ეკონომიკა

ბიზნეს-პროექტი სტუდენტებისთვის

2 მარტი, 2011 • • 1479
ბიზნეს-პროექტი სტუდენტებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული უწყება ახალი ინიციატივით გამოდის, კერძოდ, სტუდენტებისათვის ბიზნეს-პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც ისინი  ორგანიზატორების მიერ წინასწარ შერჩეულ საკითხებზე (ქეისებზე) პროექტებს მოამზადებენ.

საწყის ეტაპზე პროექტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს-სკოლა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.

ბიზნეს-პროექტის დეტალები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და პროექტში მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, პროექტი კარგი სტიმული და გამოცდილება იქნება სტუდენტებისთვის. ვერა ქობალიას ინფორმაციით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და შემდეგ ეტაპზე მასში მონაწილეობის საშუალება საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც ექნებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები დაეხმარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს, შესთავაზოს პოტენციურ ინვესტორს კონკრეტული ბიზნესის ოპერირება და დააინტერესოს იგი.

სამინისტრო უნივერსიტეტებს შესთავაზებს ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულ საკითხებს, ხოლო უნივერსიტეტების მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან გუნდები თითოეულ პროექტზე (თითოეულ უნივერსიტეტს მოუწევს სამი გუნდის შექმნა), ხოლო გუნდები წარმოადგენენ პროექტებს. მონაწილე გუნდები დაკომპლექტდება უნივერსიტეტის დამამთავრებელი მე-4 კურსის სტუდენტისგან. გუნდებს აუცილებლად ეყოლებათ პრაქტიკული გამოცდილების მენტორი. მენტორი შეიძლება იყოს როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ლექტორი, ასევე რომელიმე კომპანიის მენეჯერი. მენტორს თავად გუნდი აირჩევს. ასევე თითოეული გუნდიდან იქნება წარმოდგენილი საკონტაქტო პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაიცვას პროექტის ორგანიზატორების მიერ შეთავაზებული ვადები და დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა.

სტუდენტებს მიეწოდებათ წინასწარ შერჩეული თემები, ხოლო  კონკურსის თემები კი იქნებიან – ტურიზმი, ექსპორტის ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოება და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი