2012.04.26

4 მინისტრი პარლამენტში სამთავრობო საათს ესწრება

სამთავრობო საათზე ზურაბ ადეიშვილი ამჯერადაც არ მივიდა.

ამ წუთებში პარლამენტში სამთავრობო საათი მიმდინარეობს. სამთავრობო საათზე, რომელიც დღეს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით იმართება,    დაბარებული ხუთი მინისტრიდან 4 გამოცხადდა– საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.

სხდომათა დარბაზში შესვლამდე კომენტარი მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა.

“როგორც მესმის, ეს იყო რამდნიმე დეპუტატის შეკითხვა. სამწუხაროდ, რასაც გადავხედე, ძალიან დაბალი პროფესიონალური კვალიფიკაციის კითხვები არის. რაც სამწუხაროა, რადგან მეთორმეტე კლასელები და, მითუმეტეს, მასწავლებლები ბევრად უფრო კვალიციფიურ შეკითხვებს სვამენ. ეს არის დასტური, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიქმნა ახალი სოციალური ფონი, ახალი თაობა, რომელიც არასოდეს დაბრუნდება საბჭოთა კავშირში. ბევრი შეკითხვის ლეიტმოტივი საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. იმედი მაქვს, რომ დაზუსტებების დროს უმცირესობა ბევრად უფრო კარგ შეკითხვებს დასვამს”, – განაცხადა პარლამენტში სამთავრობო საათზე მისულმა განათლების მინისტრმა.

სხვა მინისტრებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის” 26 შეკითხვა აქვს სამთავრობო საათზე დაბარებულ ხუთ მინისტრთან. შეკითხვები ადრესატებთან უკვე გაგზავნილია.

სამთავრობო საათზე, რომელიც დღეს პარლამენტში იმართება, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი არ მივიდა. ამის თაობაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.