ახალი ამბები

შემწირველები

2 მარტი, 2011 • 2849
შემწირველები

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისში რეგისტრირებულმა 21–მა კომპანიამ და 4–მა ფიზიკურმა პირმა 684 920 ლარი შეწირა.

შემომწირველ კომპანიებს შორის არიან ქალაქში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და წვრილი საწარმოები. მათი უმრავლესობა ქალაქის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებიდან კონტროლდება.

სამშენებლო კომპანია „კომფორტი“ ამჟამად ქუთაისის საკრებულოს მოქმედი წევრის ბესიკ ბრეგაძის საკუთრებაა 100%–ით. ბრეგაძე ქუთაისის საკრებულოში ასარჩევად კენჭს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამავე არჩევნების დროს მისი ფირმა 20 ათასი ლარით შეეწია მმართველ პარტიას.

სამშენებლო კომპანია „კომფორტი“2006 წლის 31 ივლისს დაფუძნდა ქუთაისის ყოფილი ვიცე მერების – ბესიკ ბრეგაძისა და გივი ჯიბლაძის მიერ. ბრეგაძე ქალაქის მეორე პირის პოსტზე 2005 წლის გაზაფხულზე დაინიშნა და ეს თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ეჭირა. ბრეგაძემდე კი ქუთაისის ვიცე–მერი გივი ჯიბლაძე იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დასაქმდა. ჯიბლაძე და ბრეგაძე ბიზნესპარტნიორობას სამშენებლო კომპანია „კომფორტში“ 2010 წლამდე ინარჩუნებდნენ, გასული წლის მარტში კი „კომფორტის“ ერთპიროვნული მფლობელი და მმართველი ბესიკ ბრეგაძე დარჩა.

თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისელი შემომწირველების სიაში ჯიბლაძე გასულ წელს მაინც აღმოჩნდა. შპს „ბჯდი და კომპანია“ გასული წლის იანვარში დაფუძნდა, კომპანიაში 70%–ანი წილის მფლობელი გივი ჯიბლაძის მამა – გურამ ჯიბლაძეა. აღნიშნული კომპანია ქუთაისში ამ დროისთვის ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრს და რამდენიმე მშენებარე ობიექტს ფლობს. დაარსებიდან ორ თვეში, 2010 წლის 10 მარტს, შპს „ბჯდი და კომპანიამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 20 000 ლარი შეწირა.

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი  – ნესტორ (ბადრი) ფრუიძე აკონტროლებს სს „იბერია 21“–ის აქციების 60%–ს. „იბერია 21“–მა გასულ წელს მმართველი პარტიის ანგარიშზე 30 ათასი ლარი გადარიცხა. ფრუიძე ქუთაისის საკრებულოს წევრი 2006–10 წლებში იყო, ამ ხნის მანძილზე მისმა კომპანიამ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შეკვეთა მიიღო ქუთაისის მერიდან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით: მაგალითად, შარშან დახურული საცურაო აუზის მშენებლობისთვის ამ ფირმამ ერთ პირთან მოლაპარაკებით ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი მიიღო. ასევე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და 760 000 ლარად ააშენა ამ კომპანიამ ქუთაისში ჩოგბურთის კორტები. 2009 წელს სს “იბერია 21”-მა ერთ პირთან მოლაპარაკებით სამი ხელშეკრულება გააფორმა ქუთაისის მერიასთან და საერთო ჯამში, 2 764 174 ლარი მიიღო; 2008 წელს კი – 480 000 ლარი.

ქუთაისის საკრებულოს, ასევე, ყოფილი დეპუტატი ვიტალი ბოჭორიშვილი ფლობს წილს შპს „ოაზისი 2002“–ში, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გასულ წელს 30 ათასი ლარი გადაურიცხა.

ქუთაისის ამჟამინდელი მერის – გიორგი თევდორაძის მამა – იუზა თევდორაძე ფლობს 50%–ან წილს კომპანიაში „ლს და თი“, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე გასულ წელს 10 000 ლარი გადარიცხა შემოწირულობის სახით. შპს „ლს და თი“ 2006 წლის 24 თებერვალსაა რეგისტრირებული. კომპანიამ, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის განკარგულებით,სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში მიიღო ხუთწლიანი სესხი (წლიური 9%–ანი განაკვეთით) 300 ათასი ლარის მოცულობით – ქუთაისის ტექნიკური ქსოვილებისა და სამკერვალო ქარხნის შექმნისთვის. საწარმოს 140–ზე მეტი ადამიანი უნდა დაესაქმებინა და პროდუქცია ესპორტზე გაეტანა, თუმცა რეალურად იქ 30–40 ადამიანია დასაქმებული, ისიც პერიოდულად და პროდუქციასაც მხოლოდ შიდა ბაზრისთვის აწარმოებს: მტვერდამჭერ ფილტრებს მას უკვეთავენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: „ფერო“, „აგარის შაქრის ქარხანა“, „მეტალურგიული ქარხანა“ და სხვა.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მალხაზ ჭრელაშვილის ძმა – მერაბ ჭრელაშვილი გახლავთ დირექტორი „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნისა“, რომელმაც 25 ათასი ლარი გადარიცხა გასულ წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე.

ყველაზე სოლიდური შემოწირულობები „ნაციონალური მოძრაობის“ ფონდში ქუთაისიდან სამ კომპანიას ეკუთვნის, მათ შორისაა „თეგეტა მოტორსი ქუთაისი“, რომელმაც გასულ წელს მმართველი პარტიის ანგარიშზე 100 ათასი ლარი გადარიცხა. აღნიშნული კომპანია ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ კოხოძისა და მისი ოჯახის საკუთრებაა. ქუთაისის მერიის მიერ 2009 წლის ბოლოს ჩატარებული ტენდერის შედეგად, ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში საავტობუსო ხაზებზე მონოპოლიას სწორედ „თეგეტა მოტორსი“ და მისი შვილობილი კომპანიები ფლობენ.

99 920 ლარი გადაურიცხა მმართველ პარტიას გასული წლის მარტში შპს „ბერმუხამ“, მაშინ, როდესაც აღნიშნულ კომპანიას 373 995.54 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხებოდა ბანკ „რესპუბლიკის“ წინაშე და აღნიშნული დავალიანების გამო, ბანკ „რესპუბლიკის“ მოთხოვნით, საარბიტრაჟო სასამართლოს ჰქონდა გადაცემული „ბერმუხას“ საქმე მისი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით.

კიდევ ერთი მსხვილი შეწირულობა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე შპს „იმერეთს“ ეკუთვნის, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობის მფლობელ კომპანიას. შპს „იმერეთს“ გასულ წელს რამდენჯერმე აქვს თანხა გადარიცხული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე, გადარიცხულმა თანხამ ჯამში, 100 ათასი ლარი შეადგინა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შპს „იმერეთი“ მმართველი პარტიის საარჩევნო ფონდს აფინანსებს: 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იგი „ნაციონალურ მოძრაობას“ 30 ათასი ლარით შეეწია. შპს „იმერეთში“ არ სურთ ამ საკითხებზე საუბარი: „ეტყობა მაშინ ასეთ ხასიათზე ვიყავი და გადავრიცხე თანხა“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა ლევან გოგოლაშვილმა.

კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, მუდმივი შემომწირველი მმართველ პარტიას ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი ნიკოლოზ ლატარია ჰყავს. ლატარიას კუთვნილმა ფირმამ „ნიკოილი 9“–მ გასულ წელს მმართველ პარტიას 30 000 ლარი შეწირა. 2008 წელს კი, როდესაც ლატარია შპს „არენას“ ერთპიროვნული ხელმძღვანელი იყო, ამ ფირმამ „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 ათასი ლარი გადაურიცხა.

გარდა კერძო კომპანიებისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებს შორის ქუთაისიდან გასულ წელს ფიგურურებს ოთხი ფიზიკური პირი: ინგა გაგნიძემ და დარიკო მხეიძემ 25–25 ათასი ლარი გადაურიცხეს მმართველ პარტიას, ზურაბ ლორთქიფანიძემ – 10 ათასი ლარი, ვლადიმერ თოიძემ კი – 5000 ლარი.

შემწირველი კომპანიის დასახელება

შემწირველი კომპანიის მფლობელები

შეწირული თანხა

შპს „თეგეტა მოტორსი ქუთაისი“

„თეგეტა მოტორსი“ – 85%

 ხვიჩა კოხოძე – 5%

თენგიზ კოხოძე – 10%

100 000 ლარი

შპს „იმერეთი“

ზელიმხან გიორგაძე – 100%

დირექტორი: ლევან გოგოლაშვილი

100 000 ლარი

შპს „ბერმუხა“

გურამ თალაკვაძე – 50%

სიმონ ჩხეიძე – 50%

99 920 ლარი

შპს „ქუთაისი 2006“

შპს „ბ&ნ“ – 100%

დირექტორი: ალექსანდრე გურეშიძე

35 000 ლარი

სს „იბერია 21“

60%–ს აკონტროლებს ნესტორ ფრუიძე

30 000 ლარი

შპს „ნიკოილი 9“

100% – ნიკოლოზ ლატარია

30 000 ლარი

შპს „ზ.მ.“

გიორგი შანიძე – 40%  

ზაზა შანიძე – 10%

მერაბ ჩაგიაშვილი – 50%

30 000 ლარი

შპს „ოაზისი 2002“

ლენა ყიფიანი – 25%

იოსებ ყიფიანი – 25%

გიორგი ჟორჟოლიანი – 25%

ვიტალი ბოჭორიშვილი  – 19.3%

ნატო მარკოიშვილი – 5.7%

30 000 ლარი

„ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“

“ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” – 100%

დირექტორი: მერაბ ჭრელაშვილი

25 000 ლარი

შპს „კომფორტი“

ბესიკ ბრეგაძე – 100%

20 000 ლარი

შპს „ბჯდი და კომპანია“

გურამ ჯიბლაძე – 70%

დავით ქუთათელაძე – 15%

ირაკლი ქუთათელაძე – 15%

20 000 ლარი

შპს „ტობე“

წილები გადანაწილებულია 15 ფიზიკურ პირზე

დირექტორი: თენგიზ ჩირაძე

20 000 ლარი

შპს „სატელიტსერვისი“

ნათია ნაცვლიშვილი – 33.3% ალექსანდრე ჭეიშვილი – 33.4%

რამაზ სალდაძე – 33.3%

დირექტორი: დავით ჯაფარიძე

10 000 ლარი

შპს „იმერეთმშენი“

გიორგი ჩარკვიანი – 50%

მიხეილ ჩარკვიანი – 50%

10 000 ლარი

შპს „ლს და თი“

იუზა თევდორძე – 50%

სოსო ლანჩავა – 50%

10 000 ლარი

შპს „ბემონი XXI“

გრიგოლ ბახტაძე – 100%

10 000 ლარი

შპს „დინა“

ნათია თოდუა  – 50%

ნუნუ გედენიძე – 50%

10 000 ლარი

შპს „მაქსილაინი“

ვიქტორ ქაქუჩაია – 25%

პლატონ ბრეგაძე – 25%

თეიმურაზ კუჭავა –  12.5%

შმაგი ზაქარაშვილი – 25%

ნატალია ლაღაძე – 12.5%

10 000 ლარი

შპს „პრემიერი“

ჟიგული ძოწენიძე – 33.34%

აკაკი მასხარაშვილი – 33.33%

ზურაბ შალიკაშვილი – 33.33%

8000 ლარი

შპს „ანი“

ინფორმაცია არ მოიპოვება

7000 ლარი

შპს „ფარი“

დირექტორი: ბეჟან მღვდელაძე

წილები გადანაწილებულია 17 ფიზიკურ პირზე

5000 ლარი

მასალების გადაბეჭდვის წესი