2012.04.26

ხელისუფლებას ალასანიას ინფორმაცია არ გადაუმოწმებია [Audio]

ირაკლი ალასანია,
გადაამოწმა თუ არა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებული ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ და რის საფუძველზე დაასკვნა, რომ ალასანიამ მოქმედი სამხედროები და პოლიციელები დაასახელა?

გადაამოწმა თუ არა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებული ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ და რის საფუძველზე დაასკვნა, რომ სიაში, რომელიც მათ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა მიაწოდა, მოქმედი სამხედროები და პოლიციელები არიან დასახელებულნი?

განცხადებაზე თანდართულ სიაში, რომელიც ირაკლი ალასანიამ გიგა ბოკერიას უწყებას დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საკითხის შესწავლისა და მათზე რეაგირების მიზნით გადაუგზავნა 2012 წლის 20 მარტს, 34 პირის სახელი და გვარია მითითებული, რომლებიც, ალასანიას ინფორმაციით, მონაწილეობენ სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების პროცესში.

23 მარტს უშიშროების საბჭო ასეთი განცხადებით გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას წერილს:

"მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის  არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები".

როგორ დაადგინა ეს ფაქტი ეროვნული უშიშროების საბჭომ და გაადამოწმა თუ არა რეალურად ის ადამიანები, რომლებიც სიაში იყვნენ მითითებულები? - “ნეტგაზეთის” ამ შეკითხვაზე დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ უპასუხა, რომ მათ ეს სია არ გადაუმოწმებიათ:

“რაც გადმოაგზავნეს, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ შედგენილი. არც ჭირდებოდა გადამოწმება... იმ დოკუმენტში წერია შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სენაკის ბრიგადის მეთაური, რა უნდა გადაგვემოწმებინა? აბსურდული დოკუმენტია. აბსურდის შემოწმებას ხომ აზრი არა აქვს?! არაფერი არ გადაგვიმოწმებია იმდენად, რამდენადაც თვითონ ბრალდებაა აბსურდული და ის დოკუმენტი არის სულელური”, - აცხადებს ბათუ ქუთელია.

ირაკლი ალასანიას მიერ გაგზავნილ სიაში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გარდა, კიდევ 30-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს. არიან თუ არა ისინი, როგორც უშიშროების საბჭოში აცხადებენ, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები? ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “ნეტგაზეთმა” ოფიციალურად გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ორივე უწყებიდან.

ოფიციალური განცხადებებით “ნეტგაზეთმა” თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან მოითხოვა ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ სიაში მითითებული პირების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: არიან თუ არა ეს ადამიანები [მითითებულია სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებიც არიან სიაში] მათი თანამშრომლები; ნეტგაზეთმა ორივე უწყებას თხოვა,  დადებითი პასუხის შემთხვევაში მოეწოდებინა ამ პირების თანამდებობის შესახებ ინფორმაცია.

ორთავე სამინისტროს კანცელარიაში “ნეტგაზეთის” შესაბამისი განცხადებები 29 მარტს შევიდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ჩვენთვის პასუხი დღემდე არ მოუწოდებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 აპრილს გამოგზავნილ პასუხში ნათქვამია:

“მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ვინაიდან მითითებულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია დააკონკრეტოთ მათი დემოგრაფიული მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, მამის სახელი და პირადი ნომერი)”.

ასეთი “დამაკონკრეტებელი პერსონალური მონაცემები”, ამ ადამიანების გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო უწყებებიდან არ მოუთხოვიათ ირაკლი ალასანიასთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში გამოთქვამდა მათთან შეხვედრის მზადყოფნას.

ალასანიას პარტიაში აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭოს მხრიდან მათი ლიდერის განცხადებაზე რეაგირება იყო არაადეკვატური, თუმცა, მათი თქმით, მიზანი, რომელიც პრევენციულ ხასიათს ატარებდა, მიღწეულია:

“საქართველოს მედიასაშულებების გარკვეულმა ნაწილმა დაადასტურა, რომ იმ საცხოვრებელ სახლებში, რომლებზეც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია უშიშროების საბჭოს, იმყოფებოდნენ სამხედრო ფორმიანები, შეიარაღებით და რომ ისინი არ წარმოადგენდნენ არც ნებაყოფლობით რეზერვს, არც სამხედრო ფორმირებებს და ა.შ. ამ ადამიანებმა დისლოკაცია შეიცვალეს, ან აღარ არიან საერთოდ და ეს არის სწორედ შედეგი ირაკლი ალასანიას განცხადების, რომლის მიზანი იყო პრევენცია”, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” საუბარში.