ეკონომიკა

არამიანცის ტერიტორიაზე კიდევ 4 კლინიკა გაიყიდა

2 მარტი, 2011 • • 2724
არამიანცის ტერიტორიაზე კიდევ 4 კლინიკა გაიყიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს  სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიზნით, მორიგი საჯარო აუქციონი ჩატარდა. აუქციონზე ე.წ. არამიანცის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე კლინიკა იყო გამოტანილი, კერძოდ, შპს ”გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა-ნევროლოგის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, რომლის  საწყისი ფასი 160 000 ლარი გახლდათ;  შპს ”ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკა-სინთეზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი-საწყისი ღირებულებით 180 000 ლარი, შპს ”ნეიროქირურგიული კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი-საწყისი ფასით 180 000 ლარი, შპს ”ზოგადქირურგიული კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი-საწყისი ფასით 250 000 ლარი.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, აღნიშნული კლინიკების  საპრივატიზებო თანხის გადახდა საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს, ხოლო საპრივატიზებო ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში.

აღნიშნული კლინიკებიდან  ორი – შპს ”ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკა-სინთეზი“ და შპს ”ზოგადქირურგიული კლინიკა“ – შპს „ალსის“ დირექტორმა, გიორგი ქავთარაძემ იყიდა. მან  შპს ”ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკა-სინთეზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილში 200 000 ლარი გადაიხადა, ხოლო შპს ”ზოგადქირურგიული კლინიკის“ 100%-იანი  წილი 455 000 ლარად შეიძინა.

შპს ”გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა-ნევროლოგი” ფიზიკურ პირთა გაერთიანების წარმომადგენელმა, ნოდარ კაკაბაძემ  275 000 ლარად შეიძინა, ხოლო შპს ”ნეიროქირურგიული კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი ჯონდო გიგანმა იყიდა. მან აღნიშნულ კლინიკაში 305 000 ლარი გადაიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი