2012.04.20

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ კარდაკარის პროექტი დაიწყო

პოლიტიკა, არჩევნები,
სიების დაზუსტების კომისიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებასაც მოუბრუნდება გული კომისიის საქმიანობის მიმართ, რადგან, როგორც კომისიაში ამბობენ, მათ აქვთ იმის ამბიცია, იმედი და რესურსი, რომ ამომრჩეველთა სია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა, იმ ფორმაში მოიყვანონ, რომ ამან დაიმსახუროს ნდობა სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებში.

“დღეიდან, 20 აპრილიდან, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მიერ კარდაკარის პროექტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძარითადი საშუალება განსაზღვრული კანონის მიერ, როდესაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის  უნდა დაზუსტდეს ამომრჩეველთა ერთიანი სია აღნიშნული კომისიის მიერ”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.

კარდაკარის პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), ყველა საარჩევნო უბანსა და ოლქში, ყველა სახლსა და უბანში უნდა ჩატარდეს.  

კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა ის საქმიანობა, რაც სიების დაზუსტების კომისიამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გასწია.

“კომისიამ მოახერხა და საკმაოდ მოკლე დროში, ორი კვირის მნძილზე, 11 100 რეგისტრატორი შეარჩია საქართველოს მოქალაქეებიდან მთელი ქვეყნის მასშატაბით და მისი შემრჩევი ძირითადი წარმომადგენელი სტრუქტურები იყო კომისიის რეგიონული წარმომადგენლობები. სწორედ მათ მოახდინეს 11 100 რეგისტრატორის შერჩევა საქართველოს მოქალაქეებისგან კომისიისვე დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. ამის შემდეგ კომისიამ, სწავლების ცენტრის დახმარებით და შესაბამისი მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მოახერხა და განახორციელა ტრენირება 11 100 რეგისტრატორის, რომელიც განხორციელდა 19 მარტიდან 6 აპრილამდე შუალედში და შემდეგ კიდევ დამატებითი ტრენინგიც განხორციელდა”, – აღნიშნავს კაციტაძე.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული კომისიის საქმიანობა და  რა პრობლემები შეიძლება გამოიკვეთოს ამ კუთხით, კაციტაძე წინასწარ განხორციელებულ საპილოტე პროგრამაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს:
  
“ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კარდაკარის მზაობისთვის ჩავატარეთ საკმაოდ წარმატებით, ე.წ. კარდაკარის პილოტ–პროექტი. კერძოდ, 10–12 აპრილს კომისიის რეგიონალური წარმომადგენლების მეშვეობით განხორციელდა საპილოტე პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა რეგიონში 25 შერჩევითი უბანი იქნა ამორჩეული, კონტრასტული უბნები, ქალაქის, სოფლის, დიდი, პატარა, მთიანი, ბარის და სრულად დავინახეთ ის ლანდშაფტი, რაც შეიძლება შეგხვდეს ჩვენ საყოველთაო კარდაკარის განხორციელების დროს”.

როგორც სიების დაზუსტების კომისიაში აცხადებენ, ისინი მომზადებულები არიან ყველა შესაძლო ბარიერისთვის, რომელიც შესაძლოა წარმოჩნდეს კარდაკარის განხორციელების დროს.

თუმცა კაციტაძე აქვე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრატორები სერიოზულად არიან დატრენინგებულნი, საველე სამუშოების დროს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას თავად რეგისტრატორების მუშაობაშიც.

რა შესაძლო პრობლემა შეიძლება შეხვდეს რეგისტრატორებს სამუშაო ველზე გასვლისას:

  • საველე სამსახურის დროს გარკვეული შემაფერხებელი იქნება დამისამართების პრობლემები, ცუდად დამისამართებული ქალაქები ან დაუმისამართებელი სოფლები;
  • ამომრჩეველთა სიაში უნდა განხორციელდეს ჩასწორებები გარდაცვლილებთან დაკავშირებით, უცხოეთში გასულებთან დაკავშირებით და გაურკვეველ დაუდგენელ ამომრჩევლებთან დაკავშირებით, ე.წ მიწერებთან დაკავშირებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტ კარდაკარის რეგისტრატორები საველე სამუშაოებს სამშაბათს, 24 აპრილიდან დაიწყებენ.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ როგორ მოხდება დევნილების დამისამართება, კაციტაძე პასუხობს:

“დევნილი არის ჩვეულებრივი ამომრჩეველი, ჩვენზე იქნება უბრალოდ, რომ მივანიშნოთ მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართი. მათი ძირითადი მისამართი არის აფხაზეთი ან სამაჩაბლო, მაგრამ არის დროებითი მისამართი და უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები და დევნილები, რომლებიც არ არიან კომპაქტურად ჩასახლებულები, მაგრამ დროებით კონკრეტულ მისამართზე არიან. გარდა დევნილებისა, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ჩასწორებები განხორციელდება, კერძოდ, გარდაცვლილების ამოღებასთან დაკავშირებით, უცხოეთში გასულებთან დაკავშირებით და დაუდგენელ პიროვნებებთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში კაციტაძე.

ასევე დღევანდელ ბრიფინგზე მან წარმოადგინა ის სპეციალური ატრიბუტიკა, რომელიც გამოარჩევს სიების დაზუსტების კომისიის რეგისტრატორებს სხვებისგან.   

“ეს არის სპეციალური საქაღალდე, რომელიც იქნება რეგისტრატორისთვის ძირითადი სამუშაო. ეს არის ჩვენი განმასხვვებელი ერთ–ერთი ნიშანი, ეს არის ბეიჯი, რომელიც ყველა რეგისტრატორს ექნება საკუთარი გვარის და სახელის მითითებით. ასევე მათ ექნებათ კეპი ჩვენი ლოგოთი”, – განაცხადა კაციტაძემ.

სიების დაზუსტების კომისიაში დღესვე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებასაც მოუბრუნდება გული კომისიის საქმიანობის მიმართ იმიტომ, რომ მათ აქვთ იმის ამბიცია, იმის იმედი და რესურსი, რომ ამომრჩეველთა სია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა, იმ ფორმაში მოიყვანონ, რომ ამან დაიმსახუროს ნდობა თვით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებში.

კაციტაძისვე განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას, ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, მმართველ პარტიას დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით. ეს არის  პირველი შესაძლებლობა, როდესაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისი გზავნილით, ჩართულობით, ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღოს ამომრჩეველთა სიის საბოლოო ვერსიის ფორმირებაში.

შეგახსენებთ, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისია პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 15 ნოემბერს შეიქმნა. კომისიას 21 ადამიანი წარმოადგენს: 7 "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, 7 ოპოზიციონერი და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. კომისიამ გადამოწმებული სიები ცესკოს 2012 წლის პირველ ივლისამდე უნდა წარუდგინოს, ხოლო პირველი აგვისტოსთვის უკვე დაიდება საბოლოო სია. საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ პირველი სხდომა 17 ნოემბერს გამართა.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ბიუჯეტი თებერვლიდან აგვისტომდე 4 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა.


ამავე თემაზე:

კაციტაძე: კარდაკარის დროს პოლიტიკური აგიტაცია იკრძალება