დიდი დაუსახლებელი სივრცეები არსებობს. მუნიციპალური ერთეულების ტერიტორიათა საშუალო ზომები საქართველოსთვის 2002 წელს იყო 57 კვ.კმ, ხოლო 2010 წელს  891 კვ.კმ–მდე გაიზარდა.

ასევე, 2000 წლის ნოემბერ–დეკემბერში თბილისში არსებული 10 რაიონი დაწყვილდა 5 რაიონად, რომელსაც თბილისის ტერიტორიის გაფართოების შემდეგ დაემატა კიდევ ორი რაიონი.  

თითოეული მათგანი, მოსახლეობის რაოდენობით, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს – ქუთაისს გაუტოლდა და მოსახლეობის რაოდენობით ბევრად აღემატება საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტს (საშუალოდ 220 ათასი მცხოვრები), მაშინ, როდესაც ევროპის მცირე ქვეყნების დედაქალაქთა უმეტესობაში ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა მერყეობს 30–60 ათასი მცხოვრების ფარგლებში.

ვენეციის კომისიამ  თავის რეკომენდაციებში არათანაბარი ზომის  საარჩევნო ოლქებზე ხაზგასმით მიანიშნა. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საქართველოში მაჟორიტარული ოლქების საზღვრები მუნიციპალიტეტების საზღვრებს ემთხვევა და ვერ უზრუნველყოფს დაახლოებით თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქებს.

როგორც კონსტიტუციონალისტი, “რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, სანამ ეს სისტემა იქნება შენაჩუნებული, მანამდე სერიოზული პრობლემა იქნება გათანაბრება.

“ვისაც მაჟორიტარული წესით ირჩევენ, იქ საარჩევნო ოლქების ზომა, ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით, ძალიან მკვეთრად განსხვავდება ერთი მეორისგან. პირობითად რომ ავიღოთ, მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, იქ რომელიღაც თემში ცხოვრობს ათჯერ მეტი მოსახლე, ვიდრე სხვა თემში და ირჩევენ თითოს. მაშინ ვენეციის კომისიამ ამ შეუსაბამობაზე მიუთითა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხმალაძემ.

მისივე განცხადებით, საჭიროა ისეთ სისტემაზე გადასვლა, სადაც ეს  უთანაბრობა უკვე აღარ ითამაშებს არსებით როლს.

“ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების თანაბრობას და ჩვენ აქ არჩეული გვაქვს ამ კონცეფციაში, რომელსაც ჰქვია ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემა, რომელიც არჩევის თვალსაზრისით ახლოს არის მაჟორიტარულთან იმიტომ, რომ ამომრჩეველი კონკრეტულ პიროვნებებს ალაგებს თავისი პრეფერენციების მიხედვით, ანუ წერს, რომ ჯერ ეს მინდა, თუ ეს არა, მაშინ ეს. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ერთ ადგილას შევქმნათ სამმანდატიანი საარჩევნო ოლქი და უფრო დიდში შევქმნათ ხუთმანდატიანი საარჩევნო ოლქი. სისტემა მხოლოდ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოიყენება”, – მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

კონცეფციის ავტორები აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობის ტერიტორიული გამსხვილება უნდა მომხდარიყო იქ, სადაც რესურსების სიმცირის გამო თვითმმართველობის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

კერძოდ, ახალი კონცეფციით, ქალაქი იქნება ყველაზე პატარა თვითმმართველი ერთეული. რაც შეეხება სოფლებსა და თემებს, დიდი სოფლების შემთხვევაში მოსახლეობა იქნება 12–დან 20 ათასამდე. ეს სტანდარტი ვერ იქნება დაცული მაღალმთიან ზონებში.

“შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თვალსაზრისით საშუალო შემთხვევაში დღევანდელი რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით ხუთიდან რვამდე თვითმმართველი ერთეული შეიქმნება. შედარებით უფრო მაღალმთიან ზონებში ეს მაჩვენებელი შეიძლება ავიდეს 12–15–მდე თვითმმართველი ერთეულის რაოდენობამდე”, – აღნიშნავს ექსპერტი დეცენტრალიზაციის საკითხებში დავით ლოსაბერიძე.

კონცეფციის თანახმად, უნდა მოხდეს თემების მასშტაბების ფორმირება, რომელიც ხელს შეუწყობს თემში შემავალ დასახლებათა მოსახლეობის საჭიროებათა ადეკვატურ დაკმაყოფილებას.