2012.04.15

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

რელიგია, წერილი,

ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).

ქრისტე აღდგა!

სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!

ქრისტე აღდგა!

სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?!

დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი; "ჩვენც შევიდეთ სახლსა უფლისასა... და ყოველნივე ვიშვებდეთ სერითა მით სარწმუნოებისათა" (წმ. იოანე ოქროპირი).

მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარულის მიზეზი, რატომაა პასექი დღესასწაულთა დღესასწაული?!

მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწრაფვის მისკენ.

ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა და სამყაროში შემოვიდა სიკვდილი. "როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, და ცოდვის მიერ - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ" (რომ. 5.12) ძველი აღთქმის წმიდა და მართალი ადამიანებიც გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში ვერ შედიოდნენ, რადგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით დამძიმებულნი ღვთის წიაღისთვის შეუფერებელნი იყვნენ. ასე რომ, ყველასთვის დაიხშო სასუფევლის კარი.

უფლის სამართალი და კანონზომიერება ითხოვდა, რომ ამ ცოდვის საპირწონე გამოსასყიდი ისევ ადამიანს აღესრულებინა; ხოლო რადგან კაცთა შორის და, ზოგადად, ქმნილებათა შორის, ასეთი არავინ იყო და ვერც გამოჩნდებოდა, გმინავდა სამყარო, ჯოჯოხეთი და სიკვდილი კი ზეიმობდა.

და აი, აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, დაემარცხებინა ბოროტი ძალები და ჩვენთვის კვლავ მარადიული ნეტარება მოენიჭებინა. "სიტყვა გა-ნკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით" (წმ. ათანასე დიდი).

ამქვეყნად უფალი ჩვეულებრივი ადამიანივით მოქმედებდა; ამიტომაც სრულად არავინ იცოდა, ვინ იყო იგი. ეშმაკი მხოლოდ წმინდანს და ღვთის რჩეულს ხედავდა მასში; უდაბნოში გასულ იესოს მან გამოცდა მოუწყო და პირველი დამარცხებაც იწვნია.
მაცხოვარი შემდეგ უკვე თვითონ დევნის ეშმაკს, კურნავს შეპყრობილებს, დავრდომილებსა და კეთროვნებს, თვალს უხელს ბრმებს, აღადგენს მკვდრებს...

ბოროტი სული შეძრწუნებულია და გრძნობს, რომ ადვილად ვერ მოერევა მას. ამიტომაც მისი ნებისადმი ნებაყოფლობით დამორჩილებულ და გაუკეთურებულ ადამიანებს იყენებს თავისი მიზნის განსახორციელებლად.

და აი, იუდა..., სინედრიონი..., პილატეს სამსჯავრო, ჯვარცმა და ძე კაცისას ადამიანური ტკივილით სავსე უკანასკნელი აღმონათქვამი: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი", "უფალო, უფალო, რაისათვის დამიტევე მე".

თითქოს აღსრულდა ფარისეველთა და ჯოჯოხეთის ძალთა წადილი, - მოკვდა იესო; მისი სული და სხეული ერთმანეთს განეშორა, მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, - ქვესკნელში შთავიდა სამყაროს შემოქმედი! ეშმაკი ჰგონებდა, რომ სხვა ადამიანთა მსგავსად შთანთქავდა ჯვარცმულ იესოს, მაგრამ თავად აღმოჩნდა ძლეული. ქრისტე მაცხოვარმა, რომელშიც საღვთო ბუნება ადამიანურ ბუნებასთან იყო შეერთებული, შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, დაამხო მისი ძლიერება, დათრგუნა სიკვდილი და იქ მყოფი მართალთა სულნი ცათა სასუფეველში აიყვანა.
ქრისტემ "ლევაი საკვირველი" მოიმოქმედა. ეშმაკს ყოვლითურთ სძლია და ადამიანს მიანიჭა სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობა, მაგრამ იგი ყველამ პიროვნულად უნდა მოიპოვოს.

გავიხსენოთ უფლის სიტყვები: "მამაო, განადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. რაკი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე..., მისცეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 17,1,2).

ამიტომაცაა ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის და საერთოდ, ქრისტიანული სამყაროსათვის.

მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამქვეყნად მცხოვრებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.

"სასუფეველი ცათა იიძულების" - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, - ჩვენს ნამდვილ "მეს". ამას კი, როგორც გვასწავლის უფალი, მივაღწევთ, თუ შევიყვარებთ მოყვასს, ვითარცა საკუთარ თავს.

მაშ, შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემოქმედს. შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან, - წმ. მამების ეს რჩევა ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ.
ამ გზაზე შეურაცხყოფაც შეგვხვდება და ცილისწამებაც, დაცინვაც და დამდაბლებაც, დაცემაც და აღდგომაც. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ყველაფერი ჩვენი ამპარტავნების წამალია, მწარე, მაგრამ განმაკურნებელი წამალი.

მაგრამ კაცობრიობის ნაწილი ასე სულაც არ ფიქრობს, რადგან არ სჯერათ ღმერთის და მარადიული ცხოვრების.
უღმერთოთა ნაწილი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობის სხვისთვის შექმნაში ხედავს; სხვანი - შვილების ყოლაში, რადგან მომავალს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ არა აქვთ პასუხი თუნდაც ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა მაგ: რა აზრი აქვს გამრავლებისათვის ზრუნვას, თუ შთამომავლობა შენთან ერთად არარაობად უნდა იქცეს? მით უმეტეს, რა აზრი აქვს პროგრესს, კაცობრიობისათვის ზრუნვას, თუ ჩვენი მონაპოვარი მოხმარდება მათ, ვინც ხვალ აღარ იარსებებს?

ეს ადამიანები გარკვეულწილად სხვისთვის ცხოვრობენ, მაგრამ მათი ყოფის მიზანს ასეთი აზროვნება სრულიად აუფასურებს.
ისინი გაცილებით დასაფასებელნი არიან, ვიდრე "ლოგიკურად" მოაზროვნენი, რომელნიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ საკუთარი ბედნიერებისათვის და ასევე ბედნიერად დაამთავრონ ცხოვრება აქ, რადგან მათთვის იმ ქვეყნად არაფერი არ არსებობს.

ეს არის ყველაზე პრიმიტიული დამოკიდებულება სიცოცხლისადმი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში მსოფლიოში სწორედ ამგვარი განწყობისათვის ხდება ხელის შეწყობა.

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ამ მოვლენაზე, რომ უფრო ნათლად გავერკვიოთ რა ვითარებაში გვიწევს ცხოვრება.
საზოგადოებრივი ყოფისადმი "ახალი მიდგომა" ჯერ გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ, ადამიანისათვის დაევიწყებინათ ცოდვის განცდა და ამოქმედდა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის...

და დაიწყო ამგვარი აზროვნების ყველგან დამკვიდრება, რაც არის აჯანყება ზნეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ.
თავისუფლება და ზნეობრიობა ბუნებითია ადამიანისათვის. რომელიმე მათგანის უგულებელყოფა იწვევს პიროვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას.

სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია!
ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია!

ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩევანის გამართლებას სთავაზობს.

საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური "ჭეშმარიტებები". მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული.
თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევას ემსახურება.

ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას!

ამგვარი აზროვნების წესსა და დამოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.
როგორც ჩანს, ამ "ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება, ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა "გმირების" პოპულარიზაცია.

ეკლესიას, რომელიც მის წევრთა პიროვნული ნაკლულევანების მიუხედავად, ყოვლად წმინდაა და სრულიად უცდომელი, ქრისტეს მცნებისამებრ, ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. პირიქით, ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ.

ასეთი დაწესებულებები ბევრ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით აკრძალულია, ხოლო სადაც დაშვებულია, მათ კანონით მკაცრად განსაზღვრული მდებარეობა აქვთ - მოცილებულნი არიან სასწავლო და რელიგიურ დაწესებულებებს, ქალაქის ცენტრს, საზოგადოების დასვენებისა და კულტურული თავშეყრის ადგილებს.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა და მრავალი ხელშემწყობი ფაქტორისა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა და ჩვენმა ხალხმა გაუძლო ამ საცდურს და ზნეობისა და ტრადიციული ღირებულებების დამცველად დარჩა.
ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ მტკიცე ოჯახისა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნას, ამიტომაც გვსურს, რომ გამოვთქვათ ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება:

მიუხედავად ქვეყნის გარკვეული წინსვლისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად კვლავაც დაუცველ ფენას წარმოადგენს; დაბალია ეროვნული წარმოებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი; ბაზარზე დომინირებს იმპორტული საქონელი; არარეალურადაა გაზრდილი გადასახადები, მათ შორის კომუნალური, შემოსავლის წყარო კი, დაბალანაზღაურებადია.

საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს დაინტერესების საგანი. ფრიად სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება კი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია.

თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს დაუბრუნდება შრომის სურვილი.
ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ჯანდაცვის სფერო.

ექიმობა ღვთივკურთხეული და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა. დღესაც მსოფლიოში იგი ყველაზე საპატიო და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ხოლო იქ, სადაც ექიმს არ უჭირავს სათანადო ადგილი და არა აქვს დაფასება, პაციენტს ეკარგება მისდამი ნდობა, რის შედეგადაც პირველ რიგში ზარალდება არა ექიმი, არამედ ავადმყოფი და საბოლოოდ მთელი საზოგადოება; ამიტომ, ვფიქრობთ, ჯანდაცვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს ექიმის კვალიფიკაციის ამაღლება, მათი პრესტიჟის დაცვა და ახალგაზრდა მაღალპროფესიული კადრის აღზრდა.

ავადმყოფის მკურნალობა ასევეა დამოკიდებული ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების გამოყენებაზე, ვინაიდან უვარგისი და ფალსიფიცირებული წამალი შეიძლება საწამლავად ექცეს მას. ამიტომ საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყანაში შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის ხარისხს.

ფრიად სასურველია სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდეს ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც ექვს თვემდე გაზრდა.

დღეს სერიოზულად ზრუნავენ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მათ ადრეულ გამოვლენაზე, რაც ძალიან სწორია და აუცილებელი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სფეროსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, რაც, ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იქნება.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, რადგან ციხეებში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი ისეთი სოციალურად საშიში დაავადებების მძიმე ფორმების გავრცელებისათვის, როგორიცაა თუნდაც ტუბერკულოზი.

აუცილებელია სპეციალური სამსახურების მობილიზება და მათი ინტეგრირებული საქმიანობა, რომ სწორად გატარებული პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებებით თავიდან ავიცილოთ ციხეებში როგორც ამ დაავადების, ისე C ჰეპატიტის, შიდსის და სხვათა გავრცელება, ხოლო უკვე დაავადებულებში - დროული მკურნალობა.

ჩვენი ტკივილია, რომ საქართველოს პენიტენციარულ დაწესებულებებში ძალიან ბევრი პატიმარია, მათ შორის დიდია არასრულწლოვანთა და ქალთა რაოდენობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა. ამასთან, იქნებ ვიზრუნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, მიმაგრების და სხვა ალტერნატიული სასჯელების ამოქმედებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომელნიც საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ.

კარგი იქნება, ციხეებში შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებას. რეალიზებული ადამიანი კი საზოგადოებისათვის ნაკლებსაშიშია.

აუცილებელია ამოქმედდეს კანონი სასჯელის გადავადების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს უფლება მიეცეთ, დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება და გამოჯანმრთელებამდე დარჩნენ და იმკურნალონ ოჯახურ გარემოში ახლობლების მზრუნველობის ქვეშ.
პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა.

ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ?

ღმერთი სულია, - წერს პავლე მოციქული, - და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. (II კორ.3,17).

ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.

თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედეგიც არის შემოქმედთან მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განღმრთობა.

რომელი მიწიერი კეთილდღეობა შეიძლება შეედაროს იმას, რასაც უფალი თავის მორწმუნეთ უმზადებს?!
"საერთოდ, ყველა ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია" - წერს II-III საუკუნეების ცნობილი მწერალი ტერტულიანე.
ასე რომ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას.

ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.
ძველი ნათქვამია: მსგავსი მსგავსს შეჰხარის და შეიცნობსო.

ბუნებრივია, სადაც სიბნელეა, იქ სინათლე ვერ იქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობისა და ცოდვის გარემოში.

ხოლო ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსებით სურს, ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომის ნათლით და ქრისტეში მარადიული ნეტარების დამკვიდრების სასოებით; რომ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი სასუფევლის მოპოვებაა, დანარჩენი ყველაფერი, - სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, მეგობრები და ყოველივე ამქვეყნიური მოღვაწეობა ამ მიზნით უნდა იყოს წარმართული. უფალი ბრძანებს - მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული (გამოცხ. 1.8); მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც ჰსწამს ჩემი, კიდეც, რომ მოკვდეს, იცოცხლებს (ინ. 11,25).

ჩემო სულიერო შვილებო, აფხაზნო, ოსნო, უკრაინელნო, ქართველნო, ბერძენნო, ასირიელნო, აზერბაიჯანელნო, რუსნო, სომეხნო და ქურთნო, უდინნო, იეზიდნო და სხვანო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო, ჩვენ გვწამს, რომ ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისათვის, რომ ჩვენში მომკვდარიყო ცოდვა. მაშ, მოვკვდეთ ცოდვისთვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე!
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

 

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი